მთავარი პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ციხის ბუნტის საქმე გახსნილია

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირველ, მეხუთე და სამკურნალო დაწესებულებებში მომხდარი ე.წ.  ციხის ბუნტის საქმე გახსნილია. პროკურატურის ცნობით, 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარემ ბაჩანა ახალაიამ გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების წამებისა და დამცირების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია.

"ამ მიზნით ახალაია და დგებუაძე ახალაიას კაბინეტში შეხვდნენ კანონიერ ქურდს პ. მამარდაშვილს და მას გააცნეს გეგმა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო პ. მამარდაშვილს. გეგმის მიხედვით, პატიმრების გასეირნების დროს, მას შემდეგ, რაც პატიმრები დატოვებდნენ საცხოვრებელ ფლიგელს, ე.წ. კანონიერი ქურდების პალატის წინ დაამონტაჟებდნენ ფარულ ვიდეო და აუდიოკამერას. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, აღნიშნულ დერეფანში ჩამოიყვანდნენ პატიმარ ზურაბ ვიბლიანს, რომელიც დაწესებულების კრიმინალურ წრეებში მოიაზრებოდა, როგორც დაწესებულების ე.წ. მაყურებელი. პ. მამარდაშვილს, როგორც კანონიერ ქურდს, ფარული კამერის წინ ვიბლიანთან უნდა ესაუბრა დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც უნდა დაედანაშაულებინა ბაჩანა ახალაია. ამის შემდეგ კი, ახალაიას ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით, უნდა დაევალებინა ზ. ვიბლიანისათვის, რომ მას შეერჩია რომელიმე გახმაურებულ საქმეზე საზოგადოებისათვის ასე თუ ისე ცნობილი პატიმარი, რომელიც იმავდროულად იქნებოდა მათთვის სანდო კაცი. ზ. ვიბლიანს ამ პატიმრისთვის უნდა შეეთავაზებინა, რომ საკუთარ სხეულზე მიეყენებინა რაიმე სახის მსუბუქი დაზიანება, შემდგომ ეჩივლა უფლებადამცავ ნანა კაკაბაძესთან და ამ დაზიანების მიყენებაში დაედანაშაულებინა ბაჩანა ახალაია. ახალაიას გეგმით, პ. მამარდაშვილსა და ზ. ვიბლიანს შორის შემდგარი საუბარი ჩაიწერებოდა ფარული კამერით. მას შემდეგ, რაც ზ. ვიბლიანის მიერ შერჩეული პატიმარი მიიყენებდა დაზიანებას და იჩივლებდა ნ. კაკაბაძესთან, რომელიც, თავის მხრივ, ამ ფაქტს პრესაში და ტელევიზიაში გააცხადებდა, ამ მომენტში ბაჩანა ახალაია გამოაქვეყნებდა პ. მამარდაშვილსა და ზ. ვიბლიანს შორის შემდგარი საუბრის ვიდეო და აუდიოჩანაწერს, რითაც საზოგადოებას მოატყუებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე ინსცენირებულია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, მამარდაშვილი ახალაიას მიერ შემოთავაზებულ პირობებს დათანხმდა, მაგრამ მასთან კამერაში შეყვანილ ვიბლიანთან არაფერზე უსაუბრია.

 "ახალაიამ გადაწყვიტა მამარდაშვილისთვის და ვიბლიანისათვის ანგარიშის გასწორება. 2006 წლის 27 მარტს ღამის 01 საათზე, იგი მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, მე-7 საპყრობილის დირექტორთან გიორგი ფოლადაშვილთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში დასჯის მიზნით მიეყვანათ მსჯავრდებულები პ. მამარდაშვილი და ზ. ვიბლიანი. მან ასევე მოითხოვა დირექტორის კაბინეტში ამავე დაწესებულების პატიმრების გიორგი ავალიანის და ლევან ცინდელიანის მიყვანაც, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ პ. მამარდაშვილთან და ზ. ვიბლიანთან, თუმცა მათი გამოძახება ემსახურებოდა ახალაიას განზრახვას, რომ შეენიღბა შეუსრულებელი დავალების გამო მამარდაშვილისა და ვიბლიანისათვის ანგარიშის გასწორების მიზანი. დირექტორის კაბინეტში შეყვანილ პ. მამარდაშვილს ბ. ახალაიამ აჩვენა მის ხელთ არსებული ვიდეოფირი და უთხრა, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო იგი უნდა დასჯილიყო. ამის შემდეგ მეგის ქარდავამ პ. მამარდაშვილს, მისი როგორც კრიმინალური ავტორიტეტის დამცირების მიზნით, სხვა პატიმრების თვალწინ დაუწყო თმების შეჭრა. შეჭრილ თმებს უწყობდა ჯიბეში. ამის შემდეგ ახალაიამ პატიმრების გამოწვევის მიზნით რიგრიგობით ჰკითხა ზ. ვიბლიანსა და გ. ავალიანს თუ რა დღე, რა რიცხვი და რომელი წელი იყო, რაზედაც ავალიანმა მიუგო, რომ ეს თვითონ ახალაიამაც იცოდა. ამ პასუხზე ახალაიამ სახეში შეაფურთხა გ. ავალიანს. გ. ავალიანმა საპასუხოდ ახალაიას ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ბ. ახალაიამ, რ. ჭარბაძემ, მ. ქარდავამ და სპეცრაზმის თანამშრომლებმა დაუნდობლად სცემეს გ. ავალიანს, ზ. ვიბლიანსა და პ. მამარდაშვილს. პარალელურად, ბ. ახალაიამ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი", - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის წარმომადგენლების უკანონო ქმედებას პატიმრების აქტიური პროტესტი მოჰყვა, რაც ბუნტში გადაიზარდა.  

კომენტარები