შსს

ღარიბაშვილი: წინა წლის იანვრისა და ამა წლის იანვრის დანაშაულის სტატისტიკა იგივეა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში აცხადებს, რომ დანაშაულის სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით არ შეცვლილა. ღარიბაშვილმა კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმების შეგრძნება მედიას დაუკავშირა, მისი თქმით, ადრე დანაშაული არ შუქდებოდა, ხოლო ახლა შუქდება. ღარიბაშვილი საზოგადოებას და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დაჰპირდა, რომ სტატისტიკას მიაწვდის. 

"თუ ჩვენ ავიღებთ 2012 წლის იანვარს და ავიღებთ 2013 წლის იანვარს, დანაშაულის სტატისტიკა არის იგივე, მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ეს სტატისტიკა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებს მივმართავ, და რეალურად ვანახო, რომ არავითარი საგანგებო და საგანგაშო მდგომარეობა არ არის ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ოპონენტების არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე, ისინი ადასტურებენ თუ რაოდენ არაობიექტურები არიან და თუ რაოდენ არასახელმწიფოებრივად აზროვნებენ. როდესაც პირები, ვინც პრემიერმინისტრები იყვნენ და შინაგან საქმეთა მინისტრები, აცხადებენ, რომ ქვეყანაში აპოკალიფსი ხდება და ინგრევა ქვეყანა, ეს არის უბრალოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის დესტრუქციული მესიჯები და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები