ტარიფები

ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებას მომავალი წლის პირველ ნახევარში ვარაუდობენ

ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება უკვე მეორედ, მომავალი წლის პირველ ნახევრამდე გადაიდო. ამ ინფორმაციას ინტერპრესნიუსთან საუბარში კომპანია ინტერ-რაოს პრესსამსახური ადასტურებს. 
კომპანიის თქმით, ტარიფების შემცირება დღის წესრიგში ჯერ კიდევ ძველი მთავრობის დროს, აგვისტოს თვეში დადგა და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. კომპანიის პრესსამსახურის უფროსის, ანტონ ნაზაროვის თქმით, კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმი ენერგეტიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთანაც გრძელდება.
ამასთან, მაღალჩინოსნების დაკავებებზე საუბრისას ნაზაროვი ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დაკავება ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებზე გავლენას გარკვეულწილად მაინც მოახდენს. 
„თუ მათ ბრალდებები წარუდგინეს, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას ჩვენი მოქმედებების არგუმენტები წარვადგინოთ“, – აღნიშნა ნაზაროვმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას. 
ინტერ-რაოს პრესსამსახურის უფროსის თქმით, ტარიფების მაქსიმალური და მინიმალური ზღვარის შესახებ საუბარი არ შეუძლია, რადგან ეს მოლაპარაკებათა პროცესის ნაწილია. 
ოქტომბერში ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური სამინისტროში გაცნობითი შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ საგადასახადო ტარიფები საგრძნობლად შემცირდებოდა და ამ შემცირებას მოსახლეობა ზამთრის დადგომისთანავე იგრძნობდა. ამ განცხადების შემდეგ, ტარიფების შემცირება უკვე მეორედ გადაიდო.

კომენტარები