აგვისტოს ომი

ომი, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია

დავით ბატაშვილი
0 კომენტარი

წლის 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა რამდენიმე წინადადება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. იმავე დღეს რუსული მედია აჭრელდა მისი ციტატებით, რომელთაც თან ახლდა ისეთი სათაურები, როგორებიცაა: „საქართველომ აღიარა, რომ მან დაიწყო ომი 2008-ში“, „საქართველომ აღიარა საკუთარი არაადეკვატურობა 2008 წლის ომის დროს“, „საქართველომ აღიარა, რომ 2008 წელს რუსეთთან ომში მტყუანი იყო“ და მრავალი სხვა.

ხსენებულ რამდენიმე წინადადებაში საქართველოს პრემიერმინისტრმა მოახერხა კატასტროფული ტყუილების ჩატევა. ყველაზე მძიმე ამ ტყუილებს შორის არის პრემიერის განცხადება, რომ საქართველოს სამხედრო ნაწილებმა „დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვარი“.

რეალური ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. რუსული რეგულარული ჯარების შემოდინება ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა 2008 წლის აგვისტოს პირველ დღეებში - მას შემდეგ, რაც 2 აგვისტოს დასრულდა სამხედრო სწავლება „კავკაზ-2008“.

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008 ფოტო: Reuters
5 აგვისტოს რუსული 33-ე სამთო მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონმა როკის გვირაბი გამოიარა და საქართველოში შემოვიდა. იმ დროსთვის რუსეთის რეგულარული სამხედრო დანაყოფები ცხინვალის რეგიონში უკვე 1200 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა მაშინ, როცა არსებული შეთანხმებებით ცხინვალის რეგიონში დაშვებული იყო მხოლოდ 530 რუსი სამშვიდობოს ყოფნა. ეს ფაქტები დაფიქსირებულია 2009 წელს გამოქვეყნებულ საერთაშორისო კვლევაში „აგვისტოს ქვემეხები“ (The Guns of August 2008: Russia’s War in Georgia ). ხოლო 6 აგვისტოს „ნეზავისიმაია გაზეტა“, სხვა რუსულ მედიასაშუალებებთან ერთად იტყობინებოდა, რომ გზა როკის გვირაბის ჩრდილოეთით სავსე იყო რუსული ჯარის სატვირთო და ჯავშნიანი მანქანებით, რომლებიც გვირაბისკენ მიემართებოდნენ. 7 აგვისტოს დილის 4 საათისთვის საქართველოს შსს-მ მოიპოვა ადგილობრივი მებრძოლების საუბრების ჩანაწერები, სადაც ლაპარაკი მიდიოდა როკის გვირაბით რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში შემოსულ ტანკებზე და ჯავშნიან მანქანებზე. იმავე დღეს, 17:00 საათზე რუსულმა ტელეარხმა „რტრ პლანეტა“ გადმოსცა სერგეი ბაღაფშის განცხადება, რომელშიც ის გამოთქვამდა იმედს, რომ ცხინვალთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგანაც, მისი თქმით, რეგიონში შემოსული იყო „ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი“.

ომის შემდეგ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა რუსი სამხედროების მრავალი ინტერვიუ, სადაც ისინი ჰყვებოდნენ თავიანთ საგმირო საქმეებზე ომის დროს. რამდენიმე შემთხვევაში, მოხდა წამოცდენა, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ სამხედრო მოსამსახურეთა დანაყოფები იმყოფებოდნენ ცხინვალის რეგიონში ქართული ჯარის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. მათ შორის, 135-ე მოტომსროლელთა პოლკის 1-ლი ბატალიონის ასეულის მეთაურმა დენის სიდრისტიმ ინტერვიუში თქვა, რომ მისი დანაყოფი სწავლება „კავკაზ-2008“-ის დასრულების შემდეგ საქართველოს საზღვართან ახლოს დარჩა, ხოლო 7 აგვისტოს მიიღო ბრძანება ცხინვალის რეგიონში გადასვლის შესახებ, რაც იმავე დღეს განახორციელა კიდევაც.

აფეთქებული რკინიგზის ხიდი. კასპი, აგვისტო 2008 ფოტო: Reuters
იმ მომენტისთვის, როდესაც 7 აგვისტოს 23:30 საათზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ბრძანება გასცა, მთელ რიგ რუსულ სამხედრო დანაყოფებს საქართველოს საზღვარი უკვე გადმოლახული ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ 135-ე და 693-ე მოტომსროლელთა პოლკების ნაწილები და ГРУ-ს სპეცდანიშნულების დანაყოფები. ეს უკანასკნელნი, კერძოდ, მე-10 და 22-ე ГРУ-ს ბრიგადების ნაწილები იმყოფებოდნენ უშუალოდ ქალაქ ცხინვალში და 8 აგვისტოს დილით ბრძოლაში შევიდნენ ქართულ საბრძოლო დანაყოფებთან.

რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების გარდა, აგვისტოს პირველ დღეებში რუსეთიდან ასევე ხდებოდა „მოხალისეთა“ საბრძოლო ჯგუფების შემოსვლა ცხინვალის რეგიონში. 4 აგვისტოს ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში შემოვიდა 300 მოხალისე ჩრდილო ოსეთიდან, და რომ მალე მათი რაოდენობა 2 ათასამდე გაიზრდებოდა. ამავე დროს, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოადგილემ დიმიტრი ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ ოლქში მიდიოდა კაზაკ მოხალისეთა მობილიზაცია ცხინვალში გასაგზავნად. ეს პროცესი სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული, მოხალისეები იკრიბებოდნენ სახელმწიფო სამობილიზაციო პუნქტებზე. მათი უმეტესობა მიემაგრა მე-19 მოტომსროლელთა დივიზიას, რომელმაც შემდგომ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოსთან ომში. 5 აგვისტოს ცხინვალელ სეპარატისტთა წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ კაზაკ მოხალისეთა პირველი ჯგუფები უკვე შემოსულნი იყვნენ ცხინვალის რეგიონში.

ტალიავინის კომისიის დასკვნა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ რუსული სამხედრო ოპერაციის ოფიციალურ დაწყებამდე (8 აგვისტოს), ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდნენ რუსული რეგულარული სამხედრო ნაწილები, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ სამშვიდობო ბატალიონს. ასევე, დასკვნაში წერია, რომ „აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში სავარაუდოდ ხდებოდა მოხალისეთა და დაქირავებულ მებრძოლთა შემოდინება როკის გვირაბის და კავკასიონის ქედის უღელტეხილების მეშვეობით“.

ქართველი სამხედროები დაჭრილ მოქალაქეს ეხმარებიან. გორი, აგვისტო 2008 ფოტო: Reuters
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მზადება საქართველოს საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციისთვის უკვე მიმდინარეობდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რუსული ჯარი დაიწყებდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას 2008 წლის 2 აგვისტოს შემდეგ. 2008 წლის აპრილში რუსეთმა დაიწყო დამატებითი ძალების შეყვანა აფხაზეთში. 21 აპრილს მოსკოვმა განაცხადა მე-7 სადესანტო დივიზიის ბატალიონის აფხაზეთში შეყვანის შესახებ, რაც მისი სამშვიდობო მანდატის დარღვევას წარმოადგენდა. იმავე პერიოდში რუსეთმა აფხაზეთში ასევე გაგზავნა ორი სპეცდანიშნულების ასეული. 3 მაისს კი რუსეთმა აფხაზეთში შეიყვანა სარკინიგზო ჯარების 400-კაციანი დანაყოფი, რომელმაც ოჩამჩირემდე რკინიგზის რემონტი განახორციელა. ეს ფაქტი ასევე არღვევდა რუსების სამშვიდობო მანდატს. რკინიგზის რემონტი დასრულდა 30 ივლისს, ანუ ომამდე თითქმის 1 კვირით ადრე. ომის დროს ეს რკინიგზა გამოყენებული იყო მრავალი რუსული სამხედრო ნაწილის და მათი მძიმე ტექნიკის დასავლეთ საქართველოში გადასროლისთვის.

15 ივლისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს საზღვართან ახლოს, რუსეთი ატარებდა მასშტაბურ სამხედრო სწავლებას „კავკაზ-2008“. ამ სწავლების დროს რუს ჯარისკაცებს ურიგდებოდათ საინფორმაციო ფურცელი სახელწოდებით „მეომარო, იცნობდე შენს სავარაუდო მოწინააღმდეგეს“. ფურცლის შინაარსი წარმოადგენდა ქართული ჯარის აღწერას. სწავლების შემდეგ მასში მონაწილე სამხედრო ნაწილები დარჩნენ საქართველოს საზღვართან საველე პირობებში და მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში. როგორც ზემოთაა აღნიშნული, მათმა ნაწილმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ ქართული ჯარის სამხედრო ოპერაციამდე, დანარჩენებმა კი ეს მომდევნო დღეებში გააკეთეს.

საქართველოს საწინააღმდეგო აქციისთვის რუსეთი პოლიტიკურადაც ემზადებოდა. 2008 წლის 14 თებერვალს პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარების შემთხვევისთვის რუსეთს მომზადებული ჰქონდა მოქმედების გეგმები. 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც მომდევნო დღეებში მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მიერ იქნა აღიარებული. მალევე ცხადი გახდა, თუ რა სახის გეგმებზე საუბრობდა პუტინი.

ფოტო: Reuters
6 მარტს რუსეთი გამოვიდა 1996 წლის ხელშეკრულებიდან, რომელიც მას აფხაზეთთან ურთიერთობების დამყარებას უკრძალავდა. 21 მარტს რუსეთის დუმამ მოუწოდა მთავრობას ეღიარებინა საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობა. 3 აპრილს პუტინმა გაუგზავნა სეპარატისტების ლიდერებს წერილი, რომელშიც მხარდაჭერას ჰპირდებოდა. ხოლო 16 აპრილს პუტინმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს საქართველოს ორივე კონფლიქტური რეგიონის სეპარატისტ ხელმძღვანელობასთან ფორმალური ურთიერთობები უნდა დაემყარებინათ. შემდეგ უკვე დაიწყო სამხედრო მზადება, რომელიც აგვისტოს სამხედრო აგრესიით დაგვირგვინდა.

რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო მზადება ომის წინა პერიოდში უკვე თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი და თანმიმდევრულად განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ოპერაცია. ეს ოპერაცია განპირობებული იყო რუსეთის სტრატეგიული მიზნებით საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ზოგ ადამიანს, დიდი სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დახუჭოს თვალები ამ აშკარა რეალობაზე და თქვას, რომ რუსეთი არ დაიწყებდა ომს, რომ არა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. ეს ამ ადამიანთა საქმეა. მაგრამ იმის თქმა, ვითომ რუსულ ჯარს არ გადმოუკვეთავს ჩვენი საზღვარი იქამდე, სანამ საქართველო დაიწყებდა სამხედრო ოპერაციას, პირდაპირ ეწინააღმდეგება დადასტურებულ ფაქტებს და, შესაბამისად, უბრალოდ ტყუილია.

გაუგებარია, რატომ და რისთვის ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ამ ტყუილს, რომელიც უმძიმეს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს.

ცხინვალი რუსული ავიადაბომბვების შემდეგ. აგვისტო 2008 ფოტო: Reuters
ამ ფაქტს ემატება მთავრობის სხვა ბოლოდროინდელი საზიანო ქმედებები ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. პარლამენტში შემოტანილია კანონპროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს საზღვრის უკანონო გადალახვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე დაისჯება ადმინისტრაციული წესით, მაშინ როცა იგივე დარღვევა საქართველოს დანარჩენ საზღვარზე სისხლის სამართლით ისჯება. თუ პარლამენტი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს, გამოვა, რომ საქართველოს ორი ტიპის საზღვარი აქვს: ერთი „ნამდვილი“, მეორე კი „ნაკლებად ნამდვილი“. ამის გარდა, იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა გააკეთეს განცხადებები აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალის პოლიტიკური მისწრაფებების გამო ამ გამოძიების დასკვნა არ იქნება სრულიად ადეკვატური, ჩვენ შეიძლება ხელოვნურად ჩავაგდოთ ჩვენი თავი სერბეთის მდგომარეობაში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების თვალში დაბრალდა აგრესია კოსოვოში, რის შედეგადაც უარი ეთქვა მის სუვერენულ უფლებებზე ამ რეგიონზე. ამდაგვარი ზიანის მიყენება ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენივე ხელით იქნებოდა ძალიან ექსტრავაგანტური და ალბათ კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო ქმედება.

ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ და უცნაურად გამოიყურება. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მთავრობა განგებ მოქმედებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თავისი შეცდომებით ის ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რათა სწორედ ასეთი შთაბეჭდილება შექმნას.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები