ნინო ანანიაშვილი

ნინა ბალერინა

ინტერვიუ ნინო ანანიაშვილთან

„ნინო ანანიაშვილი ბოლოს ლა სკალაში ვნახე, „გედების ტბას” ცეკვავდა. არასდროს დამავიწყდება მისი ხელები მეორე მოქმედების ბოლოს, როდესაც უფლისწულთან დამშვიდობების შემდეგ სცენას ტოვებდა. ჩემი ასაკის ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ბევრის ცეკვას მოვსწრებივარ: პლისეცკაიას, ფონტეინს, მაკაროვას, მაგრამ სცენაზე არავინ მახსენდება სხვა, ასეთი პოეტური”, – მითხრა ძალიან ადრე ერთმა ხანდაზმულმა მილანელმა ბალეტომანმა, მრავლისმნახველმა და საშინლად კრიტიკულმა.

ნინო ანანიაშვილის სახელი ბალეტის მოყვარულთა წრეებში სადაც არ უნდა ახსენო, ყველგან აღტაცებით იხსენებენ მის შესრულებულ როლებს, შექმნილ სახეებს. ანანიაშვილის საბალეტო კარიერა 31 წლის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი საბალეტო თეატრის, მოსკოვის ბოლშოის სცენაზე დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს სცენაზე წარდგა მაყურებლის წინაშე. რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს, თბილისში, კლასიკური ბალეტის ისტორიასა და მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პარტია, მარიუს პეტიპას „რაიმონდას” მესამე მოქმედება იცეკვა და კიდევ ერთხელ შეძლო მაყურებლის გაოცება იმით, რომ ამდენი წლის შემდეგაც, არა მხოლოდ დაუჯერებლად ბრწყინავს სცენაზე, არამედ დღემდე უკონკურენტო რაიმონდაა.

დღეს მსოფლიოში აღიარებული ბალერინა, დროებით მოხეტიალე დასად ქცეული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო კომპანიის სამხატვრო ხელმძღვანელია. ოპერის თეატრში მეოთხე წელია, სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებენ, ამიტომ სასაუბროდ მუსიკისა და დრამის თეატრის სხვენზე მიგვიწვია, სადაც დასი მისი და მოსკოველი პარტნიორის, ალექსეი ფადეეჩევის ხელმძღვანელობით „რაიმონდას” რეპეტიციებს გადის. მისი ოთახი ძალიან მოკრძალებული და უბრალოა. ინტერვიუს დაწყებამდე ოთახს ალექსეისა და მის მეუღლეს, ტატიანა რასტორგუევას უთმობს ტანსაცმლის გამოსაცვლელად, მანამდე კი სარეპეტიციო დარბაზის დერეფანს გვათვალიერებინებს:

„შეხედეთ, როგორ გავალამაზეთ აქაურობა, განწყობის შესაქმნელად კედლებზე ჩვენი დასის საბალეტო ფოტოები ჩამოვკიდეთ, აქაურობა რაღაცას დავამსგავსეთ. მეოთხე წელია ექსტრემალურ პირობებში ვართ, ხან სად ვრეპეტიციობთ და ხან სად. ახლა დათო დოიაშვილმა დაგვითმო ეს სივრცე და მადლობლები ვართ. მანამდეც სულ ასე იყო, ორსულად რომ ვიყავი, ოპერის თეატრის დერეფანში ვიცვლიდი ტანსაცმელს. ოთახში ჭერი ჩამომენგრა და კინაღამ თავზე დამეცა. მერე მაინც იმას ამბობდნენ, ანანიაშვილი თავისი კაბინეტიდან არ გადის და რემონტს არ გვაკეთებინებსო”, – გულიანი სიცილით გვიყვება. ამასობაში ტატიანა და ალექსეიც გამოდიან და გვიბოდიშებენ: „გინახავთ სადმე მსოფლიო ვარსკვლავი, თავისი საგრიმიოროც რომ არა აქვს და რაც აქვს, იქაც რომ უვარდებოდნენ?” – კითხულობს ტატიანა. ოთახში ვბრუნდებით, ნინო სავარძელში კალათდება, მხრებში სწორდება და ინტერვიუსთვის მზადაა. სულ არ ეტყობა დაღლა. რეპეტიციები ეს-ესაა დაასრულა და წინ კიდევ ბევრი საქმე ელის. გული სწყდება, რომ შვილისთვის ცოტა დრო რჩება. თუმცა, არანაკლებ აღელვებს დასის მდგომარეობა:

„საქართველო არ არის გერმანია, რომ გამოვიდე, ვიყვირო და პირობები მოვითხოვო. ომი სულ ახლახან გადავიტანეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა ჩვენი ხელფასიც, ზოგ მოცეკვავეს ორი და სამი შვილი ჰყავს, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს საერთოდ არ აქვს სამსახური. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გადავრჩით. საბედნიეროდ, მაინც ვახერხებთ, რომ არ გავჩერდეთ და ვიცეკვოთ, ახლაც ორ თანამედროვე ბალეტს ვამზადებთ, რომლებსაც საგანგებოდ ჩვენი დასისთვის დგამენ ახალგაზრდა ქორეოგრაფები. მიხარია, რომ თავიანთ ქორეოგრაფიაში ჩვენს ახალგაზრდა მოცეკვავეებს მისცეს თავის წარმოჩენის საშუალება”.

ხშირად ისმის საყვედურები ახალი თაობის ბალერინების მიმართ, ამბობენ, რომ ისინი, მართალია, გაცილებით ტექნიკურები არიან, მაგრამ ტანმოვარჯიშეებს უფრო ჰგვანან, ვიდრე კლასიკური ბალეტის მოცეკვავეებს, აკლიათ ინდივიდუალიზმი. რა განასხვავებს დღეს 25 წლის ბალერინებს ანანიაშვილის თაობის მოცეკვავეებისგან?

მსოფლიოში ბალეტის საერთო დონე ძალიან გაიზარდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რუსული სკოლის ბევრი წარმომადგენელი მოღვაწეობს უცხოეთში და თაობები გამოზარდეს. ახალი თაობის მოცეკვავეები ფიზიკურად სულ სხვანაირები არიან, დაიხვეწა პროპორციები, იგივე ჩვენს დასსაც რომ შეხედოთ, კორდებალეტი ძალიან განსხვავდება ათი წლის წინანდელისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სასწავლებელში ბავშვებს ისე არ ვუღებთ ზომებს, როგორც ჩინეთში, იქ თუ ფეხები 18 სანტიმეტრზე ნაკლები აქვთ ტანთან შედარებით, საბალეტო სკოლებში მიღებაზე უარს ეუბნებიან. წარმოიდგინეთ, ჩვენთან შედარებით ამ ქვეყანაში რამხელა არჩევანია, ამიტომ დღეს ჩინელ ბალერინებს ისეთი ფორმები აქვთ, გაგიჟდები.

გაუმჯობესდა ტექნიკაც. ადრე თუ ერთი ლენიანი ასრულებდა 32 ფუეტეს, დღეს ამას ყველა აკეთებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტექნიკურად ძლიერს შეიძლება დაერქვას დიდი ბალერინა. ჩვენს პროფესიაში ინდივიდუალურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პედაგოგი ხშირად მეუბნებოდა: მე, როგორც მაყურებელს, არ მაინტერესებს შენი ტექნიკა და პოზიციები, ეს მოცეკვავეს ისედაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია, შენი შესრულებით ისეთი სპექტაკლი ვნახო, რომ ან გავიცინო, ან ვიტირო და ხელმეორედ მომინდეს შენს სანახავად მოსვლაო. მე ყოველთვის ძალიან მომწონდნენ ლუსია ლაკარა და ალესანდრა ფერი, რომლებიც არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ტექნიკური სიძლიერით, თუმცა ისეთი ემოციით ცეკვავენ, ისე სიღრმისეულად, რომ სპექტაკლებზე თვალს ვერ ვწყვეტდი ხოლმე. რა თქმა უნდა, დღესაც არიან საინტერესო მოცეკვავეები. მაგალითად, ძალიან მომეწონა ოლესია ნოვიკოვა, რომელმაც რაიმონდა შეასრულა ლა სკალაში. ცოცხლად არ მინახავს, ჩანაწერს ვუყურე, მაგრამ იმხელა შინაგანი კულტურა ჩანდა მის ცეკვაში და გარეგნულადაც ისე კარგია, სიამოვნებით ვნახავდი.

რუსული სკოლის წარმომადგენელი ხართ და ბევრს ცეკვავდით დასავლეთში. რატომ მიიჩნევა რუსული სკოლა დღემდე საუკეთესოდ და რითი განსხვავდება ის ევროპულისგან?

რუსული სკოლა კარგია თავისი სისტემურობით. უცხოეთში ბავშვები, ძირითადად, ცეკვას კერძო სკოლებში სწავლობენ, სადაც არ არის კომპლექსური სწავლება: ასწავლიან კლასიკას, მაგრამ ვერ ასწავლიან სახასიათოს, დუეტს. ბავშვს ეს საგნები სჭირდება, რომ სცენაზე გამოვიდეს. ამიტომ იქ ბევრი რამ მხოლოდ ნიჭსა და პედაგოგზეა დამოკიდებული. სისტემა, რომლითაც პეტერბურგსა და მოსკოვში ასწავლიან, ფრანგებსაც აქვთ, დანიელებსაც, ეს რუსების მოგონილი ნამდვილად არ არის. თუმცა ბევრი ნიუანსია განსხვავებული მეთოდსა და ახსნაშიც.

მე მყავს მეგობარი, რომელიც ფრანგული სკოლის წარმომადგენელია, ევროპაშიც სწავლობდა, პეტერბურგშიც და დღეს მიუნხენის საბალეტო აკადემიაში ვაგანოვას მეთოდით ასწავლის. ის მიყვებოდა სწორედ ამ განსხვავებებზე. მისი თქმით, ევროპულ სკოლებში გაყენებენ არჩევანის წინაშე: რამეს თუ ვერ აკეთებ, სასწავლებლიდან გიშვებენ. რუსეთში კი ბავშვებს საათობით უხსნიან ერთსა და იმავეს, უღეჭავენ, ეხვეწებიან, რომ სწორად გამოუვიდეთ. და ეს მიუხედავად სასწავლებლებში არსებული დიდი სიმკაცრისა. ჩვენს პროფესიაში დისციპლინა აუცილებელია. ამიტომაა დღემდე დიდი მოთხოვნა რუსული სკოლის მოცეკვავეებზე.

ბევრი კლასიკური პარტიის გამორჩეულ შემსრულებლად, მაგალითად, ერთ-ერთ საუკეთესო გედად მიიჩნევით. როგორ იქმნებიან პერსონაჟები და გარდა ნიჭისა, რა არის აუცილებელი საიმისოდ, რომ მსახიობის შესრულებული პარტია იყოს წარმატებული?

საერთოდ ბალეტში, ისევე როგორც მხატვრობაში, ყველაზე მთავარი საკუთარი სტილისა და ხელწერის მონახვაა. საამისოდ ბევრი ფიქრი და მუშაობაა საჭირო. ბუნებრივია, მიხარია, როდესაც ამბობენ, რომ მე მოვახერხე და შევძელი ის, რომ დღეს არსებობს თუნდაც ჩემეული „გედების ტბა”, ან „რაიმონდა”, რომელიც არავისას არ ჰგავს და არის მხოლოდ ჩემი.

მსახიობმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას ცეკვავს, ვინ არის ის პერსონაჟი, რომელსაც ასახიერებს. მაგალითად, „ბაიადერას” მომზადება რომ დავიწყე, ამ ბალეტს, როგორც სამეცნიერო ნაშრომს, ისე მივუდექი. წავიკითხე ლიტერატურა, პეტიპას მემუარები, გავეცანი ინდური ცეკვის ხელოვნებას. დავინტერესდი, რა განსხვავება იყო ძველ მოსკოვურ და პეტერბურგის დადგმებს შორის, რას წერდნენ ამაზე იმდროინდელი კრიტიკოსები. სხვათა შორის, ბევრი სხვადასხვა ავტორის სტატია შემხვდა ერთი და იმავე აზრებითა და სიტყვებით. როგორც ჩანს, ერთმანეთისგან იწერდნენ – ამაზე ბევრი ვიცინე თავის დროზე.

მოსკოვში ჩემი პედაგოგი რაისა სტრუჩკოვა იყო, დიდი ბალერინა. ვგიჟდებოდი მასზე, მაგრამ ძალიან მინდოდა „ბაიადერას” მომზადება მარინა სემიონოვასთან, რადგან ის ამ პარტიის ძალიან ცნობილი და თანაც პირველი შემსრულებელი იყო. პირველად მიწევდა ამ როლის მომზადება, მინდოდა, რაც შეიძლებოდა, მეტი მესწავლა და, შესაბამისად, არ მინდოდა სემიონოვასთან მუშაობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული აღმოჩნდა, თვეობით ვემზადებოდი შინაგანად, რომ ეს ჩემი პედაგოგისთვის მეთქვა. არ მინდოდა რაისას წყენინება. ბოლოს ისევ ჩემმა მეუღლემ დამარწმუნა, რომ სტრუჩკოვა იმდენად დიდი ადამიანი იყო, ჩემი ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ ეწყინებოდა

და ასეც მოხდა – რა თქმა უნდა, მარინასთან უნდა გაიარო რეპეტიციებიო, მითხრა. თუმცა, მეორე დღესვე, დავნიშნე თუ არა სემიონოვასთან მეცადინეობა, რაისა სტრუჩკოვას თეატრში ყველა შემხვედრმა ნიშნის მოგებით ერთი და იგივე უთხრა – გავიგეთ, ნინა თქვენგან გადავიდაო. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და იმდენად შევეცადე, არც ერთს სწყენოდა რამე და არც მეორეს, რომ მეორე დღესვე ორი რეპეტიცია გამოვიწერე სხვადასხვა დარბაზში, „ბაიადერა” – მარინა სემიონოვასთან და „რომეო და ჯულიეტა” – სტრუჩკოვასთან. არადა, „რომეო და ჯულიეტა” უკვე მომზადებული მქონდა, მომდევნო სპექტაკლს ორი თვის შემდეგ ვცეკვავდი და ამ ბალეტზე მუშაობა იმ დროს საერთოდ არ მჭირდებოდა.

ასე აღმოვჩნდი იმ დროსთვის ერთადერთი ბალერინა დიდ თეატრში, რომელმაც შეძლო ორ სხვადასხვა რეპეტიტორთან ემუშავა და არც ერთთან მოსვლოდა კონფლიქტი და არც მეორესთან – ასეთი სასაცილო ამბებიც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. შედეგად, მარინასგან ბევრი რამ ვისწავლე ისეთი, რაც მანამდე არ მქონდა გაგონილი და ნანახი. განსაკუთრებით მომეკიდა, მიხვდა, რომ ეს მაინტერესებდა, შემეძლო და ამიტომ ყველასგან, იგივე თავისი მოსწავლეებისგან განსხვავებული „ბაიადერა” გამაკეთებინა. სულ მეუბნებოდა, აღმოსავლური ქვეყნიდან ხარ და ამას შენ უკეთ მიხვდებიო.

თეატრში თაობების ცვლა მტკივნეული პროცესია. დიდ თეატრში მისვლისას იქ ლეგენდარული მოცეკვავეები დაგხვდნენ. როდესაც ძალიან ახალგაზრდა ბალერინამ მათ გვერდით დაიწყეთ წამყვანი პარტიების შესრულება, როგორ შეხვდნენ ამას თქვენი უფროსი კოლეგები?

თაობების ცვლასთან დაკავშირებით ერთხელ ერიკ აშენგრინმა, დანიელმა კრიტიკოსმა გვითხრა: მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს ჩვენს თეატრში მოსული, მაგრამ არავინ მინახავს აქედან ბედნიერად წასულიო. რა თქმა უნდა, ამას მსახიობები მტკივნეულად აღიქვამენ. პირადად მე ვცდილობდი ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონოდა, თუმცა რომ გითხრათ, თეატრში ცუდი არაფერი ხდებოდა, ნამდვილად მოგატყუებთ.

უფროსი თაობის წარმომადგენლების მხრიდან ეჭვიანობა, რა თქმა უნდა, იყო. წარმოიდგინეთ, როდესაც გასტროლებზე გამოდიოდნენ დიდი თეატრის ვარსკვლავები: პავლოვა, სემენიაკა, ბესმერტნოვა და მე დაკავებული ვიყავი არა პრემიერასა და პირველ წარმოდგენაზე, არამედ დღის სპექტაკლს მაცეკვებდნენ. ამ დროს ჩემზე მეტი იწერებოდა პრესაში, ვიდრე მათზე – ეს ხანდახან არც კი მახარებდა. ერთი მხრივ, დადებითი შეფასება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პირველად მხედავდნენ, ძალიან ძვირფასი იყო, მეორე მხრივ კი, ვიძაბებოდი, რადგან ვიცოდი, ამას ცუდი შედეგი მოჰყვებოდა. ხშირად მართმევდნენ სპექტაკლებს, მაგალითად, ჩემზე გავლენიანი ბალერინა მოდიოდა და მეუბნებოდა, რომ მას უნდოდა ამ დღეს ცეკვა და უთმობდნენ. ჩემს გვარს ამოშლიდნენ და სხვას წერდნენ. ამიტომ მოსკოვში ცოტას ვცეკვავდი. აი, რა არის თეატრი.

კითხვაზე, მოსკოვში მისთვის სრული დატვირთვით ცეკვის საშუალება რომ მიეცათ, იქნებოდა თუ არა ნინო ანანიაშვილი იმ მასშტაბით აღიარებული ბალერინა, დაფიქრდა:

სხვათა შორის, აქამდე არავის დაუსვამს ეს შეკითხვა, მაგრამ მე თვითონ ბევრი მიფიქრია ამაზე. ზოგადად, ძალიან დამჯერი და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. რასაც მეუბნებოდნენ, ყოველთვის იმას ვაკეთებდი. ამიტომ მოსკოვში სცენაზე ხშირად გამოსვლის საშუალება რომ მქონოდა, ალბათ მსოფლიო ასპარეზზე ვერ გავიდოდი, არ ვიცეკვებდი ბალანჩინს, მაკმილანს, ეშტონს, ვერ მოვხვდებოდი ABT-ში (ამერიკული ბალეტის თეატრში) და კარიერას დავამთავრებდი ისე, როგორც ბევრმა საბჭოთა ბალერინამ დაასრულა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემზე საზღვარგარეთ დიდი მოთხოვნა გაჩნდა და რაღა დამრჩენოდა ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ მეცეკვა. არასდროს ვდარდობდი, რომ ბევრად ნაკლები ხელფასი მქონდა და უარეს პირობებში ვიყავი, ვიდრე ბევრი ჩემი უცხოელი კოლეგა. ეს არ მიმაჩნდა პრობლემად. მე მარტო ცეკვა მინდოდა. სცენაზე დგომის ნაკლებობა იყო ჩემი პრობლემა, მეტი არაფერი.

დღეს თავადაა საბალეტო დასის ხელმძღვანელი. თბილისში რვა წლის წინ ჩამოვიდა და ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი შეძლო: 41 საპრემიერო სპექტაკლის გამართვა, უცხოელი ქორეოგრაფებისა და კოლეგების ჩამოყვანა, რეპერტუარის გამდიდრება კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფების დადგმებით... უკვე იშვიათად დადის გასტროლებზე მარტო: როდესაც პირადად მას ეპატიჟებიან, პრესტიჟული თეატრების ხელმძღვანელობას უკვე ქართულ დასთან ერთად სთავაზობს გამოსვლას. თუმცა მისი მისამართით ბოლო დროს კრიტიკაც ისმის.

ხშირად ამბობენ, რომ რეპერტუარი არასწორადაა შერჩეული. ვიღაცას კლასიკა უნდა უფრო მეტად, ვიღაცას თანამედროვე ქორეოგრაფია არ მოსწონს. ამბობენ, რომ ბევრი წავიდა დასიდან, რადგან არ აძლევდით ცეკვის საშუალებას. თქვენ არასდროს პასუხობთ ამ ბრალდებებს...

მე არ ვიცი, რა ვუპასუხო ამ ადამიანებს, არ ვიცი, ვინ არიან, რადგან მათ ჩემთვის ამ კითხვით არასდროს მოუმართავთ. მათ მხოლოდ სპექტაკლებზე მოსვლას ვურჩევდი, რათა ნახონ, რომ სწორედ იმ ადამიანებს აქვთ საპრემიერო სპექტაკლების უდიდესი ნაწილი შესრულებული, რომლებზეც ამბობენ, რომ არ ვაცეკვებ. რვა წლის განმავლობაში ჩემი სურვილით დადგმული არცერთი დიდი და სიუჟეტიანი ბალეტის საპრემიერო სპექტაკლი ჯერ არ მიცეკვია, გარდა ეშტონის „მარგარიტა და არმანისა”, რომლის ცეკვის უფლებაც პირადად მომცეს.

რაც შეეხება თეატრიდან იმ მიზეზით წასულებს, რომ სცენაზე გამოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ვინც ვარგოდა, აქაც ცეკვავდა და სადაც წავიდა, იქაც კარგია. მაგალითად, ლაშა ხოზაშვილი – ნიჭიერი ადამიანი და ჩემი გაზრდილი ბავშვია. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ ჩემს დასში აღარაა, დღეს ბოსტონში ცეკვავს. იმავეს თქმა შემიძლია ანა ალბუთაშვილზეც, რომელიც ბირმინგემში მიიღეს. მაგრამ დანარჩენ ნაწყენებზე რა ვთქვა, არ ვიცი. თუ მე ვთრგუნავდი მათ, სადაც არიან, იქ რატომ არ ჩანან. იცით, ყველას შენარჩუნებას ვცდილობდი მუდამ, მიუხედავად მათი ნიჭისა და მონაცემებისა. ცუდია, რომ ბევრი მათგანი საკუთარ შესაძლებლობებს სწორად ვერ აფასებს. რაც შეეხება რეპერტუარს. მე არასდროს მინდოდა, ჩვენი დასი ყოფილიყო პროვინციული თეატრის დონეზე, მაქსიმალურად ვიხარჯები, რომ ასე არ იყოს – ამიტომ არის დღეს რეპერტუარში კილიანიც, ბურნონვილიც და ბევრი კლასიკური თუ თანამედროვე დადგმა. ვიღაცას ეს არ მოსწონს. თუმცა, არ არსებობს თეატრი და კოლექტივი, სადაც ყველა ყველაფრით კმაყოფილია.

ნინო დიდი იმპროვიზატორია. ზედიზედ დანიშნული წარმოდგენების დროსაც კი, დღიდან დღემდე, სპექტაკლიდან სპექტაკლამდე გამუდმებით რაღაცას ცვლის: მოძრაობებს, კოსტიუმს, თმის ვარცხნილობას, მიმიკას და ამით მუდმივ მაყურებელს, რომელიც მის წარმოდგენებს არასდროს აკლდება, მოდუნების საშუალებას არ აძლევს:

„იმპროვიზაცია კარგია, თუ ის დაშვებულის ფარგლებს არ სცილდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ სცენაზე თავისუფალი ხარ და არ გეშინია – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მოცეკვავეებისთვის. მაგალითად, მაკმილანმა, რომელთანაც ძალიან ვმეგობრობდი, თავადვე მითხრა, რომ მიუხედავად არაჩვეულებრივი მონაცემებისა, მოცეკვავედ ვერ შედგა მხოლოდ იმიტომ, რომ სცენის საშინელი შიში ჰქონდა. არაჩვეულებრივად ასრულებდა დარბაზში და მაყურებლის წინაშე გადიოდა თუ არა, ყველაფერს აფუჭებდა. ამიტომ გადაწყვიტა, სხვებისთვის დაედგა ცეკვები და გახდა კიდეც დიდი ქორეოგრაფი.

მე სცენის შიში არასდროს მქონია. პირველად ქორეოგრაფიული სასწავლებლის პირველ კურსზე ვსწავლობდი, რაღაცა რომ ჩემებურად გადავაკეთე. ერთმა მესამეკურსელმა გოგონამ ფეხი იტკინა და მოულოდნელად მე ჩამსვეს ნომერში. მოსკოვში ახალი ჩასული ვიყავი და ჯერ კიდევ არაფერი მქონდა სცენაზე შესრულებული. თბილისში ბევრს მაცეკვებდნენ, იქ კი მხოლოდ კლასში ვმეცადინეობდი. მაყურებლის წინაშე რომ გავედი და ორკესტრმა დაკვრა დაიწყო, იმდენად მონატრებული ვიყავი სცენას და ისე გამიხარდა, რომ გავთამამდი, დადგმულ მოძრაობებს გადავუხვიე, საჭიროზე მეტად დავტრიალდი და უცებ მივხვდი, რომ მუსიკა დამრჩა, კიდევ რაღაც მაქვს გასაკეთებელი. ჩემმა პედაგოგმა დაინახა, რომ შემეშალა, იფიქრა,

ოთხი ტაქტით ადრე დავამთავრებდი ცეკვას და დაიძაბა. უცებ შემოვტრიალდი, რაღაც მოძრაობები გამოვიგონე და ბოლო ტაქტზე დავამთავრე. აპლოდისმენტები მივიღე, საგრიმიოროში გავიქეცი და ტირილი ამიტყდა. ვიფიქრე, მორჩა, აღარაფერს მაცეკვებენ, ლამის ჩავბარგდე და წამოვიდე თბილისში. ამ დროს შემოვიდა ჩემი პედაგოგი და რა გატირებს, ყოჩაღ, რომ არ დაიბენიო – მომეფერა. დიდი ხნის მერე მიყვებოდა ნატალია: კი მითხრეს მაშინ დანარჩენმა პედაგოგებმა, ცოტა გადაგიკეთებიათ ნომერიო და მეც არ შევიმჩნიე, არ გაგყიდე – მაინც პირველად ცეკვავს და შევუცვალე-მეთქი. ისინიც კი ვერ მიხვდნენ ვერაფერს. სცენაზე რამე თუ შეგეშლება, სიტუაციიდან გამოძრომის უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც ჩემი პედაგოგები ამბობენ, მე ეს ყოველთვის მქონდა.

ისე კი, თავისუფლება და, შესაბამისად, იმპროვიზაციებიც უფრო მეტად ასაკთან ერთად მოდის. ჩემი კარიერის დასაწყისში ვერ ვაკეთებდი იმას, რასაც ახლა. უფრო დაძაბული ვიყავი სცენაზე, იმაზე უფრო ვფიქრობდი, როგორ შემესრულებინა დავალება. ერთხელ, ტატიანა ტერეხოვამ, რომელიც 46 წლამდე ცეკვავდა, მითხრა: რა თქმა უნდა, ყველაფერი მტკივა, რა თქმა უნდა, ფიზიკურად უფრო რთულია, მაგრამ ზუსტად ასაკში და ოცდაათი წლის შემდეგ მოდის ის თავისუფლება, რომლითაც სცენას უკეთ აკონტროლებო. მე სულ მიკვირდა ამ ასაკში როგორ ახერხებდა ცეკვას და ვიფიქრე, ოცდაათ წელს რატომ ველოდო, ამას ხომ ახლაც კარგად ვაკეთებ-მეთქი?! თუმცა ტატიანა მართალი აღმოჩნდა, იმიტომ კი არა, რომ სცენაზე გამოსვლის წინ არასდროს ვნერვიულობ, დღემდე ყოველთვის ვღელავ. მაგრამ ის გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა, საშუალებას მაძლევს უკეთ ვაკონტროლო მდგომარეობა და ისე შევცვალო დეტალი, რომ მაყურებელი ვერ მიხვდეს.

ხშირად ასახელებენ თაობის ყველაზე მნიშვნელოვან ბალერინად. მიუხედავად იმისა, რომ მისივე ასაკისაა არაერთი დიდი მოცეკვავე, თუნდაც სილვი გილემი. როდესაც ამ შეფასების შესახებ ვეკითხები, უხერხულად ეღიმება:

ჩემს თაობაში მართლაც ბევრი კარგი ბალერინა იყო: სილვი გილემი, ალესანდრა ფერი, ელიზაბეტ პლატელი... ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოცეკვავედ გასახელებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი კომპლიმენტი, ჩემი პედაგოგებისა და მაყურებლის შეფასება იყო. უბრალო ხალხის, რომელიც სპექტაკლზე მოდის და ბოლო თეთრს იხდის შენს სანახავად. წარმოიდგინეთ, მოსკოვში რამდენი წელია აღარ ვცეკვავ და დღემდე მირეკავენ, მეუბნებიან, რომ ვენატრები და ბოლოს ტირილს იწყებენ – ამაზე მეტი დაფასება არ არსებობს.

ამ ბოლო დროს საქართველოში იმდენი ნეგატიური ემოცია წამოვიდა ჩემ მიმართ, რომ ხშირად დავფიქრებულვარ, იქნებ არ ღირდა აქ ჩამოსვლა, ალბათ ხალხს შორიდან უფრო ვეყვარებოდი-მეთქი, მაგრამ მერე ქუჩაში შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც მაჩერებენ, საოცრად თბილ სიტყვებს მეუბნებიან და ვხვდები – ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. ჩვენ, მსახიობებს, პირველ რიგში ასეთი უბრალო შეხვედრები და სიყვარულის ასე უბრალო გამოხატვა გვაძლევს ძალას, რომ ვიცხოვროთ და ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და რასაც მთელი ცხოვრება გულით ვაკეთებდით.

 

კომენტარები