საპარლამენტო უმცირესობა

ხაჩიძის სახლის ჩხრეკის ფაქტს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი შეისწავლის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის ჩხრეკის ფაქტს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტი შეისწავლის. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით მის სახელზე უმცირესობის წერილია შესული. წერილში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის ბინის ჩხრეკას საკანონმდებლო ორგანოს წინასწარი ნებართვა სჭირდებოდა და ეს საკითხი განსახილველად საპროცედურო კომიტეტს უნდა გადაეცეს.

უსუფაშვილის შეფასებით, წინასწარი ინფორმაციით, კონსტიტუციის დარღვევა არ მომხდარა, რადგან ეს სახლი არა გოგა ხაჩიძის, არამედ მისი მშობლების კუთვნილებაა. თუმცა, ვინაიდან საკითხი დეპუტატის ოჯახში განხორციელებულ ჩხრეკას შეეხება და უმცირესობა რეაგირებას ითხოვს, საკითხი შესასწავლად კომიტეტს გადაეცემა.

მისი თქმით, „ის პრაქტიკა უნდა დაინერგოს, რომ დეპუტატის სტატუსს ყველამ პატივი უნდა სცეს. მაგრამ დეპუტატებმაც უნდა აღიარონ, რომ სამართალდამცავებს აქვთ თავიანთი კითხვები და მათ ღონისძიებების გატარება შეუძლიათ“. უსუფაშვილის განცხადებით, იგი ამ საკითხზე როგორც გოგა ხაჩიძეს, ასევე სამართაკლდამცავებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, ჩხრეკა სურამში, დეპუტატის მშობლების სახლში სამართალდამცავებმა 1 დეკემბერს გამთენიისას ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და ხაჩიძის მშობლების სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ჯავშანჟილეტი.

 

კომენტარები