SETI

SETI და არამიწიერი ცივილიზაციები

0 კომენტარი

წლის თებერვალში, დედამიწიდან 6 მილიარდი კმ-ით დაშორებული კოსმოსური ხომალდი, ვოიაჯერ-1 დედამიწისკენ შემოტრიალდა, კამერები მომართა, ფოკუსი გაასწორა და ფოტო გადაუღო. ფოტოზე აღბეჭდილმა გამოსახულებამ მეცნიერები მონუსხა, ვინაიდან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ფოტოზე რამდენიმემილიონ პიქსელს შორის ფერმკრთალი ცისფერი წერტილი, პლანეტა დედამიწა იწონებდა თავს. 1994 წელს ასტროფიზიკოსმა კარლ საგანმა ამ ფოტოს ამავე სახელწოდების წიგნი („ფერმკრთალი ცისფერი წერტილი”) მიუძღვნა, სადაც ჩაუფიქრდა შეკითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ფოტოზე გამოსახული უთვალავი წერტილიდან მხოლოდ დედამიწაზე იყოს სიცოცხლე?! ეს შეკითხვა ცნობილ ასტროფიზიკოსს მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდა. 1960-იან წლებში სწორად ამ შეკითხვაზე პასუხის ძიებამ განაპირობა SETI-ის, ანუ არამიწიერი ცივილიზაციების ძიების (SETI – Search for extraterrestrial intelligence) გარშემო შეკრებილი საზოგადოების ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ დიდ საკაცობრიო მნიშვნელობის მისიაში გადაიზარდა.

SETI-ის შექმნის თარიღად 1959 წელს ასახელებენ, როდესაც ჟურნალში Nature ფილიპ მორისონის და ჯუზეპე კოკონის სტატია, „ვარსკვლავთშორისი კომუნიკაციების ძიება” გამოქვეყნდა. სტატიაში გამოთქმული იყო ჰიპოთეზა, რომ რადიოასტრონომიის განვითარების იმ ეტაპზე უკვე შესაძლებელი იყო არამიწიერი ცივილიზაციების აღმოჩენა. რადიოს გამოყენების იდეა არამიწიერი ცივილიზაციების საძიებლად ჯერ კიდევ ნიკოლა ტესლამ გამოთქვა მე-19 საუკუნის მიწურულს, თუმცა იდეის რეალიზაცია არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა. დღესდღეობით SETI-ის არამიწიერ ცივილიზაციათა საძიებო ცენტრები სადმე უდაბნოში, ან დაუსახლებელ ადგილას განლაგებულ რადიოტელესკოპების დიდ მასივებს წარმოადგენს, რომლებიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ასკანერებენ რადიოსიხშირეებს ცის თაღის ამა თუ იმ უბანზე. მიღებულ სიგნალებს სუპერკომპიუტერები „ჭკვიანი” ალგორითმების საშუალებით შიფრავენ იმის იმედით, რომ მონოტონური შიშინის ნაცვლად რაიმე სახის „შეტყობინებას” აღმოაჩენენ.

გასულ კვირას ავსტრალიის უკიდურეს დასავლეთში, მერჩისონში, 400-მილიონდოლარიანი პროექტის პირველი ფაზა დასრულდა, სადაც 12 მეტრი დიამეტრის მქონე 36 რადიოტელესკოპი უკაცრიელ ტრამალზე დაამონტაჟეს და ცის მიყურადება დაიწყეს. რადიოტელესკოპების ეს მასივი დღესდღეობით ყველაზე მძლავრია დედამიწაზე, სიმძლავრით თითქმის 300-ჯერ აღემატება წინამორბედებს. ის წამში აგენერირებს 40 გიგაბაიტ ინფორმაციას, რომელსაც სუპერკომპიუტერების კლასტერი ამუშავებს. ავსტრალიის მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველაზე დიდი პრობლემა პროექტის ფარგლებში ისეთი გამოთვლითი ცენტრის შექმნა იყო, რომელიც ასეთი რაოდენობის ინფორმაციის გამტარობას გაუძლებდაო”. მერჩისონი საგანგებოდ იქნა არჩეული, ვინაიდან 50 ათას კვ.მ. ფართობზე (საქართველოს ფართობის დაახლოებით 70 %) სულ 120 მოსახლე ცხოვრობს. შესაბამისად, გარე მოწყობილობების მიერ გენერირებული რადიოსიგნალები თითქმის არ არსებობს და ამიტომ მერჩისონის ველი მისაყურადებლად იდეალურ ადგილს წარმოადგენს.

SETI-ის რადიოტელესკოპების მასივების შესახებ მეცნიერთა აზრები იყოფა. სკეპტიკოსები ამხელა რესურსის ხარჯვას ამაოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, თუ სადმე სხვა ცივილიზაცია არსებობს, ის ჩვენგან ძალიან იქნება დაშორებული და სიგნალების დაჭერის შანსიც თითქმის არ არსებობს. ზედმეტად პესიმისტები, მაგალითად, მიჩიო კაკუ, იმასაც ამბობენ, რომ ამან შეიძლება კაცობრიობის ცივილიზაციის დაღუპვას შეუწყოს ხელი, თუკი ეს სიგნალი ჩვენზე განვითარებული ცივილიზაციის მქონე არამიწიერ არსებებამდე მივა. ოპტიმისტები კი იმედოვნებენ, რომ ცისფერი ფერმკრთალი წერტილიდან გაშვებულ სიგნალებს სადმე შენიშნავენ და მისიაც შესრულდება − დამყარდება კონტაქტი!

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები