უკრაინა

იანუკოვიჩმა ყოფილი შს მინისტრი ლუცენკო შეიწყალა

აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო და ეკოლოგიის მინისტრი გეორგი ფილიპჩუკი შეიწყალა. მათთან ერთად იანუკოვიჩმა კიდევ 5 მსჯავრდებულის შეწყალების ბრძანებას მოაწერა ხელი.

ლუცენკოს, რომელიც ნარინჯისფერი რევოლუციის ერთერთი ლიდერი იყო, შს მინისტრის პოსტი 2007-2010 წლებში, ტიმოშენკოს მთავრობაში ეკავა. იგი სახელმიწფო ქონების ფლანგვის ბრალდებით 2010 წელს დააკავეს. 2012 წლის თებერვალში კი ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოხდა მისი ქონების კონფისკაციაც. ბრალდების მხარე ყოფილ მინისტრს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 125 ათასი დოლარის ოდენობის ზარალის მიყენებას ედავებოდა. გასული წლის ივლისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლუცენკოს პატიმრობა უკანონოდ ცნო, რის შემდეგაც კიევის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მინისტრს პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა მალევე, ლუცენკოს ორწლიანი პატიმრობა უკვე სხვა საქმისთვის, ამჯერად სამსახურეობრივი გულგრილობისთვის მიესაჯა. 2012 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკრაინას კომპენსაციის სახით ლუცენკოსთვის 15 ათასი ევროს გადახდაც დააკისრა. 2013 წლის იანვარში ექს-მინისტრმა ეს თანხა მიიღო.

საქმემ, რომლესაც ქვეყნის შიგნით ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა, უკრაინას ევროკავშირთან ურთიერთობაში პრობლემები შეუქმნა, იმ ფონზე, როდესაც 2011 წელს ტიმოშენკო დაპატიმრების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები განუსაზღვრელი დროით გადადო. ევოკავშირის წარმომადგენლები, მათ შორის, ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე, ლუცენკოს საქმესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ისინი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ ლუცენკოს სასამართლო პროცესი არ შეესაბამებოდა სამართლიანი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.

გასულ თვეში ბრიუსელმა კიევს ტიმოშენკოს, ლუცენკოს და ყოფილი დეპუტატის ვლასენკოს საქმეებთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილებების განხორციელებისთვის ვადა 18 აპრილამდე მისცა, როგორც ევროკავშირთან ურთიერთობის კრიზისიდან გამოსვლის წინაპირობა. ამ მიზნით კიევში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი კვასნევსკი და ევროპარლამენტის ექს-პრეზიდენტი კოკსი იმყოფებოდნენ.  იანუკოვიჩს დასავლეთის მარდაჭერა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 15 მილიარდი დოლარის მისაღებადაც ჭირდება, რაც, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო.

იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას პატიმრების შეწყალების თაობაზე უკვე მიესალმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე.

„როგორც იქნა, მივესალმები პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, შეიწყალოს ლუცენკო და ფილიპჩუკი. ეს პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია შერჩევითი სამართლის პრობლემის გადაწყვეტისკენ“ - წერს ფულე უკრაინის პრეზიდენტის პირად Twitter-ზე.

 

 

კომენტარები