გრანტი

პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში კავკასიურმა ინსტიტუტმა გაიმარჯვა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ" ერთ-ერთ გამარჯვებულად მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი გამოცხადდა.

ორგანიზაციას, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების პროგრამებისთვის, კონკურსის პირობებით გათვალისწინებული 800 ათასი ლარი მიენიჭა.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ორგანიზაციის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფინანსების განმკარგველი, საზოგადოებაში მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი გამგეობა იქნება.

"დღეს სამოქალაქო სექტორი არის ვიწრო და ზედმეტად პროფესიული, მას აკლია საზოგადოებაში გაშლა. ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ იმაზე, რომ მეტი ახალი სახე და ჯგუფი ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ბევრი პატარა და არა ცოტა დიდი გრანტი. ასევე, ჩვენ ორიენტირებას მოვახდენთ ახალგაზრდობაზე. აქედან გამომდინარე, სწორედ მოქალაქეების აქტივიზაციისკენ მიმართული პროექტები იქნება დაფინანსებული", - განაცხადა გია ნოდიამ.

მისივე თქმით, კავკასიური ინსტიტუტისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების მხარდაჭერა ყოველთვის პრიორიტეტული იყო.

"ეს ჩვენთვის ნაცნობი საქმეა და ჩვენი ინტერესიც ამითაა განპირობებული. უბრალოდ, თუკი აქამდე ამაში ვხარჯავდით ევროპელების ფულს, ახლა ქართველი გადამხდელის ფულს დავხარჯავთ, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მართალია, ასეთი მასშტაბის საგრანტო კონკურსისთვის არ გვიხელმძღვანელია და ეს ჩვენთვის გამოწვევაა, მაგრამ არა ისეთი ტიპის, რასაც ვერ დავძლევთ", - აღნიშნა ნოდიამ.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან ერთად, კონკურსში გამარჯვება ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმაც მოიპოვა.

კომენტარები