პრეზიდენტის გამოსვლა

სააკაშვილი: მოეშვან ამ თამაშებს, ფულიც აქვთ და ყველაფერი!.. აღლუმი ხალხმა უნდა ჩაიბაროს!

პრეზიდენტი 26 მაისს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ჩასვლას აპირებს და მზად არის აღლუმი არა მან, არამედ "ქართველმა ხალხმა ჩაიბაროს" - ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" გააკეთა.

"ითქვა, რაში გვჭირდება ჩვენ აღლუმი, რა გვაქვს საჩვენებელიო. როგორ არ გვაქვს საჩვენებელი. თავდაცვის მინისტრმაც აღიარა, რომ იჩქარეს "ლაზიკას" და "დიდგორის" შეფასებისას. მე ძალიან ვამაყობ ამ საბრძოლო მანქანებით. ეს მანქანები საქართველომ შექმნა და როგორ არ არის საამაყო?! ჯარი მთელი წელი ემზადება აღლუმისთვის. ეს აღლუმი არ არის ისეთი, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. ეს არის აღლუმი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის, რომელიც არის ღირსების მატარებელი, რომელიც არის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. მათ თქვეს, რომ აღლუმი არ უნდათ იმიტომ, რომ ფული არ არის. ნუ ითამაშებენ საბავშვო ბაღის თამაშს! 12 რეგიონში მართავენ კონცერტებს ამ დროს. მოეშვან ამ თამაშებს, ფულიც აქვთ და ყველაფერი! ჩაიბარონ აღლუმი თავდაცვის მინისტრმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, მაგრამ აღლუმი ხალხმა უნდა ჩაიბაროს და გაატარონ ჯარისკაცები", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის დროს კვირაობით ამზადებდნენ აღლუმზე გასასვლელად და ხელის დასაქნევად. "ერთხელ ბრეჟნევი იყო ჩამოსული და მახსოვს როგორ გაგვიშრეს სისხლი, წინ და უკან დაგვატარებდნენ ვაჟა-ფშაველაზე. მერე თქვეს, რომ მხოლოდ მაღლები უნდა ყოფილიყვნენ და მე ჩავმდაბლდი, რათა სახლში გავეშვით, რადგან ბრეჟნევის ნახვა არ მინდოდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები