კინო

კინოთეატრები

0 კომენტარი

The Croods

2013 წელი. აშშ. რეჟისორები: კრის სანდერსი, კირკ დე მიკო. მთ. როლებში: ნიკოლას ქეიჯი, ემა სტოუნი, რაიან რეინოლდსი, ქეთრინ ქინერი.

DreamWorks Animation ბოლო წლებში ძალიან გაძლიერდა და Pixar-ის მეტ-ნაკლები ჩავარდნის ხარჯზე, ამ კომპანიის ანიმაციაზე ჰეგემონიას წყალი შეუყენა. Croods პირველი პრეისტორიული ოჯახის ისტორიაა. ისინი გამოქვაბულში ცხოვრობენ და ყველანაირი საფრთხისგან დაცულები არიან, თუმცა ერთ დღეს მათი თავშესაფარი განადგურდება და ოჯახი მოგზაურობას იწყებს, რომელიც გასაოცარ თავგადასავლად იქცევა. ისინი ახალ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის, მაყურებელს კი ამ სამყაროს აღქმაში 3D ეფექტები დაეხმარება.

დიადი და ძლევამოსილი ოზი

2013 წელი. აშშ. რეჟისორი: სემ რეიმი. მთ. როლებში: ჯეიმს ფრანკო, რეიჩელ უაისი, მილა კუნისი, მიშელ უილიამსი.

ალბათ ყველა კინომოყვარულს გინახავთ პატარა დოროთის მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ის ჯადოქარ ოზის ეძებს, რომელიც სახლში დაბრუნებაში დაეხმარება. სემ რეიმიმ სარისკო საქმეს მოკიდა ხელი, კლასიკად ქცეული ფილმის პრიქველი გადაიღო. ეს არის ისტორია ამბიციურ ილუზიონისტზე, რომელიც დიდების ძიებაში უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც არჩევანი უნდა გააკეთოს – ან უბრალო ადამიანად დარჩეს ან ძლევამოსილ და დიად ჯადოქრად იქცეს.

გაიღიმეთ

2012 წელი. საქართველო. რეჟისორი: რუსუდან ჭყონია. მთ. როლებში: ია სუხიტაშვილი, მაკა ჩიჩუა, შორენა ბეგაშვილი, ეკა ქართველიშვილი, ია ნინიძე.

ფილმი დედების კონკურსის გარშემო განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს. 10 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქალი ყველაფრის ფასად ცდილობს გამარჯვებას. ზოგისთვის პრიზს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ზოგისთვის გართობაა ან კარიერული წინსვლის საშუალება. „გაიღიმეთ” თბილისის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი იყო. ის იმ იშვიათი ქართული ნამუშევრების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც აწმყოს ეხმიანება და რეალურ პრობლემებზე გვიყვება. „გაიღიმეთ” ტრაგიკომედიაა ხალხზე, რომლის ცხოვრების სცენარიც უკვე დაწერილია და ისინი მხოლოდ მარიონეტების როლს ასრულებენ.

ჯეკი – გიგანტთა მმუსვრელი

2013 წელი. აშშ. რეჟისორი: ბრაიან სინგერი. მთ. როლებში: ნიკოლას ჰოლტი, იან მაკგრეგორი, სტენლი ტუჩი, ბილ ნაი.

ბრაიან სინგერი ჯადოსნურ სამყაროში შეგიძღვებათ. აქ ოდესღაც გიგანტებსა და ადამიანებს შორის ომი იყო, რომელშიც ადამიანებმა გაიმარჯვეს. თუმცა ახალგაზრდა ჯეკი ორ სამყაროს შორის გასასვლელს ისევ გახსნის და ორ რასას შორის დაპირისპირება ახალი ძალით იფეთქებს. ეს არის ფენტეზი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს – კარგი რეჟისორი, დიდი ბიუჯეტი, ბატალური სცენები და სასიყვარულო ხაზი.

მე და შენ

2012 წელი. იტალია. რეჟისორი: ბერნარდო ბერტოლუჩი. მთ. როლებში: ტეა ფალკო, იაკოპო ოლმო ანტინორი, სონია ბერგამასკო.

9 წელია ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი არ გადაუღია. ის სავარძელსაა მიჯაჭვული, სულ უფრო მეტად უჭირს მეტყველება, მაგრამ საყვარელ საქმეს მაინც არ შორდება. იტალიელმა ხელოვანმა მოახერხა გადაეღო ფილმი, რომლის მოქმედებაც ერთ სახლში ვითარდება. ეს არის ლორენცოს და მისი ნახევარდის ოლივიას ისტორია, რომელსაც კრიტიკოსები კანის კინოფესტივალზე ძალიან თბილად შეხვდნენ.

 

რუსთაველი
რუსთაველის გამზ. 5,
ტელ.: 2 55 50 00
ამირანი
კოსტავას ქ. 36,
ტელ.:2 99 99 55
აპოლო
ბათუმი: მემედ აბაშიძის №17
www.kinoafisha.ge

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები