რელიგიური შეუწყნარებლობა

სოფელ წინწყაროში მუსლიმთა ღვთისმსახურებას მოსახლეობა ეწინააღმდეგება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ადგილობრივი ეკომიგრანტი სვანები, ასევე ეკომიგრანტ აჭარლებს რწმენის ნიადაგზე უპირისპირდებიან. როგორც სოფლის მუსლიმური სამლოცველოს წინამძღვარი მარად გორჯომელაძე ტაბულასთან საუბარში აცხადებს, მას სოფლის 40-მდე ქრისტიანი მოსახლე ქალაქის ცენტრში ორჯერ დახვდა, მისგან სამლოცველოს გაუქმება მოითხოვა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლიდან გასახლებით დაემუქრა.

მარად გორჯომელაძის განმარტებით, სოფელში მუსლიმური სამლოცველო რამდენიმე თვეა მოქმედებს, რაზეც ადგილობრივ მოსახლეობას პროტესტი აქამდე არ გამოუხატავს. დაპირისპირება კი სამი დღის წინ, დაიწყო. ”მეუბნებიან რომ აქ ვერ ვილოცებ და სოფლიდან გამასახლებენ, არ გქონდა მეჩეთის მოწყობის უფლებაო. სოფლის ცენტრში ჩემს საცემად იწევდა ხალხი. ვითხოვთ დახმარებას, სოფელში ვრცელდება ხმები რომ სამლოცველო თურქმა ააშენა, რაც სიმართლე არ არის. გვაგინებენ და გვლანძღავენ, თათრები ხართ და აქ ვერ ილოცებთო” - ამბობს სოფელ წინწყაროს სამლოცველოს წინამძღვარი.

ისლამის მოთხოვნით, მუსლიმები ყოველ პარასკევს ერთად უნდა შეიკრიბონ და ლოცვა აღავლინონ. სოფლის წინამძღვარი ამბობს, რომ ხვალ შესაძლოა მოსახლეობამ მათ რელიგიური მსახურების აღსრულებაში ხელი შეუშალოს. 

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მუსლიმთა ლოცვას ქრისტიანები ხელს უშლიან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში  მუსლიმთა მიმართ აგრესიის ტალღა ორი თვის წინ აგორდა.

კომენტარები