პარლამენტი

პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სამი მოსმენით მიღებულ კანონს, რომელიც პრეზიდენტს გადაუგზავნეს ხელმოსაწერად, მან ვეტო დაადო. პრეზიდენტმა პარლამენტში უკან გადაგზავნა თავისი შენიშვნები, რომელსაც კანონპროექტის სახე ჰქონდა. პრეზიდენტის კანონპროექტს მხარი მხოლოდ 33-მა დეპუტატმა დაუჭირა, რის შემდეგაც ვეტოს დასაძლევად კენჭი ხელახლა უყარეს სამი მოსმენით მიღებულ კანონს. ვეტოს დასაძლევად საჭირო იყო 89 ხმა. საბოლოოდ,ამნისტიის კანონის მიღებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პრეზიდენტი წინააღმდეგია, ამნისტია შეეხოს იმ 190 პატიმარს, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო. მის შენიშვნებში აღარ ფიგურირებდნენ პოლიტპატიმრებად და პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარებული პირები. პრეზიდენტმა ამ თემაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ პოლიტპატიმრების სიაში შესული იყვნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის და მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით იხდიან სასჯელს.

პრეზიდენტი უცვლელად ტოვებდა მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულთა სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას, იმ ნაწილის გარდა, რაც ეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური სახის ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებს.

პრეზიდენტმა კანონის პრეამბულიდან ასევე ამოიღო სიტყვები "სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნა". ეს უკანასკნელი ამნისტიის გამოცხადების ერთ-ერთ უმთავრეს საბაბად სახელდება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტთან ერთად, ამნისტიის კანონის გარკვეულ ნაწილებს არ ეთანხმებოდა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.მან მეცხრე არხთან ინტერვიუში 27დეკემბერს განაცხადა, რომ ზოგადად ამნისტიის აქტს მიესალმება, თუმცა, დაადასტურა, რომ პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად გამოცხადებული ჯაშუშების ციხიდან გამოშვების წინააღმდეგია. "მიმაჩნია, რომ როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე. ასე რომ, ამ კუთხით მე პოზიცია არ შემიცვლია", – განაცხადა შს მინისტრმა. მან განმარტა, რომ ამ საკითხზე მისი პოზიციები თანხვედრაშია პრეზიდენტის პოზიციებთან. ღარიბაშვილი ასევე ეწინააღმდეგება ნარკორეალიზატორების გათავისუფლებასაც.

 

კომენტარები