პოლიტიკა

„აფსუს... რა შანსი დავკარგეთ”

0 კომენტარი

საქართველოს თანამედროვე ისტორიის გადამწყვეტ პერიოდებზე რომ ვფიქრობ, სულ ეს ამოძახილი მიტრიალებს თავში: „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ...”. ახლაც, როდესაც კიდევ ერთი გადამწყვეტი ეტაპია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აღარ მინდა იმავეს თქმა მომიწიოს.

ჩვენს მეგობარ ბალტიელებზე ზუსტად საპირისპირო შეიძლება ითქვას, „რა კარგად გამოიყენეს შანსი”, უფრო ხშირად მესმის – „გაძვრნენ”, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, ის იგულისხმება, რომ რუსეთის გავლენის სფეროდან „გაძვრნენ”. სინამდვილეში, კი არ „გაძვრნენ”, კონკრეტულ ისტორიულ მომენტში წარმოქმნილი შანსი რაციონალურად და სწორად გამოიყენეს, ერთმანეთთან ქიშპობის ნაცვლად ქვეყნის შენებაზე დახარჯეს ენერგია და, საბოლოო ჯამში, დამსახურებულად დაიკავეს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.

„ქართველები ემოციური ხალხი ვართ”, ესეც ბევრჯერ მსმენია. სინამდვილეში, აქ ემოციურობაზე მეტად პასუხისმგებლობის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. როდესაც საზოგადოების ცალკეული წევრი თუ ადამიანების ჯგუფი ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყნის შენება თამაში არ არის და ყველა ჩვენს ქმედებას, ერთად თუ ცალ-ცალკე, კონკრეტული შედეგი მოჰყვება.

თვალწინ მიდგას 89-90 წლები, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვების ეიფორია და ბედნიერება მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა. ისეთი განცდა იყო, რომ მზე სხვანაირად ამოდიოდა, ყველას ერთმანეთი უყვარდა, ყველა ერთმანეთის გვერდზე იდგა... რაღა უნდა გაგვჭირვებოდა? მთელმა მსოფლიომ დაინახა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამარჯვება. წუთი-წუთზე ველოდებოდით სანატრელ დასავლეთთან ჩახუტებას. მაშინ პირველად გაიჟღერა NATO-ში წევრობის სურვილმა, გამალებით დაიწყო დასავლეთთან დაახლოების პროცესი...

როგორ გადაიზარდა საყოველთაო სიყვარული საყოველთაო სიძულვილში? დასავლეთთან ჩახუტების მოლოდინი ლუკმა პურის შოვნის თუ სიცოცხლის გადარჩენის შიშმა როგორ ჩაანაცვლა? თან ეს ყველაფერი ელვისებური სისწრაფით მოხდა. რაც მთავარია, იმ კონკრეტულ მომენტში ვის ვინ სძულდა, დარწმუნებული ვარ, ბევრს აღარ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, მოგვიანებით ბევრი მათგანი ახალი გამარჯვებების მოპოვებაში თანამებრძოლებადაც გვევლინებოდა. იმ პერიოდის მტყუან-მართლის ძებნას ახლა ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. შედეგი მინდა შევაფასო. საბოლოო ჯამში, იმ ყველაფრიდან ერთი განცდა დარჩა: „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ”.

ვის არ მოსდის შეცდომა. შეცდომებზე სწავლობენო, ამასაც კი ამბობენ. სხვის შეცდომებზე თუ არა, საკუთარზე მაინც. გადავიარეთ საშინელი ომი, ქაოსი, შიმშილი. მახსოვს, რაღაც ეტაპზე რა აქტუალური გახდა სიტყვა სტაბილურობა. შევარდნაძის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი. 90-იანების ბოლოს რაღაც რეფორმების მსგავსიც კი დავიწყეთ, მაგრამ ისევ რაღაც მოხდა, არ გვეყო პოლიტიკური კულტურა, განათლება, პასუხისმგებლობის შეგრძნება, რაციონალობა, მაგრამ ფაქტია, რომ კორუფციაში, ქურდულ მენტალიტეტში და ნარკოტიკებში ამოვყავით თავი.

რა თქმა უნდა, ეს ცოტა უტრირებულია და წინ გადადგმული ნაბიჯებიც იყო, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რომ კლასიკურ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოდ/საზოგადოებად ჩამოვყალიბდით. ამ დროს ჩვენი აღმოსავლეთევროპელი და ბალტიელი მეგობრები ბეჯითად ემზადებოდნენ NATO-ში და ევროკავშირში წევრობისთვის. ზოგიერთი მათგანი წევრიც კი გახდა. ზოგიერთი ჯერ კიდევ გზაზე იდგა, მაგრამ განუხრელად. აშენებდნენ დემოკრატიულ სისტემას, არჩევნების გზით ცვლიდნენ ხელისუფლებას, მსჯელობდნენ როგორი ეკონომიკური სისტემა შეექმნათ. რა თქმა უნდა, მაშინ საერთაშორისო მდგომარეობაც უფრო ხელსაყრელი იყო ამ სახელმწიფოების ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. რუსეთი ბევრად უფრო სუსტი და NATO და ევროკავშირი უფრო გახსნილი ახალი წევრების მისაღებად. მაგრამ ფაქტია - ამ სახელმწიფოებს ამაყად შეუძლიათ თქვან, რომ მათ ეს შანსი გამოიყენეს. ჩვენ კი ისევ უნდა ვთქვათ „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ”.

„ვარდების რევოლუცია”: ახალი გამარჯვება და ახალი შანსი. მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავს, დავიწყეთ რეფორმები, აღმშენებლობა, NATO-ში ჩვენს გაწევრიანებაზეც სერიოზულად ალაპარაკდნენ და გადაწყვეტილებაც კი მიიღეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ისევ ყველა ბედნიერია. ზუსტად ვიცით, რა გვინდა: დემოკრატია, NATO, ევროკავშირი. მივდივართ წინ, გვეშლება, ვჩერდებით, ვვარდებით, ფეხზე ვდგებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიმართებით, გვიჭირს შეცდომების აღიარება, ზოგჯერ დამნაშავის დასჯაც...

არც ისე ადვილი ყოფილა დემოკრატია. არც მთავრობისთვის, არც საზოგადოებისთვის. ისევ მოვერიდები მტყუან-მართლის გარჩევას, ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა და ამ პერიოდის ანალიზიც ცალკე მსჯელობის საგანია. მაგრამ ფაქტია, რომ ისევ საყოველთაო სიძულვილში ამოვყავით თავი. ისეთი შეგრძნებაა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებით ზოგი იმედგაცრუებულიც კი არის. ამდენი უარყოფითი ენერგია სად წავიღოთ, ასე ადვილად მორჩა ყველაფერი? ისევ დრო დადგა ქვეყანა ვაშენოთ? „ქართველები ემოციური ხალხი ვართ”.

1 ოქტომბრის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება. მსოფლიო გაოცებულია. საქართველომ წარმატებით ჩააბარა ტესტი. ახალი გამარჯვება და ახალი შანსი. უკვე ვახერხებთ და ეს გაოცება ჩვენი დასავლელი მეგობრების შენიშვნებით, მითითებებით და შეშფოთებებითაც კი შეიცვალა. იმის ნაცვლად, რომ სერიოზულად დავფიქრდეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი კიდევ ერთხელ გაჩენილი შანსის გამოსაყენებლად, ანეკდოტებს ვიგონებთ კოჰაბიტაციაზე, არ გვესმის და არ გვინდა გავიგოთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში პარტიებს შორის ბრძოლას თავისი თამაშის წესები აქვს, პარტიის ვიწრო ინტერესს ქვეყანა არ უნდა გადააყოლო, რომ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ, ყველა ჩვენს ქმედებას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ქვეყნის მშენებლობა გავაგრძელოთ.

შანსი პირდაპირ ხელის გულზე დევს. ჩვენ ახლა მოგვეცა შესაძლებლობა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. შევქმნათ პრეცედენტი, რომ ხელისუფლების ცვლილება არ იწვევდეს ქვეყნის რყევას. გვაქვს შანსი, შევქმნათ პრეცედენტი, რომ ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება არ ნიშნავს წაგებულის გაქრობას და ერთის სრულად გაბატონებას, რომ არსებობდეს ორი ძალა, რომელიც პარლამენტში ერთმანეთთან კამათობს, ოპონირებს, ერთმანეთს აბალანსებს და ნორმალურ დემოკრატიული პროცესს ამკვიდრებს.

გვაქვს შანსი, ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლებოდეს და პირველკლასელი ბავშვები ოჯახში გაგონილი ახალი მესიის სახელს არ გაიძახოდნენ. გვაქვს შანსი, ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა არ ნიშნავდეს მასობრივად სამსახურების დაკარგვას და ლოიალობის ნაცვლად, პროფესიონალიზმზე გავაკეთოთ აქცენტი. გვაქვს შანსი, საბოლოოდ შევიდეთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამით ჩვენი გარდაქმნები შეუქცევადი გავხადოთ.

შანსი ჯერ კიდევ არის და ამ ყველაფერს სწორედ იმიტომ ვწერ, რომ ძალიან მინდა, რაღაც დროის შემდეგ ყველამ ერთად ვთქვათ არა „აფსუს... რა შანსი დავკარგეთ”, არამედ – „როგორც იქნა, ეს შანსი გამოვიყენეთ”.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები