ვენესუელა

ისევ ჩავესი

0 კომენტარი

ჩავესის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ
ოქტომბერს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესი მეოთხე ვადით აირჩიეს. მას მხარი ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა. მისმა მოწინააღმდეგემ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა ხმების დაახლოებით 45% მიიღო.

მას შემდეგ, რაც 1999 წელს ჩავესი ვენესუელის ხელისუფლებაში მოვიდა, ეს მისთვის მესამე საპრეზიდენტო არჩევნებია. მან ოპოზიციის კანდიდატს ამჯერადაც დამაჯერებელი უპირატესობით სძლია. თუმცა, წინამორბედებისაგან განსხვავებით, 2012 წლის არჩევნების შედეგები ჩავესისთვის ნაკლებად იმედის მომცემია, რადგან 2000-2006 წლების არჩევნებში მან 22-26%-ით გაიმარჯვა. 7 ოქტომბერს კი ნათელი გახდა, რომ ჩავესი ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევრისთვის მიუღებელია. ამას ემატება გაერთიანებული ოპოზიციის ფაქტორიც – ის ასე ერთიანი არასდროს ყოფილა.

ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი
მეოთხე ვადით პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ჩავესი 10 იანვრიდან შეუდგება. პოლიტიკური მიმომხილველები ხშირად სვამენ კითხვას, მისცემს თუ არა ფიზიკური მდგომარეობა ჩავესს ამ მოვალეობების შესრულების საშუალებას. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მან ბოლო პერიოდში რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მოისეს ნეიმი წერს, რომ მომავალში ვენესუელის ბედს უფრო ბიოლოგია განსაზღვრავს, ვიდრე იდეოლოგია.

კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტი 6-წლიანი ვადის პირველი ოთხი წლის განმავლობაში გადადგება (ან ვერ ასრულებს მოვალეობებს სხვა მიზეზის გამო), უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ასეთ შემთხვევაში კაპრილესს და მის გუნდს გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. სახელმწიფოს მიერ მართული პიარის შედეგად, მოსახლეობა მხარს უჭერს პირადად ჩავესს და არა მის გუნდს. წლების განმავლობაში წარმატებით აპრობირებული ტაქტიკა, შესაძლოა, ბუმერანგის ეფექტით უკან შემოუბრუნდეს მის გარემოცვას.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ახლა კაპრილესისა და მისი გუნდისთვის მთავარია ერთიანობის შენარჩუნება. წელსვე, დეკემბერში, შტატების გუბერნატორების არჩევნებია. ამ არჩევნებში გამარჯვებული ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი უკვე ნიშნავს ჩავესის ძალაუფლების შეზღუდვას. როგორც ერთ-ერთი ვენესუელური გამოცემა წერს, ჩავესის ოპოზიციამ ბრძოლა წააგო, ომი – ჯერ არა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები