პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: ალბათ შეამჩნიეთ, რომ საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შერატონ მეტეხი პალასში ჟურნალისტებს ხვდება და მთავრობის მუშაობის 100 დღეს აჯამებს. 
"მინდა ჩაგაბაროთ ანგარიში გასული 100 დღის საქმიანობის შესახებ, რისი გაკეთება მოვახერხეთ და რა პრინციპული პრობლემები ვერ გადავჭერით ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ივანიშვილმა შეხვედრის დაწყებისას.
პრემიერმა თავდაპირველად ქვეყანაში ''სამართლიანობის აღდგენის პროცესის'' შესახებ ისაუბრა. 
''სამართლიანობის აღდგენის პროცესით ვიწყებდი ყოველთვის. მე მგონია, რომ ეს პროცესი მართლაც დაწყებულია და კარგად ვითარდება. მთავარია, რომ ის დიდი ძალადობა, რასაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე, შეწყდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ'', - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
პრემიერის განმარტებით. სწორედ ''ძალადობრივი სისტემის არსებობის გამო იყო ქვეყანაში ამდენი პოლიტპატიმარი''.
''190 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, 3 ათასზე მეტი შეწყალებულია. დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია და მათი ლიდერი აცხადებდა, რომ როგორ შეიძლება საქართველოში 190 პოლიტპატიმარი იყოს, არ ეთანხმებოდა ამ ციფრს და ადარებდა ჩრდილოეთ კორეას - მე განვმარტავ, რომ უპრეცედენტო იყო ძალადობა საქართველოში. ჩრდილოეთ კორეა და კორეელები, საუბედუროდ, დიდი ხანია შეგუებულნი არიან იმ სისტემას, სადაც ისინი ცხოვრობენ. საქართველო და ქართველი ხალხი არ ეგუებოდა იმ ძალადობას, რასაც ახორციელებდა წინა ხელისუფლება და აი ამიტომაც იყო ამდენი პოლიტპატიმარი'', - განაცხადა ივანიშვილმა. 
პრემიერმა ტარიფების შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმაზე ადრე, რაც მას  წარმოედგინა, მოხერხდა ''ძალიან ბევრის გაკეთება''.
''ალბათ, შეამჩნიეთ, რომ საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. ელექტროენერგიის გადასახადი 21-27%-ით შემცირდა, საწვავის ფასები შემცირდა საშუალოდ 10%-ით. გაზის ფასი 10%-ით შემცირდება თებერვლიდან და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას'', - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ''ასევე შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის ფასების 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენციაც''.
''თუ ეს ასეა, იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესმენებმა ყურად იღეს, რომ მონოპოლიური ფასები არ უნდა არსებობდეს და თვითონ დაიწყეს გამოსწორება, რაც მისასალმებელია'', - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები