რელიგია

დაგმე მიშა

„წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს, არჩევნების წინაპერიოდში, განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი”, – ნათქვამი იყო 5 ივლისის წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მსგავსი განჩინება წლების წინაც მიიღო, სადაც სასულიეროთა პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის უფრო ვრცელ ჩამონათვალს ვხვდებით. 2003 წელს, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდთან ერთად, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და საქართველოს პარლამენტს მიმართავდა:

„ნებისმიერი სასულიერო თუ საერო პირი, ანდა პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება წარმოაჩინოს ეკლესია რომელიმე პარტიის მხარდამჭერად, ნებსით თუ უნებლიეთ ეროვნული ინტერესების და ეკლესიის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც სასულიერო პირებს წმ. სინოდის დადგენილებით აკრძალული აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიის წევრობა და მათი საჯაროდ მხარდაჭერა”.

ის, რასაც პატრიარქი ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევდა, ჩვენ მრავლად ვნახეთ განვლილ საპარლამენტო არჩევნებსა თუ წინასაარჩევნო პერიოდში. სასულიერო პირები ღიად და აქტიურად აკეთებდნენ სინოდალური დადგენილებების საპირისპიროს. ეკლესიის ოფიციალური ნეიტრალიტეტის პარალელურად, ყველა რანგის სამღვდელო პირი დაუფარავად ავლენდა სიმპათიას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ და მის სასარგებლოდ აგიტირებდა. ეკლესია, ისევე როგორც მრევლი, პოლიტიკური ნიშნით ორად გაიყო.

„ეს არჩევნები დაუსვამს ჩვენს ერს სულიერ დიაგნოზს, რამდენი პროცენტია ჯანსაღი და რამდენი არაჯანსაღი”, – ამბობს არჩევნების შემდეგ ფოთში ჩასული მეუფე იობი ქართული ოცნების ოფისში, ეკა ბესელიასთან საუბრისას. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი ფიქრობს, რომ მოსახლეობის არაჯანსაღი ნაწილი ის 41%-ია, რომელმაც ხმა ნაციონალურ მოძრაობას მისცა.

თუმცა ფოთში, სადაც მეუფე იობმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ადგილობრივი ეპისკოპოსი გრიგოლ ბერბიჭაშვილი საპირისპირო

მიტროპოლიტი იობი
პოზიციაზე დგას. მის დაქვემდებარებაში მყოფ მღვდელს, რომელმაც ქართული ოცნების იგივე ოფისი აკურთხა, მან სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ფოთისა და ხობის ეპარქიაში ქართული ოცნების ოფისის კურთხევას იქამდე ოთხი მღვდელი არ დათანხმდა. ეს სწორედ ის მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილია, რომელსაც ფოთის მშენებარე საკათედრო ტაძრის ეზოში მიხეილ სააკაშვილის ბანერი ჰქონდა გამოკრული. ჟურნალისტი, რომელმაც ამასთან დაკავშირებით კითხვა დასვა, ადგილობრივი ეპისკოპოსის თანმხლები მღვდლების ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლად იქცა. პატრიარქის მდივანმა კი განაცხადა, რომ მეუფე ნაციონალური მოძრაობის ღია მხარდამჭერია.

„მე ხმას არ მივცემ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემაა”, – ასე მიმართა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა მიუნხენის ქართულ სალოცავში შეკრებულ ემიგრანტებს. მეუფე აბრაამთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის ყველაზე აქტიური აგიტატორი მეუფე კალისტრატე მარგალიტაშვილია, მან არაერთხელ შეადარა პრეზიდენტი დავით აღმაშენებელს.

პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, მეუფე სპირიდონ აბულაძე ამბობდა, რომ პატიმრების წამება ჰომოსექსუალებმა და დასავლეთის ელჩებმა შეუკვეთეს საქართველოს ხელისუფლებას. „საიდან მოდის ეს სიგლახე და სიბილწე? ვინც უკვეთავს, ვინც აძლევს ფულებს ამ ჩვენს ხალხს, პოლიტიკოსებს და ხელისუფლებას ისინი უკვეთავენ ამას. თქვენ იცით, რომ ბოდიში და იმ პიდარასტების, მამათმავლების და ლეზბიანკების პარადი თბილისში რომ იყო და გამოვიდნენ და პროტესტი განაცხადეს, სოკოებივით ამოვიდნენ იქვე ამერიკის, ინგლისის, ჰოლანდიის, საფრანგეთის ელჩები და თქვეს, რას ქვია, რომ თქვენ უბედავთ ამას ნუ აკეთებენო, როგორო, უნდა გააკეთონო. აი, საიდან მოდის სათავე, აი, ვინ არის ამის ყველაფრის სატანური ავტორი”.

პენიტენციარულ სისტემაში გამოვლენილი სადისტური ფაქტები, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დასავლური ღირებულებების უხეშ შელახვას წარმოადგენდა, სასულიერო პირთა ქადაგებებში, სწორედ დასავლური სულიერი ოკუპაციის სახედ წარმოგვიდგებოდა. მრავალი სასულიერო პირი გამოთქვამდა მეუფე სპირიდონის მსგავს მოსაზრებას. ანტიდასავლური ფასეულობების მქადაგებელი სასულიერო პირები თუ მათი მრევლი, პრობლემას სწორედ ამ კონტექსტში განიხილავდნენ.

უნდა ითქვას, რომ წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ქუჩაში, თბილისის საკურთხებლად თუ პროტესტის გამოსახატად გამოსული ახალგაზრდობის უმრავლესობა, ღირებულებათა კვლევის მიხედვით, არცთუ სახარბიელო ფასეულობებზე დგას. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს რელიგიის დიდ მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. რესპონდენტთა უდიდესი ნაწილისთვის (65.9 პროცენტი) ქრისტიანობა უფრო მეტად წარმოადგენს თვითიდენტურობის საფუძველს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა (34.1 პროცენტი).

გამოკითხულთა უმეტესობა საერო და რელიგიური სფეროების ერთიანობის მომხრეა. თითქმის ნახევარს (49.4 პროცენტი) მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ, არ უნდა იყვნენ არჩეული მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე. გამოკითხულთა უმრავლესობა (53.1 პროცენტი) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რელიგიური ლიდერები არ უნდა ერეოდნენ ქვეყნის მართვის საკითხებში. უმრავლესობა ასევე არატოლერანტულად არის განწყობილი სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ.

რელიგიურობა თავისთავად არ ნიშნავს ფუნდამენტალისტურ ან ქსენოფობიურ განწყობებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაც თავს რელიგიურად მიიჩნევს, სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპი მათთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. რელიგიურ პლურალიზმში დაბადებული ქვეყნისთვის, ტოლერანტობა და განსხვავებული აზრის პატივისცემაც ბევრად მაღალი ხარისხისაა. ჩვენთან სურათი სამწუხაროდ საპირისპიროა. ეკლესიის მხრიდან აშკარა საშინელებების გვიანი, თუმცა მაინც გაპროტესტება, არ ნიშნავს, რომ პროტესტი თავისუფალი ღირებულებების კონტექსტიდან მოედინებოდა. სამწუხაროდ, ეს დანაშაულებრივი ფაქტები კვლავ ადამიანის ღირსების საწინააღმდეგო ფასეულობების ქადაგებისთვის იყო გამოყენებული.

უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, ამგვარი საზოგადოებრივი განწყობის გამო, მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურ პრაგმატიზმზე იყო დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ცდილობდა რელიგიური უმცირესობების ინტერესების დაკმაყოფილებასაც, მაგალითად, მათთვის რეგისტრაციის წესის ცვლილებით, ის საბოლოოდ რჩებოდა ქვეყნის ყველაზე სანდო რელიგიური ინსტიტუტის კონიუნქტურის ქვეშ. ეკლესია მას ხშირად აძლევდა ლეგიტიმაციას, იქნებოდა ეს სამების ტაძარს მიმდგარი პოლიტიკური ოპოზიციის „სახლში გაბრუნება” თუ საქართველოს პრეზიდენტის მეორედ არჩევის შემდეგ, ბაგრატის ტაძარში საზეიმო ფიცის დადება.

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველოს ეკლესიამ საკუთარი გავლენა კიდევ უფრო გაზარდა. ის ყოველწლიურად ბიუჯეტიდან იღებდა მილიონობით ლარს, ხელისუფლება უბრუნებდა და ჩუქნიდა მას საეკლესიო მიწებს, უშენებდა ტაძრებს და

მიტროპოლიტი გრიგოლი
პირადი ფუფუნების ნივთებით ამარაგებდა უმაღლეს იერარქიას. მათ შორის, ამის სანაცვლოდაც, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იყო.

თუმცა ნეიტრალიტეტი, რომელსაც ეკლესია საკუთარი სასულიერო პირებისთვის აცხადებდა, საეკლესიო ორგანიზმში შეუძლებელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და წმინდა სინოდი არ სჯიდა არც საკუთარ წევრებს და არც სასულიერო პირებს, რომლებიც ღიად არღვევდნენ სინოდალურ განჩინებას. პატრიარქი ლოიალურად ეკიდებოდა პოლიტიკური აგიტაციით დაკავებული მღვდლებისა თუ ეპისკოპოსების ქცევას. ეს მაშინ, როცა სინოდის სხვა დადგენილების დარღვევისას ეკლესია გაცილებით მკაცრი იყო საკუთარი გადაწყვეტილებების დაცვაში.

არჩევნების დღეს სასულიერო პირთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა მნიშვნელოვანწილად ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავდით, როგორ დადიოდნენ მღვდლები უბნიდან უბანზე, ანათემით აშინებდნენ არჩევნების გამყალბებლებს და საარჩევნო უბნებზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ემუქრებოდნენ.

ხელისუფლების მხარდამჭერი სასულიერო პირები ყოველთვის უფრო ნაკლებაქტიურ საეკლესიო ნაწილს წარმოადგენდნენ, ვიდრე მეუფე იობის გარშემო შეკრებილი ანტიდასავლური რელიგიური ჯგუფები. ეკლესიის შიგნით არსებული ეს რელიგიური ჯგუფი ყველაზე ძლიერ სოციალურ კაპიტალს ფლობს, ისინი მზად არიან საკუთარი იდეებისთვის ქუჩებში გამოვიდნენ, მრევლი დარაზმონ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ფიზიკურად თუ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამგვარი აქტიურობა არ ახასიათებთ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ.

დღევანდელი მდგომარეობით, საეკლესიო ორგანიზმის ეს ყველაზე უფრო აგრესიული ჯგუფი, სავარაუდოდ, საკუთარ გავლენას

ეპისკოპოსი სპირიდონი
გაზრდის. თუ წინა ხელისუფლებამ, მისი ზოგიერთი უკანონო და ძალადობრივი ქმედება დასაჯა, რამაც ფუნდამენტალიზმის ტალღა გარკვეულწილად შეაჩერა, დღეს საპირისპიროს ვხედავთ. ასავალ-დასავალის რედაქციის წინ გამართულ აქციაზე, სადაც საზოგადოების ნაწილი ბადრაგების პირადი მონაცემების გამოქვეყნების წინააღმდეგ შეიკრიბა, ფუნდამენტალისტურმა ჯგუფებმა მათი დაშლა სცადეს.

„დაგმე მიშა, დაგმე მიშა” მოუწოდებდა მღვდელი ერთ-ერთ მონაწილეს, რომლის უკანაც იდგა ხალხი და ყვიროდა, რომ ლიბერალების დრო წავიდა. საარჩევნო პროცესში, ქართული ოცნების სასარგებლოდ სწორედ ამგვარი აქტიური მართლმადიდებლური ჯგუფები იბრძოდნენ, რამაც მოცემულ პარტიას დიდი ბენეფიტები მისცა.

ამ რელიგიურ-პოლიტიკური აგიტაციის პარალელურად, მრევლი ალბათ უნდა დაფიქრდეს, რამდენად გამოხატავს სასულიერო პირი ღვთიურ აზრს, როცა ის რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ქადაგებს. ბოლოსდაბოლოს, შეუძლებელია მეუფე კალისტრატესა და მეუფე იობის პოზიციები პოლიტიკაზე თანაბრად კურთხეული იყოს ზეციდან, რადგან ისინი უბრალოდ ურთიერთსაპირისპიროს ამბობენ. ღმერთი კი, როგორც ეკლესია ამბობს, ყოველთვის ერთ აზრზე დგას.

 

კომენტარები