რელიგია

სახარება ქრისტეს ცოლისგან

ცოტა ხნის წინ ჰარვარდის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა კარენ კინგმა რომში განაცხადა, რომ იპოვა უძველესი პაპირუსი, სადაც ქრისტეს ცოლი, ქალი-მოციქულია მოხსენიებული.

პაპირუსის მომცრო ნაგლეჯზე წერია: „და უთხრა ქრისტემ მათ: ჩემი ცოლი, ის იქნება ჩემი მოწაფე”. როგორც ნაპოვნი ფრაგმენტი მოწმობს, ადრექრისტიანულ ეპოქაში ქრისტიანთა ნაწილს სწამდა, რომ იესო დაქორწინებული იყო. კვლევაში კინგი წერს – ეს ერთადერთი უძველესი ტექსტია, რომელშიც იესო პირადად ამბობს, რომ მას ცოლი ჰყავს. პაპირუსის ფრაგმენტი 33 სიტყვისგან შედგება, რომლებიც 14 არასრულ ხაზზეა დაწერილი, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

კინგი აღნიშნავს, რომ ნაპოვნი პაპირუსი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი უძველესი ტექსტია, სადაც ქრისტე საკუთარ ცოლზე საუბრობს. თუმცა დოკუმენტი არ წარმოადგენს პირდაპირ დადასტურებას, რომ ქრისტიანთა რელიგიის დამაარსებელი, როგორც ისტორიული პერსონა, დაქორწინებული იყო. ფრაგმენტი უფრო გვიანდელი ასაკისაა და დაწერილია ქრისტეს გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, სავარაუდოდ, მეორე საუკუნის მეორე ნახევარში.

„თუ მეორე საუკუნე სწორედ ის დროა, როცა ეს ფრაგმენტი დაიწერა, მაშინ ის წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ადრექრისტიანულ ეპოქაში, იესოს გარდაცვალებიდან დაახლოებით ასი წლის შემდეგ, ქრისტიანები დავობდნენ ქრისტეს ქორწინების შესახებ, სქესობრივი მორალისა და ქორწინების კონტექსტში”, – განაცხადა კინგმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრაგმენტთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა ღიაა, მისმა აღმოჩენამ მალევე გახსნა დებატები ქრისტეს ოჯახური მდგომარეობის შესახებ, იყო თუ არა ის დაქორწინებული მარიამ მაგდალინელზე და ჰყავდა თუ არა ქალი მოციქულები. როგორც აღმოჩნდა, ეს დავები, რომელსაც უკანასკნელად ბიძგი დენ ბრაუნმა მისცა, სათავეს ქრისტიანობის ჩანასახშივე იღებს.

ქრისტეს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ყოველი დეტალი, მნიშვნელოვანი დოგმატებისა და მორალური შეხედულებების წარმოქმნის საფუძველია. ეს გასაკვირი არ არის – თუ ღმერთი იქცა კაცად, მაშასადამე, მისი ნებისმიერი ქმედება თუ გადაწყვეტილება, ლოგიკურია, რაღაც მნიშვნელოვანს უნდა გვასწავლიდეს მორალისა და ეთიკის საკითხებში. დავა დღესაც აქტუალურია მრავალ საკითხთან დაკავშირებით – მაგალითად, შეიძლება თუ არა ქალთა მღვდლად კურთხევა? თუ ქრისტემ საკუთარი ცოლი მოციქულად გაიხადა, ხოლო ეპისკოპოსები მათი მემკვიდრეები არიან – რატომ არ შეიძლება ეკლესია მართოს ქალმა? აღმოჩენამ ქალთა ქიროტონიის მომხრეები კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

როგორც ჩანს, პაპირუსის ნაგლეჯი მეოცე საუკუნეში კერძო კოლექციონერის პირად არქივში ინახებოდა. სწორედ მფლობელი დაუკავშირდა ჰარვარდელ პროფესორს და ტექსტის ამოკითხვა სთხოვა. კოპტურ ენაზე შესრულებული წარწერა კი მალევე მოინათლა „იესოს ცოლის სახარებად”.

რასაკვირველია, სრულადაც რომ დამტკიცდეს პაპირუსის ავთენტურობა, ეს ეკლესიისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ქრისტიანმა მღვდლებმა უკვე შეახსენეს მეცნიერებს, რომ მათთვის ნაცნობია სახარების კანონიკური ტექსტის გვერდით, სხვა, ე.წ. აპოკრიფების არსებობა და მიუხედავად იმისა, რა წერია მათში, ეკლესიისთვის ეს არაფერს ნიშნავს.

ლუკა მოციქული სახარების შესავალში ამბობს: „რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე”. ამრიგად, კანონიკური სახარებაც კი აღიარებს, რომ ქრისტეს შესახებ მაშინ ბევრი წერდა, ხოლო მოციქულებს უხდებოდათ მათ წინააღმდეგ ნამდვილი ისტორია მოეთხროთ. ასე სწამს ეკლესიას და სწორედ ამიტომ, ის იმუნურია ნებისმიერი ახალი, აპოკრიფული სახარების აღმოჩენისას.

 

კომენტარები