აგრარული უნივერსიტეტი

აგრუნისთან დაკავშირებით ქართველმა მეცნიერებმა მარგველაშვილს წერილი მისწერეს

0 კომენტარი

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის დაბრუნებას სთხოვენ, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს 12 მარტს გაუუქმა. მეცნიერების წერილი სოციალურ ქსელში აგრარული უნივერსიტეტის მფლობელმა, კახა ბენდუქიძემ გამოაქვეყნა.     

"საქართველოს საზღვრებს გარეთ მომუშავე ქართველი მეცნიერები შეშფოთებას გამოვთქვამთ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენათა გამო და მოგმართავთ თხოვნით დაუყოვნებლივ გადახედოთ 2013 წლის 12 მარტს მიღებულ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებას. გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველოს უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების, და მათ შორის აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო და აკადემიური პროცესები მიმდინარეობდეს მაქსიმალურად თავისუფლად და უმტკივნეულოდ. შექმნილ ვითარებაში იმედს ვიტოვებთ რომ განათლების სამინისტრო შეძლებს დროზე განმუხტოს და თავიდან აიცილოს ყოველგვარი შესაძლო შემდგომი კონფრონტაცია პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, რაც მხოლოდ უარყოფითად აისახება სწავლებისა და კვლევის ხარისხზე", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 43 მეცნიერი აწერს.

 აღნიშნულ წერილს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა.

"ამ მიმართვას არ ვიცნობ. მაგრამ ბენდუქიძემ, რაღაცნაირად, შეძლო, ჩატეულიყო საქართველოს კანონმდებლობაში. მნიშვნელოვანია, ქვეყანამ აღასრულოს კანონმდებლობა სწორად და არ მოხდეს ყველაფრის გადატანა უაზრო პოლიტიკური პრანჭიაობის კონტექსტში. ვინ მომმართავს, არ ვიცი, წაიკითხონ კანონი და თუ ბენდუქიძემ შეძლო, დამორჩილებოდა კანონს, იქნებ მათაც გაიაზრონ კანონის უზენაესობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები