პრესკონფერენცია

ივანიშვილი: მე მაგ კითხვას უპასუხოდ ვტოვებ

შერატონ მეტეხი პალასში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ტაბულას ჟურნალისტის კითხვა ე.წ. ჩანერგილების თემაზე პრემიერმინისტრმა უპასუხოდ დატოვა. 
"ჩანერგილები ჩარეცხილებს ხომ არ გაგონებთ? იმიტომ მოგეწონათ ეს თემა. მეც არ მომწონს ეს თემა პრინციპში", - განუცხადა ივანიშვილმა ტაბულას ჟურნალისტს. 
ჟურნალისტმა პრემიერს მისივე სიტყვები შეახსენა, როდესაც მან განაცხადა, რომ კოალიციაში უთანხმოებასთან დაკავშირებით, პასუხი მოეთხოვება ამ პროცესის ყველა მონაწილეს. 
 "ყველას მოეთხოვება პასუხი, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, როგორც "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის წევრმა, რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელმა და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის უნდა გაეკეთებინა აქცია რუსთავში დავით საგანელიძის განცხადებასთან დაკავშირებით. "ნაციონალური მოძრაობა" ახლა ახერხებს იმას, რომ რეგიონებში გამგებლებისა და საკრებულოს ხელმძღვანელების შეცვლა, რომელიც აჟიოტაჟით ხდებოდა, რა თქმა უნდა მათგან მართული იყო, ახლა ეს პროცესი ჩამთავრდა და რაღაც ხომ უნდა იყვიროს "ნაციონალურმა მოძრაობამ"?! ახლა გადმოერთვნენ და პარტიის რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე გვედავებიან. თურმე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აქციებს აწყობენ, რატომ უნდა ავირჩიოთ ის და არა ეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ინსპირირებულია", - აღნიშნა ივანიშვილმა 2 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას. 
"არ მითქვამს ეგეთი და ნუ ახმოვანებთ ამას. სად ვთქვი, რომ პასუხს აგებენ მონაწილეები... არა არა, არ გაგრძელებინებთ კითხვას. კეთილი ინებეთ, კითხვა დაიწყეთ, თუ გნებავთ, რომ მომაწეროთ რაც მე ვთქვი, ეგ არასწორია, მე ასე არ მითქვამს", - განაცხადა პრემიერმა პრესკონფერენციაზე. 
ჟურნალისტმა სანაცვლოდ დავით საგანელიძის განცხადება შეახსენა პრემიერს. საგანელიძემ გუშინ, 4 იანვარს განაცხადა, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. ჩანერგილების სია გადასცა. 
ჟურნალისტის კითხვაზე, ფლობს თუ არა თუ პრემიერი ინფორმაციას რა მუხლით შეიძლება დაიწყოს გამოძიება, იმიტომ რომ თანამედროვე ქართულ სამართალში ასეთი მუხლი არ არსებობს და იქვე გაიხსენა საბჭოთა კოდექსის მუხლი ტროცკისტების წინააღმდეგ, ივანიშვილმა უპასუხა: 
"მე მაგ კითხვას უპასუხოდ ვტოვებ. შემდეგი კითხვა..."  
აღსანიშნავია, რომ ტაბულას პრემიერის პრესკონფერენციაზე ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.  ჟურნალისტს, კითხვის დასასმელად მოუწოა ცოცხალ რიგში ჩადგომა, იქიდან გამომდინარე, რომ იგი სიაში არ ჩასვეს.

კომენტარები