სუბსიდიები

სუბსიდირებული ეკონომიკის პარადოქსი

0 კომენტარი

„თუ მშიერ ადამიანს გინდა დაეხმარო, მას თევზი კი არ უნდა მისცე, არამედ მიეცი ანკესი და თევზაობა ასწავლე“

ჩინური ანდაზა

ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს – შეიქმნას კონკურენტუნარიანი პროდუქტი და მომსახურება (ისეთი პროდუქტი და მომსახურება, რომლის ფასის და ხარიხის ერთობლიობა უზრუნველყოფს ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლების მხრიდან მათ შეძენას). ეს საშუალებას მისცემს ქვეყანას შექმნას სამუშაო ადგილები, შეავსოს სახელმწიფო ბიუჯეტი, სტაბილურად შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური პარამეტრები (საგადამხდელო ბალანსი, ინფლაცია, შექმნას სავალუტო რეზერვები და ა.შ.). შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზანი სწორედ კონკურენტუნარიანობის გაზრდა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კაპიტალი დატოვებს ქვეყანას, ბიზნესაქტივობა შემცირდება და ქვეყანა ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ ხაფანგში (პოლ კოლიერის მიერ დამკვიდრებული ტერმინი) მოექცევა.

ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე, მათ შორის ზოგიერთი ეკონომისტიც, ეკონომიკის წახალისების ერთ-ერთ ინსტრუმენტად სუბსიდირებას მიიჩნევს. ერთი შეხედვით, სუბსიდირებაში ცუდი არაფერია – სახელმწიფო ეხმარება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და კომპანიებს, რათა უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ ბაზარზე, როგორც მოხმარების, ასევე წარმოების მხრივ. თუმცა, ეკონომიკაში ნებისმიერ ხელოვნურ ჩარევას თავისი შედეგები ახლავს, ზოგჯერ მნიშვნელოვნად, ხოლო ზოგჯერ ნაკლებად პრობლემატური, რომელთა უარყოფითი გავლენის განეიტრალებაც ხშირად უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის, ვიდრე თავად სუბსიდია.

სუბსიდირების ის ტიპი, რომელიც მოქალაქეების სოციალურ დაცვას ითვალისწინებს, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევა (ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება), ან საწვავზე და ელექტროენერგიაზე ფასების ხელოვნური შემცირება (რომელსაც ძირითადად ენერგორესურსების მომპოვებელი განვითარებადი ქვეყნები მიმართავენ), საბოლოოდ, ფინანსდება გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან. მხოლოდ ინდუსტრია, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავისი განვითარების ხარჯზე ვერ უზრუნველყოფს სუბსიდირებას და გაკოტრდება. ამ შემთხვევაში, სუბსიდირებულ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, არ ხდება ამ რესურსის დაზოგვა/ეფექტური გამოყენება და გაზრდილი ხარჯვა კიდევ უფრო ზრდის სუბსიდირების საჭიროებას, რასაც ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვამდე მივყავართ წარმატებული ინდუსტრიების დამატებით დაბეგვრის ხარჯზე და მათაც ეკარგებათ კონკურენტუნარიანობა. ამის კარგი მაგალითია ვენესუელა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის მარაგებით პირველ ადგილზეა და მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასები 1998 წლიდან (მას შემდეგ, რაც უგო ჩავესი მოვიდა ხელისუფლებაში და სუბსიდირება დაიწყო) 2012 წლის ჩათვლით თითქმის გაათმაგდა, ამ ქვეყანაში ნავთობის მოპოვება დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა და მათ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-საც სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, მიუხედავად წარმატებული 90-იანი წლებისა.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს გააჩნია სიმდიდრის ისეთი წყარო, როგორიცაა ბუნებრივი რესურსები და ამ რესურსების ფასი სტაბილურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, პრობლემის შენიღბვა დროებით შესაძლებელია. ეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კარგავს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების უნარს და რესურსების სუბსტიტუტის გამოჩენის ან ფასის დაცემის შემთხვევაში მისი ეკონომიკა აბსოლუტურად უუნარო ხდება. თუმცა საქართველოს ეს საფრთხე არ ემუქრება.

ასეთი ტიპის სუბსიდირების მასშტაბები დამოკიდებულია სახელმწიფოს ბიუჯეტის შესაძლებლობებზე და შესაბამისად დაგეგმვის შემთხვევაში, მისი ნეგატიური გავლენის კონტროლი შესაძლებელია.

მაგრამ არსებობს სუბსიდირების მეორე ტიპი, რომელიც რომელიმე ინდუსტრიას ან საწარმოს პირდაპირ „დახმარებას“ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, თავად ეს ინდუსტრია ხვდება „ეკონომიკურ ხაფანგში“ და გრძელვადიან პერსპექტივაში კარგავს განვითარების შესაძლებლობას. ამის მაგალითად შესაძლებელია გამოვიყენოთ სოფლის მეურნეობა. პირველ რიგში, განვმარტავ, როგორ მესმის მე დარგის განვითარება. სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს ადგილობრივად ისეთი პროდუქტის წარმოების ზრდას, რომელიც თავისი ხარისხით და ფასით ჩაანაცვლებს იმპორტს და გაიზრდება მოთხოვნა მის ექსპორტზე. სოფლის მეურნეობის განვითარება არ წარმოადგენს ზოგადად სოფლის განვითარებას, სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნებას ან მათ პირდაპირ დახმარებას.

სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ძირითადი დარგი მხოლოდ განუვითარებელ ქვეყნებშია. საზოგადოების განვითარებასთან ერთად, ანუ მაშინ, როდესაც ეკონომიკურ სუბიექტს შეუძლია უფრო ნაკლები რესურსით (დრო, კაპიტალი) აწარმოოს უფრო მაღალი ღირებულების საქონელი ან მომსახურება, კონკურეტული უპირატესობა გადავა ჯერ ინდუსტრიულ ნაწარმზე, შემდეგ კი მაღალკვალიფიციურ მომსახურებასა და ტექნოლოგიებზე.

დღევანდელ მსოფლიოში ღირებულების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ უკანასკნელ სექტორებში იქმნება. სოფლის მეურნეობის წილი კი განვითარებული ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 2%-დან 6%-მდე მერყეობს (ევროგაერთიანების ქვეყნებში და აშშ-ში ჯამურად 2%-ზე ნაკლებია, ხოლო ამ სექტორში დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 5%-ია). საქართველოში სოფლის მეურნეობის წილი მშპ–ს დაახლოებით 9 % გახლავთ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მთლიანად ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის დაახლოებით 48%-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარმა, შრომის დაბალი ნაყოფიერების გამო, თავი უნდა შეინახოს მშპ-ის 9 %-ის პროპორციულად მიღებული შემოსავლით (ანუ მათ ქვეყნაში საშუალო დასაქმებულ ადამიანთან შედარებით იგივე დროის მონაკვეთში დაახლეობით 5.3 –ჯერ ნაკლები ღირებულების პროდუქციის შექმნა შეუძლიათ). თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესეობაში აგრარულ სექტორში დასამებულთა ეფექტურობა საშუალოზე დაბალია, მაგრამ არა ასეთი მკვეთრი შეფარდებით. ამიტომ, ჩნდება მოთხოვნა, რომ „სოციალური თანასწორობის“ შექმნის მიზნით მოხდეს სოფლის მოსახლეობის (რაც არ ნიშნავს სოფლის მეურნობას) დახმარება.

სუბსიდირების შემთხვევაში, ეკონომიკის სხვა სექტორში დასაქმებულები (სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით) თანხებს აძლევენ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს, რათა მათ დაფარონ თავიანთი მიმდინარე ხარჯები (მოხვნა, დათესვა, პროდუქტების მარკეტინგი და ა.შ.) და შეძლონ უფრო დაბალ ფასში გაყიდონ პროდუქცია (ან გაზარდონ მისი ხარისხი უფრო მეტი საკუთარი თანხების ინვესტირებით, რაც კაპიტალის და სამეწარმეო გამოცდილების სიმწირის გამო იშვიათად ხდება).

იმისთვის, რომ პროდუქტმა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა, მოსახლეობის მეორე ნახევარმა მომავალ წლებშიც კვლავ უნდა გაიმეოროს გლეხების მიმდინარე ხარჯების სუბსიდირება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის ერთი ნახევარი მეორე ნახევარმა მუდმივად უნდა შეინახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მუდმივად იქნება „სოციალური უთანასწორობა“.

სუბსიდირების მაგალითები მსოფლიოშიც და საქართველოშიც მრავალია. თუმცა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყნის – ახალი ზელანდიის აგრარული სექტორი სწორედ სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიო ბაზარზე. წინა ხელისუფლებებიც დროდადრო ახდენდნენ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, რამაც არანაირი დადებითი შედეგი არ მოიტანა. პირიქით, მიმდინარე ხარჯების სუბსიდირება ასუსტებს ან საერთოდ კლავს იმ დამხმარე ბიზნესსაც, რომლის შესაბამის მომსახურებას ეწევიან (ტრაქტორისტები, სანერგე მეურნეობის მფლობელები და ა.შ.) და ერთ გაჭირვებულს (შესანახს) მეორე ემატება. ამ შემთხვევაში, ნაკლებ ადამიანებს უწევთ უფრო მეტის შენახვა და მზარდი სუბსიდირება ეკონომიკის შემცირების ხარჯზე თავად ამ სუბსიდირების რესურსს კლავს.

ბიუჯეტის სახსრების უშედეგო ხარჯვის თავიდან ასაცილებლად, უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტის კონკურენტუნარიანობა, რათა ფერმერებმა (და არა გლეხებმა) თავად შეძლონ საკუთარი თავის შენახვა. ამისათვის საჭიროა სამეწარმეო სუბიექტების მასშტაბების გაზრდა და ტექნოლოგიების გამოყენება. მცირემიწიანი გლეხი ტექნოლოგიური ცოდნის და მექანიზაციის გარეშე კონკურენციას ყოველთვის წააგებს იმპორტიორებთან.

აუცილებელია სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურაში (მათ შორის, სამეწარმეო) განვითარებაში ფულის ჩადება, სასოფლო სამეურნეო ობიექტების გამსხვილება და საფინანსო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების გარეშე ცალკე, განყენებულად აგრარული სექტორი ვერ განვითარდება. აგრარული სექტორის განვითარებას წინ უნდა უძღოდეს ურბანიზაცია და არასასოფლო სექტორის განვითარება, რათა გამოთავისუფლებული მუშახელი სხვა საქმიანობით დაკავდეს. ეს კი უნდა უზრუნველყოს კაპიტალის შემოსვლამ, ტექნოლოგიების და სამეწარმეო ცოდნის დანერგვამ (რაც გააადვილებს სესხის მოზიდვას). ამ უკანაკსნელი მიმართულებით მუშაობა ბევრად უფრო მეტს მისცემს სოფლის მოსახლეობას, ვიდრე მათი მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, რომელიც მიზანს ნამდვილად ვერ აღწევს და გლეხებს უჩენს ბუნებრივ მოლოდინს, რომ მათთვის ამ დახმარების გაწევას შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს. შედეგად ვიღებთ ხარისხის გაუმჯობესების და ეფექტურობის გაზრდის (იმავე რესურსებით უფრო მეტი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მოყვანა) მოტივაციის დაქვეითებას და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება შეუძლებელი ხდება.

შესაბამისად, ჩვენი მოლოდინებიც განვითარების იმ ნაწილზე უნდა შეჩერდეს, რომელიც წინა აბზაცში ნახსენები მიმართულებით იხარჯება, ხოლო მიმდინარე ხარჯების დაფინანსება სხვა ქვეყნების სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას (რესურსების შეძენა ძირითადად საზღვარგარეთ ხდება) უფრო უწყობს ხელს, ვიდრე ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ზემოხსენებულ მოვლენებამდე კი ჩვენც უნდა შევეგუოთ, რომ მოსახლეობის ერთი ნახევარი მეორე ნახევრის შესანახი იქნება, რასაც სოფლის მეურნეობის „აღორძინების“ იდეით გავამართლებთ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები