ნობელის პრემია

მაჭანკლობის ეკონომიკური საფუძვლები

ნობელის პრემია შესაფერისი წყვილის ალგორითმის ავტორებს გადაეცათ

ლოიდ შეფლი და ელვინ როთი

ბევრ თქვენგანს ალბათ ნანახი აქვს ჰოლივუდის ფილმი „ჰითჩი”, უილ სმიტისა და ევა მენდესის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა. ჰითჩი (უილ სმიტი)ნიუ იორკის ყველაზე წარმატებული მაჭანკალია, რომელიც ამ ბაზარზე ანონიმურად მუშაობს და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დიდ საფრთხეს შეუქმნის გოგო, რომელიც მოსწონს – ტაბლოიდის ჟურნალისტი სარა მელასი (ევა მენდესი).

თუკი ეს ფილმი ნანახი გაქვთ, სწრაფი პაემნების სცენაც გემახსოვრებათ: სპეციალური დიდი ოთახია. გრძელი მაგიდა დგას. მაგიდის ერთ მხარეს კაცები სხედან, მათ პირდაპირ კი ქალები. ერთმანეთს კითხვებს უსვამენ და პასუხობენ. თუ ერთმანეთი მოეწონებათ, პაემანზე მიდიან, თუ – არა, ერთი ადგილით გადაინაცვლებენ და ახალ პარტნიორთან იწყებენ გასაუბრებას.

სცენა სახალისოა და ჰოლივუდისთვის დამახასიათებელი ტკბილი დრამატიზმითაც ვითარდება, თუმცა ეკრანებს მიჯაჭვულ თქვენს დიდ უმეტესობას ალბათ თავში აზრადაც არ მოუვა, რომ რასაც ეკრანზე უყურებს, სინამდვილეში მეცნიერული ალგორითმია, რომლის შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვისთვის 2012 წელს ორი ეკონომისტი – ელვინ როთი და ლოიდ შეფლი, არც მეტი, არც ნაკლები, ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

ლოიდ შეფლი თანამედროვე მაჭანკლობის ნათლია 50 წლის წინ გახდა, როცა დაწერა სტატია, სადაც ცდილობდა პასუხი გაეცა კითხვისთვის – როგორ შეძლებდნენ ინდივიდები ჯგუფში დაწყვილებას, როცა მათ საუკეთესო პარტნიორის შესახებ განსხვავებული შეხედულებები და წარმოდგენები ექნებოდათ.

შეფლის შრომა მოგვიანებით კიდევ უფრო განავითარა ელვინ როთმა, რომელმაც ამ მიდგომას სხვა პრაქტიკული გამოყენებაც უპოვა – მაგალითად, როგორ შეიძლება მოსწავლეს შესაფერისი სკოლა შევურჩიოთ, ან ერთმანეთთან დავაკავშიროთ თირკმლის დონორები და მიმღებები.

ბოლო წლებში ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის უმეტესობა ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწე ეკონომისტები და მკვლევრები არიან. 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე, 28 გამარჯვებულიდან მხოლოდ ორს არ ეკავა მუდმივი თანამდებობა ამერიკულ უნივერსიტეტში.

2012 წლის ნობელიანტები ამ ტენდენციას აგრძელებენ. 60 წლის ელვინ როთი ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროფესორია, რომელიც პარალელურად სტენფორდის უნივერსიტეტშიც ასწავლის. 89 წლის ლოიდ შეფლი კალიფორნიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. ნობელის კომისიის გადაწყვეტილებით, მათი მთავარი დამსახურება ეკონომიკის პრაქტიკული მხარის წინა პლანზე წამოწევა და ეკონომიკის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში აქტიურად დანერგვა გახდა. ამერიკელი პროფესორები წლიურ ჯილდოს – 1.2 მილიონ აშშ დოლარს გაიყოფენ.

მათი ნაშრომი დაწყვილებას ეხება – როგორ მოვახერხოთ, რომ ეკონომიკურმა აგენტებმა საუკეთესო წყვილი იპოვონ ბაზარზე, სადაც ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.

ამ ამოცანის გადაჭრა როთმა და შეფლიმ დამოუკიდებლად სცადეს. ამისთვის მათ სპეციალური, ე.წ. დაწყვილების ალგორითმი შეიმუშავეს. შემდეგ კი სხვადასხვა ტიპის ბაზრებზე გამოსცადეს. მათ შორის, მოსწავლეებისთვის ნიუ იორკში შესაფერისი სკოლების შესარჩევად გამოიყენეს. ასევე, თირკმლების დონორების და შესაბამისი პაციენტების დასაწყვილებლად ამერიკის საავადმყოფოებში.

ნობელის კომისიამ განსაკუთრებით სწორედ ამ უკანასკნელი კვლევის პრაქტიკულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საქმე ისაა, რომ ფედერალურმა მთავრობამ ამერიკაში უკანონოდ გამოაცხადა საკუთარი თირკმლის გაყიდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თირკმლებით დაავადებულებისთვის ბაზარზე ამ ორგანოს დეფიციტი შეიქმნა. პრობლემის გადასაჭრელად როთმა ბაზრის დიზაინის მიდგომა გამოიყენა: ანუ ჯერ შეისწავლა იმის მიზეზები, თუ რატომ ვერ მუშაობს გამართულად კონკრეტული საბაზრო ინსტიტუტები და შემდეგ ბაზარზე ალტერნატიული მექანიზმის დანერგვა სცადა. ასეთი მექანიზმი თირკმლის გაცვლის პროგრამა აღმოჩნდა, სადაც ძირითადად ოჯახური წყვილები მონაწილეობენ. მათ, ვისაც თირკმლის შეუთავსებლობა აწუხებთ, შეუძლიათ საკუთარი თირკმელი სხვა მსგავსი პრობლემის მქონე წყვილს გაუცვალონ. შესაბამისად, თირკმლის დონორები და მიმღებები ნებაყოფლობით წყვილდებიან.

როთის მიდგომით დეფიციტის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან ეს გამოსავალი ბარტერს ეფუძნება: ბაზარზე ერთადერთი მიმწოდებლები მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც, თავის მხრივ, ჯანმრთელ თირკმელს საჭიროებენ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად. თუმცა როთის ალტერნატიული სისტემა ადამიანების იმაზე დიდ ნაწილს უნარჩუნებს და უხანგრძლივებს სიცოცხლეს, ვიდრე ეს ფედერალური აკრძალვის პირობებში დამოუკიდებლად მოხდებოდა.

ორიგინალი კვლევა, რომელსაც როთის „ბაზრის დიზაინის” თეორია დაეყრდნო, შესაფერისი წყვილის მოძებნის იდეის ექსპერიმენტირებისთვის ქორწინებას განიხილავდა. 50-იან წლებში შეფლიმ და დევიდ გეილმა, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა, გამოიკვლიეს, თუ როგორ შეიძლება, რომ ათმა მამაკაცმა და ამდენივე ქალმა დაქორწინების მიზნით საუკეთესო წყვილი იპოვოს.

ექსპერიმენტში, რომელიც დღეს ონლაინპაემნების ან სამაჭანკლო შოუების აკადემიურ წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს, ქალები და მამაკაცები ერთმანეთს პაემანზე ეპატიჟებოდნენ. ისინი, ვისაც უარით გაისტუმრებდნენ, ახალი პარტნიორის ძიებას დაუღალავად აგრძელებდნენ მანამ, სანამ ათივე ქალი და მამაკაცი შესაფერის წყვილს არ შექმნიდა.

მათემატიკურად, ალგორითმი „სტაბილურ დაწყვილებას” იწვევს. რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ადამიანი წყვილის გარეშე არ დარჩება. თუმცა თავისი გადაწყვეტილებით უფრო კმაყოფილი იქნება ის, ვინც პაემანზე პატიჟებს და არა ის, ვისაც პაემანზე ეპატიჟებიან, რადგან პირველ შემთხვევაში პარტნიორის არჩევანი ბევრად უფრო მეტია.

ეკონომიკაში 2012 წლის ნობელიანტების დაჯილდოებისას, ნობელის კომისიამ აღნიშნა, რომ „შეფლის ძირითადი თეორიისა და როთის ემპირიული კვლევების კომბინაცია მყარ საფუძველს ჩაუყრის ბაზრის დიზაინის ახალ კვლევებს და ბევრი ბაზრის მუშაობას გააუმჯობესებს”.

თავისუფალი ბაზრის მომხრე ბევრი ეკონომისტი ამ დასკვნას არ ეთანხმება. მათთვის თირკმლის დეფიციტი ფუნდამენტურად მხოლოდ მაშინ მოგვარდება, თუ ბაზრის დიზაინის ნაცვლად, ფედერალური მთავრობა ბაზრის უბრალოდ არსებობას დაუშვებს. თირკმლის გაყიდვის აკრძალვა არსებითად ნიშნავს ფასის კონტროლს – ამ შემთხვევაში ნულოვანი ფასის დაწესებას, რაც დეფიციტს იწვევს. ჯანმრთელ თირკმელზე მოთხოვნა მაღალია: ამერიკის ბაზარზე ათასობით „მთხოვნელი” არსებობს. არსებობს ათასობით პოტენციური მიმწოდებელიც, რომლებსაც უფასოდ საკუთარი თირკმლის დათმობა არ უღირთ. დეფიციტი იმ შემთხვევაში აღმოიფხვრება, თუ სურვილის შემთხვევაში ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ორგანო გაყიდონ.

როგორც ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი დევიდ ჰენდერსონი ამბობს, „მას შემდეგ, რაც ნობელის მშვიდობის პრემია ისეთ ამორფულ ერთეულს მიენიჭა, როგორიც ევროკავშირია, იქნებ მომავალში ჯილდო დაიმსახუროს თავისუფალმა ბაზარმაც, რომელიც თირკმლის პრობლემების მქონე იმაზე გაცილებით მეტ ადამიანს გადაარჩენს, ვიდრე ბაზრის დიზაინის ნებისმიერი ალგორითმი”.

 

 

კომენტარები