რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება?!

0 კომენტარი

ბოლო საუკუნეების საქართველოს ისტორიას თუ გადახედავ, რთულია გამოყო პერიოდი, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და განვითარების პრობლემას არ წარმოადგენდა. მეტიც, გასაოცარია, როგორ არ იცვლება პრობლემის არსი საუკუნეების მიმდინარეობასთან ერთად. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ფორმაც კი იგივე რჩება. იქნება ეს მეცხრამეტე, მეოცე თუ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი, ჩვენ სულ რუსეთის ოკუპაციაზე ვსაუბრობთ.

ისტორიული დოკუმენტების კითხვისას ზოგჯერ შთაბეჭდილება გრჩება, რომ მხოლოდ თარიღის შეცვლაა საჭირო და შინაარსის აქტუალობა იგივეა.

“მეთვრამეტე საუკუნის გასულს, გარეშე მტრებთან ბრძოლაში ძალამიხდილი ქართველი ერი ნებაყოფლობით მიეკედლა ერთმორწმუნე რუსეთს, იმ იმედით, რომ მისი მფარველობის ქვეშ საქართველო უზრუნველჰყოფდა თავის პოლიტიკურსა და ეროვნულ არსებობას, რაიცა აშკარად არის აღნიშნული 1783 წლის საქართველოს მეფის ერეკლე მეორისა და რუსეთის იმპერატორიცა ეკატერინე მეორის შორის დადებულს პოლიტიკურ ტრაქტატში, მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთის ბიუროკრატიისაგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიასა და აუტანელ შევიწროვებას.

ამიტომ 1917 წელს ერმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაუყოვნებლივ ხელი მოჰკიდა თავისი პოლიტიკური და ეროვნულკულტურული ცხოვრების რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუშაობაში მას აფერხებდნენ შინაური და გარეშე მტრები, მან გამოიჩინა ისეთი ნიჭი და ეროვნული შემოქმედებითი ენერგია, რომ სამი წლის შემდეგ განათლებულმა ევროპამ სცნო მისი სახელმწიფოებრივი უნარი და ადგილი უბოძა საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ-პოლიტიკურ ერთეულთა შორის. რასაკვირველია, ამას ვერ შეურიგდებოდა მისი ყოფილი ბატონი, მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი: მან დასძრა საქართველოს საზღვრებისკენ საოკუპაციო არმია და 1921 წლის 25 თებერვალს უსწორო ბრძოლაში სისხლიდან დაცლილი საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაანთავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად ჰგრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე. მისმა სულიერმა მამამ და დღეს დღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება... ამიტომ ვითხოვ: 1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. 2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ-კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელჰყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემის პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან”. (საქართველოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას საგანგებო მიმართვა 1922 წლის გენუის საერთაშორისო კონფერენციას)

აღნიშნული მიმართვიდან კარგად იკვეთება, რომ საქართველოს რუსეთთან პრობლემები არ დაწყებულა არც სააკაშვილის ხელისუფლების, არც შევარდნაძის და არც წინა ხელისუფლებების დროს. ეს პრობლემა საუკუნეებს ითვლის და მას საკმაოდ თანმიმდევრული ხასიათი აქვს.

1. “...მაგრამ, სამწუხაროდ, გაცრუებულ იმედების ამარა დარჩენილი ჩემი სამშობლო...” – 1783 წლის ტრაქტატი, 1920 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, 1993 წელს რუსეთისთვის კონფლიქტში მინდობილი მედიატორის როლი, თუ 1994 წელს დსთ-ში შესვლა – ყველა ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ რუსეთისთვის “შეთანხმება” არაფერს წარმოადგენს და მისი ნდობა ჩვენთვის ტრაგიკულად მთავრდება.

2. “მცირე ერთა მჩაგვრელი რუსეთი” – რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად პატარა ერების მიმართ იმპერიული დამოკიდებულებით გამოირჩევა. იგი თავის სიძლიერეს სწორედ მის გარშემო მყოფი პატარა ერების “ჩაგვრაში” პოულობს. სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა თუ მოლდოვა – ვერცერთმა ვერ შეძლო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება. ეკონომიკურ-ენერგეტიკული, დიასპორებით თუ კონფლიქტებით მანიპულირების გზით, რუსეთი ცდილობს ყველა ამ სახელმწიფოზე გავლენის ბერკეტის შენარჩუნებას. ვერც სომხეთმა, ვერც აზერბაიჯანმა, ვერც უკრაინამ და ვერც მოლდოვამ რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაარეგულირა. მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოც კი გახდა, მაგრამ დღემდე დგას კონფლიქტის, რუსული ბაზრის არასტაბილურობის და ევროპული ინტეგრაციის პრობლემის წინაშე.

3. “მაღალ პატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება” – საქართველო ისტორიულად მიილტვოდა დასავლური სამყაროსკენ, რომელიც სამართლიანობის და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. გარდა ამ ფასეულობების ერთიანობისა, დასავლეთთან დაახლოება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაა. ზემოჩამოთვლილი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, სწორედ იმ სახელმწიფოებმა მოიპოვეს უსაფრთხოების გარანტიები და დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი განვითარება, რომლებმაც დასავლეთთან – ევროკავშირში და NATO-ში – ინტეგრაცია მოახერხეს. კერძოდ, ბალტიის სახელმწიფოებმა.

ამ ისტორიულ გაკვეთილებზე საუბარი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მეჩვენება, რადგან კვლავ მწვავედ დადგა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხი. საზოგადოებაში გააქტიურდა საუბარი ერთმორწმუნე რუსეთთან შერიგებაზე, მისი ბაზრის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკისთვის, კულტურულ და ისტორიულ სიახლოვეზე. როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, კარგად გავიხსენოთ ისტორიული გაკვეთილები. გავიხსენოთ, რომ სწორედ ერთმორწმუნე რუსეთის ოკუპაციის პირობებში დაკარგა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია (1815 წელი) და იდევნებოდნენ ქართველი სასულიერო პირები, აღარაფერს ვამბობ საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მიმართ ერთმორწმუნეთაგან მიყენებულ ზარალზე. გადავხედოთ ჩვენს უახლოეს წარსულს, ჩვენს მეზობლებს და გავაანალიზოთ, როგორ გამოიყენებს რუსეთი თავის ბაზარს პოლიტიკური გავლენის იარაღად.

ზოგჯერ მიზეზშედეგობრივი კავშირებიც ირღვევა და საუბრობენ, რომ NATO-ში ინტეგრაციამ შეგვიქმნა რუსეთთან პრობლემები. NATO-ში ინტეგრაცია კი არ გვიქმნის რუსეთთან პრობლემებს, რუსეთი გვიქმნის საუკუნეების განმავლობაში პრობლემებს მაშინ, როდესაც ჩვენ თავისუფლების, დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გამყარებას ვცდილობთ. ან სად იყო NATO, როდესაც ამბროსი ხელაია გენუის კონფერენციას მიმართავდა...

ეს, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მცდელობა არ უნდა გვქონდეს. თავისთავად დარეგულირების სურვილი აბსოლუტურად ლოგიკური და ჯანსაღია. მთავარია, კარგად

გავაცნობიეროთ პრობლემის არსი, რა ტიპის სახელმწიფოსთან ვცდილობთ ამ პროცესის წარმართვას და ამის შესაბამისად განვსაზღვროთ ჩვენი სტრატეგია.

რა არის ჩვენი სტრატეგია? რას ვგულისხმობთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში? რა არის ის საბოლოო შედეგი, რომელიც საქართველოსთვის სასურველი (აუცილებელი) და ჩამოყალიბებულ მოცემულობაში მიღწევადია? რა არის ის საფრთხეები, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობაში შესაძლოა კიდევ ერთხელ მიგვიყვანოს ტრაგიკულ შედეგამდე?

ერთადერთი შედეგი, რომელიც პასუხობს საქართველოს ინტერესებს და რომლის მიღწევის შემდეგადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან დარეგულირებულ ურთიერთობებზე ვისაუბროთ, ეს არის გამთლიანებული სუვერენული საქართველო, რომელსაც ტოვებს რუსული საოკუპაციო ჯარები და რომელსაც აქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არჩევანის გაკეთების თავისუფლება; ამასთანავე, სარგებლობს კეთილმეზობლური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობებით რუსეთთან. სწორედ ასე ჩამოაყალიბა საქართველოს მთავრობამაც ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებების წინ და განსაზღვრა წითელი ხაზები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე გადის.

ამასთანავე, ზუსტად საპირისპიროს ნიშნავს რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება. თან ეს პოზიცია მკაფიოდ არის გაჟღერებული. რუსეთი არ აპირებს ჩვენი ტერიტორიების აღიარების გადახედვას, საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციას და საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის დაშვებას, რადგან ყოველივე ეს რუსეთისთვის საქართველოზე გავლენის დაკარგვად აღიქმება. ამ მოცემულობაში არ შეიძლება არ გაჩნდეს კითხვა: რა აიძულებს რუსეთს შეცვალოს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომა ამ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში? ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება მომისმენია.

ერთი, რომ მოლაპარაკების გზით აღვადგენთ ნდობას და შემდეგ შევეცდებით პრობლემის დარეგულირებას. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წარსულის გაკვეთილები და დავფიქრდეთ, პრობლემა ნდობის არარსებობაშია თუ რუსეთის ინტერესებში, შეინარჩუნოს საქართველოზე გავლენის სფერო, რასაც მისი მრავალსაუკუნოვანი თანმიმდევრული პოლიტიკა ემსახურებოდა?!

მეორე მოსაზრებაა, რომ დავარწმუნებთ “რუსებს”. არ ვიცი დარწმუნების და ზეგავლენის რა მეთოდებზეა საუბარი, თუმცა დარწმუნებას გარკვეული არგუმენტაცია სჭირდება, რომლის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაფიქრდე, რამდენადაა ეს არგუმენტაცია საკმარისი მეორე მხარის პოზიციის შეცვლისთვის. ისევ და ისევ, თუ გავითვალისწინებთ, რა არის რუსეთის მთავარი ინტერესი ჩვენთან ურთიერთობაში, მსგავსი არგუმენტები რთული მოსაძიებელია.

შესაბამისად, კითხვა – რამ შეიძლება შეუქმნას რუსეთს მოტივაცია, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე პოზიცია შეცვალოს, ჩემთვის პასუხგაუცემელი რჩება.

როგორც მთავრობის განცხადებებიდან ვლინდება, პირველ ამოცანად სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა სახელდება. თავისთავად სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის მოპოვება, მნიშვნელოვანი იქნება. ამასთანავე, აქაც ჩნდება საკითხი, რომელიც თავად რუსეთის პრეზიდენტმა გააჟღერა საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირების კონტექსტში. საქართველოს ინტერესი მეტია სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაში, ვიდრე რუსეთის. შესაბამისად, რა შეიძლება იყოს რუსეთის მოტივაცია, რომ გახსნას ბაზარი: 1. დაიბრუნოს საქართველოზე გავლენის ბერკეტი, რომელიც კარგად ნაცადი ხერხია, როგორც საქართველოსთან, ისე რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ, რამდენად შედის ჩვენს ინტერესებში, დაურეგულირებელი ურთიერთობების ფონზე შევიდეთ ისეთ ბაზარზე, რომლიდანაც გამოსვლის გადაწყვეტილებას რუსეთი უმტკივნეულოდ მიიღებს, ჩვენს ეკონომიკას კი ზიანი მიადგება. 2. ჩაგვითრიოს მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც შეეცდება, მისთვის სასურველ დარეგულირებას მიაღწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მთავრობის სურვილში, დაიცვას საქართველოს ინტერესები, ნათლად შემიძლია წარმოვიდგინო. როგორ შეიძლება მიადგეს ზიანი ჩვენს პოზიციებს.

“ჟენევის ფორმატის” დასუსტება

ამის კონტურებიც უკვე გამოჩნდა. ნებისმიერი სუსტი და ძლიერი მხარის მოლაპარაკებების პროცესში, მით უმეტეს, როდესაც ეს ძლიერი მხარე მარტივად არღვევს შეთანხმებებს და თამაშის წესებს, სუსტი მხარის ინტერესებშია არსებობდეს ნეიტრალური არბიტრი. სწორედ ასეთი ნეიტრალური არბიტრის არსებობის გამო უქმნის ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთს დისკომფორტს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კარასინის გამოყოფა ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგისთვის სწორედ ამ მიზანს ემსახურება. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მხრიდან წარმომადგენლის გამოყოფა ცალმხრივად, მანდატის ორმხრივად განსაზღვრის გარეშე მოხდა, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ჟენევის თემატიკა კარასინ-აბაშიძის დიალოგში არ გადაინაცვლებს. მეტიც, ლოგიკურია, რომ ადამიანი, რომლის პორტფელს სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები წარმოადგენს, ეცდება ეს პორტფელი ამ, მისთვის სასურველ (არბიტრის არმქონე) ფორმატში გადმოიტანოს.

“ოკუპანტის” სტატუსის მოშორება

ოკუპაციის სტატუსის არსებობა კონფლიქტის სამომავლო გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად. პოლიტიკურად ეს სტატუსი რუსეთზე ზრდის წნეხს (საერთაშორისო ასპარეზზე), ხოლო სამართლებრივად მას პასუხისმგებელს ხდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ბუნებრივია, რუსეთი აუცილებლად ეცდება, რომ ურთიერთობების დარეგულირების სურვილი, ასევე ნდობის აღდგენისა და დათბობის მცდელობა ოკუპანტის სტატუსის მოშორების ან დასუსტებისათვის გამოიყენოს.

მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის დაწყების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ არ შეასუსტა რიტორიკა ოკუპაციის თვალსაზრისით. ამასთანავე, საკმაოდ რთული იქნება, ორმხრივად ეცადო, რომ აღადგინო ნდობა და დაათბო ურთიერთობები და პარალელურად, გააგრძელო ოკუპაციის ტერმინის დამკვიდრების აქტიური პოლიტიკა რაც შეიძლება მეტ სახელმწიფოში თუ ორგანიზაციაში. ამ ფონზე, გაუგებარი იყო კარასინთან შეხვედრის შეჯამებისას ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის განცხადება, რომელიც ოკუპაციის კანონის შესაძლო ცვლილებებს ეხებოდა. თავი რომ დავანებოთ ამ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებულ

საფრთხეებს, მსგავსი განცხადების კარასინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთება მიანიშნებს, თუ როგორ შეიძლება ამ მოლაპარაკებების დინამიკამ საქართველო პრინციპული პოზიციების დათმობაში ჩაითრიოს.

“არაღიარების” პოლიტიკის გაგრძელება

რუსეთი საკმაოდ დიდ პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსს ხარჯავს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა სხვადასხვა სახელმწიფოებმა აღიარონ. ამის შემაკავებელი ფაქტორი გახლავთ როგორც საქართველოს ურთიერთობების დამყარება/გაღრმავება ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებიც პოტენციურად შეიძლება რუსეთის წნეხის ქვეშ მოექცნენ, ისე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების არაღიარების პოლიტიკა, რომლებიც რუსეთის წნეხს თავიანთ ბერკეტებს უპირისპირებენ. ურთიერთობების დარეგულირებისთვის პოზიტიური ატმოსფეროს შექმნის სურვილმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას არაღიარების პოლიტიკის ქმედით და აქტიურ განხორციელებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რუსეთთან ამ გზით ურთიერთობების დარეგულირება არარეალისტური ამოცანაა. მეტიც, ამ პროცესს ახლავს საკმაოდ სერიოზული საფრთხეები, რომელთა არიდებაც მთავრობის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. ამ საფრთხეების ნეიტრალიზაციის ერთადერთი საშუალება დასავლური ინტეგრაციის ინტენსიფიკაცია იქნება, რაც თავისთავადი ღირებულების გარდა, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება რუსეთისთვის, რომ გავლებული წითელი ხაზები მართლაც ვერ გადაილახება.

საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთადერთი რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული პროცესი NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. სწორედ ამ უსაფრთხოების გარანტიის და დემოკრატიულობის შეუქცევადობის პირობებში იქნება შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე ფიქრი. სწორედ 28 ძლიერი სახელმწიფოს კლუბში გაწევრიანება (რომელშიც ერთის მიმართ თავდასხმა ყველას მიმართ თავდასხმას ნიშნავს), იქნება ის მოტივაცია, რომელიც რუსეთს აიძულებს საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ფორმის გამონახვას და იმ რეალობასთან შეგუებას, რომ მის სამეზობლოში პატარა, მაგრამ დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფო არსებობს. როგორც ეს ჩვენი ბალტიელი მეგობრების შემთხვევაში მოხდა და რისკენაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მიილტვოდნენ.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბესელია კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე

კომენტარები