ვანო მერაბიშვილი: ბიზნესზე სისტემატური ზეწოლა ხორციელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა ეკონომიკური მაჩვენებლების პრეზენტაცია გამართა. მისი განცხდებით, საქართველო სერიოზული საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას, როგორიც ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თქმით, ხორციელდება ყოველდღიური და სისტემატური ზეწოლა ბიზნესზე.

როგორც ვანო მერაბიშვილმა განმარტა, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2011 წლის ოთხივე კვარტალში შეინიშნებოდა, 2012 წელს კი, პირველ კვარტალში შეინიშნებოდა მშპ-ის 6,7%-იანი, მეორე კვარტალში 8,2%-იანი ზრდა, მესამე კვარტალში 7,5%-იანი, მეოთხე კვარტალში კი 2,3%-იანი კლება დაფიქსირდა.

მან ასევე წარმოადგინა ეკონომიკური ზრდის დეკემბრის შეფასება და განმარტა, რომ 2010 წელს ეს მაჩვენებელი იყო 6,1%, 2011 წელს 8,5%. "2012 წელს დაფიქსირდა პირველი ვარდნა და მინუს 1,5% შეადგინა, რაც საგანგაშო ვითარებაა".

რაც შეეხება დღგ-ის ბრუნვებს, მერაბიშვილის თქმით, "წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2012 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 6%, ნოემბერში 3,6% იყო, ხოლო დეკემბერში კატასტროფული მაჩვენებელია და შეადგენს მინუს 5,2%-ს". 

მერაბიშვილმა ასევე წარმოადგინა ექსპორტის წლიური მაჩვენებელი მეოთხე კვარტალში. მისი ინფორმაციით, "2012 წელს ექსპორტის მაჩვენებელი ოქტომბერში იყო 16,3%, ნოემბერში მინუს 3,1%, დეკემბერში კი - მინუს 22,4%".

მანვე მეოთხე კვარტალში იმპორტის ზრდის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმპორტი ოქტომბერში იყო 6,8%, ნოემბერში მინუს 4,7%, დეკემბერში კი - მინუს 9,1%. ხოლო 2011 წელს -  ოქტომბერში 33,7%, ნოემბერში 36,4% , დეკემბერში კი - 21,2%.

რაც შეეხება სესხებსა და დეპოზიტებს, მერაბიშვილის განმარტებით, 2011 წლის განმავლობაში შეინიშნებოდა ზრდა. სესხები 2011 წელს იყო 4,2%, დეპოზიტები კი - 10,3%, 2012 წელს სესხები - 1,7%, დეპოზიტები - 2,1%. 

"არავინ იცის, თუ რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს მთავრობას და ცრუ დაპირებები ამცირებს ინვესტორების მზაობას ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განმარტებით, ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ექსპერტებმა სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვეს.

კომენტარები