ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ვეჭვობთ, რომ უცხოურ პრესაში პასკვილებზე ბოკერიას უწყებას 16 მილიონი აქვს დახარჯული

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ამ პასკვილებზე" გიგა ბოკერიას უწყებამ 16 მილიონი დახარჯა. 

"სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას. 

მისივე განმარტებით, მსგავსი სტატიები სამართალდამცავი უწყებების მუშაობას ვერ შეაფერხებს. 
"ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას. ეს პროცესი მალე ჩამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ,  საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე. არ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა იწერება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას. ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში", - აღნიშნა ივანიშვილმა. 

Washington Post-მა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სარედაქციო წერილი სათაურით "საქართველოს მთავრობა არასწორ გზას დაადგა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაზე ამახვილებენ.

კომენტარები