პაპი ფრანცისკე

მსოფლიო პატრიარქი პაპის ინტრონიზაციას დაესწრება

რომისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიების ურთიერთანათემათა შემდეგ, რომელიც "დიდი სქიზმის" სახელით არის ცნობილი (1054), კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი ახლადარჩეული პაპის ინტრონიზაციაში პირველად მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ბერძნული რელიგიური საინფორმაციო პორტალი „რომფეა“ იტყობინება. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი ვატიკანში არაერთხელ ჩასულა. მან პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტესთან ერთად, სარწმუნოების სიმბოლო, ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსიც წარმოთქვა, თუმცა 2005 წელს პაპის ინტრონიზაციას არ დასწრებია. პაპი ბენედიქტე მსოფლიო პატრიარქს მოციქულ ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულზე სტამბოლშიც ეწვია. საეკლესიო კომენტატორები ვარაუდობენ, რომ კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობას ეს ვიზიტი ახალ სიმაღლეზე აიყვანს. 

პაპი ფრანცისკე, რომელიც 13 მარტს აირჩიეს, პეტრეს ტახტზე 19 მარტს უნდა აღსაყდრდეს. ინტრონიზაციაზე სხვადასხვა კონფესიათა დელეგაციებიც ჩავლენ, მათ შორის მართლმადიდებელი საპატრიარქოებიდანაც. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაგზავნის თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ დელეგაციას პაპი ფრანცისკეს ინტრონიზაციაზე.

 

კომენტარები