ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: მოვახერხეთ, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნებით ჩანაცვლდა

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციამ მოახერხა, რომ საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება დემოკრატიული არჩევნების გზით პირველად მოხდა. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ოცნების ლიდერმა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში გადადის.

”გუშინ გავაკეთე მინიშნება და მოვუწოდე, რომ მას კიდევ დარჩა შანსი, ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინა საკუთარი სახე, პირადად სააკაშვილს სხვა გზა არ დავუტოვეთ გარდა მსგავსი განცხადებისა. ამით მე მას გარკვეულწილად ბოლო დახმარება გავუწიე. ევროპული ქვეყნების, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და აშშ-ის პრინციპულმა პოზიციამ და ჩვენმა სწორმა ქმედებამ ერთდროულად მოახერხა ის, რომ სააკაშვილმა შეძლო დღეს ასეთი განცხადების გაკეთება, რაც ჩვენს ისტორიაში უპრეცედენტოა.” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან სწორი ნაბიჯი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იქნება.

კოალიციის ლიდერის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მომავალ ოპოზიციად მოიაზრება, არავითარი პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და განსხვავებული პოზიცია გააჩნდათ. ივანიშვილის განცხადებით, გამონაკლისები ის პირები იქნებიან, ვისაც სამართალდარღვევა, სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია.

"ახალაიას დასჯის მოთხოვნით ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა. მაგ კაცისგან იმდენი ხალხია გამწარებული და მისი დასჯის მოთხოვნით იმდენი სარჩელი შევა, რომ ჩემი ჩარევა არ დასჭირდება. გპირდებით, რომ შევქმნი რეალურ სასამართლოს და ყველას ექნება საშუალება, რომ მას მიმართოს". - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები