შეხვედრა

დავით დარჩიაშვილი ტენ ბრუკს შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ტენ ბრუკს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჰოლანდიის ელჩი საქართველოში პიტერ ლანგერბერგი. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე ისაუბრეს.

"ვისაუბრე იმაზე, რჩება თუ არა საქართველო ევროატლანტიკური ორიენტაციის ერთგული გულწრფელად და - არა მხოლოდ რიტორიკის დონეზე. ვგულისხმობ ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთგულებას და პრაქტიკულ ინტერესს, რაც გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯებით. ასევე ვისაუბრე იმაზე, რა ხდება ქვეყანაში ე.წ. კოჰაბიტაციის თვალსაზრისით", - განაცხადა დარჩიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას, დარჩიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცები უზარმაზარ გამოცდილებას იღებენ.

"ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმისთვის, მათ შორის ოფიცრული სამხედრო ეთიკის განვითარებისთვის, რასაც სრულიად ეთანხმება ჩვენი კოლეგა. ქართული ჯარის მომავალი განვითარება დამოკიდებულია მის თანამშრომლობაზე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალებთან და სწორედ ამის ასპარეზია ავღანეთი", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ტენ ბრუკის ვიზიტი საქართველოში 10 იანვარს დასრულდება.

კომენტარები