სამცხე-ჯავახეთი

ძალაუფლებისთვის ბრძოლა სამცხე-ჯავახეთში

დიმიტრი ავალიანი
0 კომენტარი

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, პოლიტიკური ცვლილებები სამცხე-ჯავახეთშიც მიმდინარეობს რეგიონული სპეციფიკით. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით რეგიონისადმი ინტერესი და განსაკუთრებით მწვავე გამოხმაურება ორმა ფაქტმა გამოიწვია – ახალქალაქელი აქტივისტის, ვაჰაგან ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლებამ და ახალქალაქის საკრებულოს თხოვნამ რეგიონული ენების ქარტიის რატიფიცირების თაობაზე. ტაბულა შეეცადა გაერკვია, რა ხდება რეგიონში – ვინ და რატომ დასვა რეგიონული ენის პრობლემა; რა ინტერესები დგას ამ საკითხის უკან; ვინ იბრძვის რეგიონში ძალაუფლებისთვის. ასევე – არსებობს თუ არა ჯავახეთში სეპარატიზმი და რა მოლოდინი აქვთ ადგილობრივებს ხელისუფლების ცვლილებისგან.

„დრო მოვიდა"?

14 მარტი, როგორც ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ ჰამლეტ მოვსესიანმა განაცხადა, ჯავახეთის ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ჩაწერილიყო. ამ დღეს საკრებულომ განიხილა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვა, რომელშიც რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებას ითხოვდა. დოკუმენტის მიღების ინიციატორი საკრებულოს ახალშექმნილი ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელები იყო. მართალია, რეზოლუციის ტექსტში სომხური ენა და მისი სტატუსი ნახსენები არ იყო, თუმცა, როგორც ინიციატორებს, ასევე განხილვის სხვა მონაწილეებს, არ დაუმალავთ, რომ ინიციატივა, საბოლოო ჯამში, სწორედ სომხური ენის სტატუსს უკავშირდებოდა.

მას შემდეგ, რაც ეს თემა მედიაში გაშუქდა და თბილისში უკმაყოფილება გამოიწვია, საკითხი ოფიციალურად აღარ დასმულა – ფორმალურად, საკრებულოს განცხადების ტექსტი საბოლოოდ არ დაუმტკიცებია, არსად გაუგზავნია და დეპუტატები განცხადების ტექსტზე ახლაც „მუშაობენ".

ქართული ოცნების ახალქალაქის ორგანიზაცია რეზოლუციას თავიდანვე გაემიჯნა და „თანაკოალიციელი" რესპუბლიკელები პროვოკაციაში დაადანაშაულა. ორგანიზაციაში რამდენიმე აქტივისტი შედის, რომლებიც ქართული ოცნების ადგილობრივი წინასაარჩევნო შტაბის საქმიანობაში მონაწილეობდნენ. შტაბს მელიქ რაისიანი ხელმძღვანელობს, ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ორივე წინა მმართველი პარტიისგან. გასული წლის აგვისტოში რაისიანს სასამართლომ დაუსწრებლად 6 წელი მიუსაჯა თაღლითობისთვის. ეს ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. ქვეყნიდან გაქცეული რაისიანი საქართველოში მხოლოდ იანვარში დაბრუნდა.

4 აპრილს ქართული ოცნების აქტივისტების ორგანიზებით თბილისში რამდენიმე ასეული ახალქალაქელი ჩამოვიდა და მთავრობის კანცელარიის წინ აქცია გამართა. აქტივისტების თქმით, მათ სურდათ პრემიერთან შეხვედრა და იმის დაფიქსირება, რომ ახალქალაქში „პროვოკაციების" უკან არა ქართული ოცნება, არამედ ყოფილი ხელისუფლება დგას.

ახალქალაქის გამგებელი ნაირი ირიციანი ფოტო: ლევან რამინაშვილი
ტაბულასთან საუბარში საკრებულოში ენის საკითხის განხილვას პროვოკაცია უწოდა ქართული ოცნების ყოფილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, სახალხო მოძრაობა ჯავახკის ყოფილმა თავმჯდომარემ ნორიკ კარაპეტიანმა. მისი თქმით, რეგიონული ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ შემოდგომაზე იგეგმებოდა.

„არ ვიცი, ასე რატომ იჩქარეს. რესპუბლიკელებმა ეს საკითხი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად წამოაყენეს... ვფიქრობ, ეს პროვოკაცია იყო პრეზიდენტისა და ნაცმოძრაობის მხრიდან", – ამბობს კარაპეტიანი.
ქართული ოცნების ახალქალაქის ოფისში კი გვითხრეს, რომ რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებისგან შედგება და, როგორც ქართული ოცნების აქტივისტები ირწმუნებიან, სწორედ ყოფილი ხელისუფლების დავალებებს ასრულებს. „პროვოკაციის" მიზანი კი ჯავახეთში „სეპარატიზმის გააქტიურების" ჩვენება იყო.

ბრალდებებს თანაკოალიციელთა მხრიდან, ადგილობრივი რესპუბლიკელები საჯაროდ არ პასუხობენ. მათი თქმით, „სიტუაციის გამწვავებას" ერიდებიან და ამის დასტურად საკრებულოში ინიცირებული დოკუმენტის განხილვა თავადვე შეაჩერეს.

ადგილობრივ რესპუბლიკელთა ოფისში აცხადებენ, რომ მათი ინიციატივა პარლამენტისადმი მიმართვის შესახებ არა იმდენად ენების ქარტიის თემას, არამედ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას ახალქალაქში დღეს სწორედ ისინი წარმოადგენენ. ქართული ოცნების სახელით მოქმედ შტაბში კი, მათი თქმით, ყოფილი „ნაციონალები" შედიან, რომლებიც რაიონს დიდი ხნის განმავლობაში ედგნენ სათავეში.

რესპუბლიკელები იმასაც იხსენებენ, რომ ენის სტატუსის თაობაზე დაპირებებს ქართული ოცნებაც იძლეოდა – კერძოდ, თებერვალში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, ნორიკ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხის განხილვის პირობა დადო.

თუმცა, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ამ მომენტში ენის თემა ახალქალაქისთვის დროული და აქტუალური არ არის. „ხალხს მეორე (ოფიციალური) ენა სულ არ სჭირდება. ხალხს უნდა, რომ ჰქონდეს მიწა, მოიყვანოს მოსავალი და არჩინოს ოჯახი, არანაირი ენა ამაზე მნიშვნელოვანი არაა", – გვითხრა ქართული ოცნების ერთ-ერთმა აქტივისტმა.

განსხვავებული აზრი აქვს ახალქალაქის გამგებელ ნაირი ირიციანს, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში გაწევრიანდა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „როდესაც ამდენი ხალხი გათავისუფლდა ციხიდან, გათავისუფლდა უსამართლობისგან", ენის საკითხის წამოჭრა ლოგიკური იყო: „ინიციატივა რესპუბლიკელებისგან მოდიოდა და მათ ალბათ იფიქრეს, რომ ახლა მართლაც შესაძლებელია, ამის თაობაზე პარლამენტს მივმართოთ".

რეგიონში სახელმწიფო ენის პოზიციების გაძლიერებას ცენტრალური ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან სახელმწიფო ენის სწავლის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონში სხვადასხვა პროგრამები ხორციელდებოდა – ადგილობრივ სკოლებში ქართული ენის მასწავლებლები იგზავნებოდნენ. 2011 წელს დაიწყო ახალი პროგრამა – ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდების გაგზავნას ითვალისწინებს და მათ, ხელფასის გარდა, სახელმწიფო სამაგისტრო გრანტითაც უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ახალქალაქში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ენის რამდენიმე კურსი მოქმედებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის – კვირაში ორი-სამი საათი. თუმცა, ამ კურსების ეფექტურობა მაღალი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ახალქალაქში ამბობენ, რომ ამ კურსების მსმენელები საბაზისო ცოდნას იძენენ, მაგრამ ეს არაა საკმარისი ენის სრულყოფილად ასათვისებლად.

ნორიკ კარაპეტიანი ფოტო: ლევან რამინაშვილი
თუმცა, ადგილობრივების შეფასებით, საკმაოდ ეფექტურია ქართულის სწავლება სკოლების უმცროს კლასებში. მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან კი სკოლებში ბილინგვური სწავლება დაინერგა – საგნების 30 პროცენტი მაინც ქართულად ისწავლება. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა 2011 წლიდან არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის მიცემულმა შესაძლებლობამ – ჩააბარონ უნარების ტესტი მშობლიურ ენაზე და ერთი წელი ქართულ ენაში მოემზადონ, შემდეგ კი სასურველ ფაკულტეტზე ჩააბარონ. ამ შესაძლებლობით მრავალმა ახალგაზრდამ ისარგებლა. ახალქალაქის გამგებლის თქმით, თბილისში ამჟამად ჯავახეთიდან ჩასული 300-400 სტუდენტი სწავლობს.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გამგებელი ირწმუნება, რომ რეგიონში განხორციელებულ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო ენის შესწავლას ითვალისწინებს, ჯერ სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.
„ჩვენ გვიჭირს სახელმწიფო ენაზე საუბარი. მე უკვე 50 წლის ვარ და ჩემთვის ენის შესწავლა მაღალ დონეზე ძალიან ძნელია", – ამბობს ირიციანი.

შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ კანონი სახელმწიფო ორგანოებს საქმეთა წარმოებას მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ავალდებულებს, ადგილობრივ ხელისუფლებას მაინც უწევს დოკუმენტების შედგენა და მიღება არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ და რუსულ ენებზეც.

„ამიტომ, ამ მიმართვაში რაიმე სეპარატიზმს ვერ ვხედავ, რადგან ჩვენ დე ფაქტოდ ვიყენებთ იმას, რაც კანონით აკრძალულია", – ამბობს გამგებელი. მისი აზრით, ენის პრობლემა რეგიონში დროებითია და შესაძლოა უკვე 3-4 წელიწადში ახალქალაქში ბევრი ის ახალგაზრდა დაბრუნდეს, ვინც თბილისში სწავლობს და ვისაც ეს პრობლემა აღარ ექნება.

სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირის წარმომადგენელი მელს ტოროსიანი, რომელიც რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა, ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ადგილობრივი საზოგადოება დიდი ხანია ენის პრობლემის გადაწყვეტას ელოდება. მისი თქმით, ამ საკითხზე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ცენტრალურ მთავრობას წინა წლებში არაერთხელ მიმართეს. „სამწუხაროდ, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ჩვენი მოწოდებები არსად ფიქსირდება და მათზე პასუხსაც, შესაბამისად, არავინ სცემს... აქამდეც იყო ასეთი მიმართვები. ისინი შევარდნაძესთანაც და სააკაშვილთანაც პირადად მიმქონდა, ბურჯანაძესთანაც. არავინ გვიპასუხა!" – ამბობს ტოროსიანი.

ამიტომაც, მისი თქმით, რესპუბლიკელთა ინიციატივამ საკრებულოში მხარდაჭერა დაიმსახურა. თანაც, ამბობს ტოროსიანი, რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ ეს საკითხი პარტიულ ხელმძღვანელობასთან და, შესაბამისად, ხელისუფლებასთან შეთანხმებული ჰქონდათ.

ტოროსიანი ამტკიცებს, რომ ენის საკითხის იგნორირების გაგრძელებას ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან მტკივნეული რეაქცია მოჰყვება. „თუ ქართველი ძმები პატივს არ სცემენ ჩემს ენას, ე.ი., პატივს არ მცემენ მე. და მე რატომ უნდა ვცე პატივი მათ და მათ ენას?.. ხალხს უნდა, ქართულიც ისწავლოს და საკუთარი ენაც არ დაივიწყოს", – აცხადებს ტოროსიანი.
კითხვაზე, რას აპირებს ქართული ოცნება ენის საკითხთან დაკავშირებით, ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი ნორიკ კარაპეტიანი მხოლოდ იმას პასუხობს, რომ ის „კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში გადაწყდება და არა ყვირილით".

გმირი თუ დამნაშავე?

ვაჰაგან ჩახალიანი, ორგანიზაცია ერთიანი ჯავახკის ლიდერი, რომელსაც 2009 წელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი იარაღის შენახვისა და მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის, ამნისტიის შედეგად იანვრის ბოლოს გათავისუფლდა.

მელს ტოროსიანი ფოტო: ლევან რამინაშვილი
ახალქალაქში ჩვენი ყოფნისას ჩახალიანი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რის გამოც მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. როგორც ახალქალაქელები ამბობენ, ამჟამად ის პოლიტიკურ აქტიურობას ერიდება.
ჩახალიანის ამნისტიით გათავისუფლება საქართველოს პრეზიდენტმა ძალზე უარყოფითად შეაფასა და ვლადისლავ არძინბასაც შეადარა. ამავე დროს, საზოგადოების ნაწილი ციხიდან გამოსულ ჩახალიანს ახალქალაქში როგორც გმირს, ისე დახვდა.

მათ შორის, ვინც ჩახალიანს სიხარულით შეეგება, იყო გამგებელი ნაირი ირიციანიც. მან გვითხრა, რომ ჩახალიანს მეგობრად თვლის და ეს არც აქამდე დაუმალავს.

„თუ ჩახალიანის შესახებ პრეზიდენტისა და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებს გადახედავთ, გამოდის, რომ ის ჯაშუშია და კიდევ ბევრი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. მაგრამ ის ამ ბრალდებებით არ გაუსამართლებიათ", – ამბობს ირიციანი. გამგებელი არ ეთანხმება აზრს იმის შესახებ, რომ ჩახალიანი სახელმწიფოსთვის საშიშია: „ერთ ჩახალიანს რისი გაკეთება შეუძლია?"

მელს ტოროსიანი კი მიიჩნევს, რომ ჩახალიანი მარტო არ მოქმედებდა. „იგი თავიდან ნორმალური ახალგაზრდა იყო. შემდეგ ვიღაცამ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რაღაცას დაჰპირდა. უთხრა – მიდი, თავს დაესხი ქართულ ეკლესიასო. რატომ არ დაიჭირეს ის, ვინც კარნახობდა?" – კითხულობს ტოროსიანი. „მოკარნახე" კი, მისი აზრით, „სახელმწიფო უშიშროება" იყო...

ტოროსიანი 2007 წლის ამბებს იხსენებს და ამბობს, რომ თავად მოიწვია მიტინგი ახალქალაქში, რომლის საბაბი წალკაში პოლიციელების მიერ ორი სომეხი ახალგაზრდის ცემის ფაქტი გახდა. მას შემდეგ, რაც მიტინგი დასრულდა, ჩახალიანმა ახალგაზრდების ჯგუფი სადღაც წაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, დასარბევად... „ერთი საათის შემდეგ ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩემთან მოვიდა და მითხრა – ის გაგიჟდა, რას აკეთებს?"

ამავე დროს, ტოროსიანი მიიჩნევს, რომ „ერთი თვე ჩახალიანზე საუბარი სირცხვილია" და ეს „არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს ეკადრება". „ეს არაა ის ადამიანი, რადაც პრეზიდენტი და ხელსუფლება ასაღებს. მე მას არ ვენდობი და მისგან დიდი პოლიტიკოსის შექმნაც არ ღირს", – ამბობს ტოროსიანი.

კოაბიტაცია ახალქალაქურად

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ ახალქალაქში ხმათა 75 პროცენტი მიიღო, ქართულ ოცნებას კი მხოლოდ 25 პროცენტი ერგო. სხვა რეგიონების მსგავსად, არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში ძალთა გადანაწილება დაიწყო.

ახალქალაქის საკრებულოს 31 წევრიდან 30 ნაციონალური მოძრაობიდან იყო არჩეული. დეკემბრიდან ახალი ფრაქციების შექმნა დაიწყო და ნაციონალური მოძრაობიდან არჩეული 10 დეპუტატი ფრაქციებში – ქართული ოცნება, რესპუბლიკელები და კონსერვატორები – გადავიდა.

12 თებერვალს ქართული ოცნების ადგილობრივმა აქტივისტებმა ახალქალაქში აქცია გამართეს და თვითმმართველობის წევრებს გადადგომა, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატს მანდატის დათმობა მოსთხოვეს. 15 თებერვალს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით საპასუხო აქცია გაიმართა – თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ზეწოლა გააპროტესტეს.

თუმცა ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა გადადგომას პარტიის შეცვლა არჩიეს. რესპუბლიკურ პარტიაში გადავიდა საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი, ახალქალაქის გამგებელი კი – ქართულ ოცნებაში. კვლავ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში რჩება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი.

ახალქალაქის გამგებელი ტაბულას საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებზე ესაუბრა. როგორც ამბობს, მასზე ზეწოლა არავის მოუხდენია.

„ჩემი აზრით, ხელმძღვანელ თანამდებობაზე და თან სახელმწიფოს მიმართ ოპოზიციაში ყოფნა არასწორი იქნებოდა. საქართველო ჯერ არაა ისეთი დემოკრატიული სახელმწიფო, როგორიც გვინდა, რომ ვიხილოთ. ნაცმოძრაობაში რომ ვყოფილიყავი და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მემუშავა, რაიონს დიდ სარგებელს ვერ მოვუტანდი", – ამბობს ნაირი ირიციანი.

ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია. 12 თებერვალი ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე”
გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი. „ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები რომ წააგო, არ ნიშნავს, რომ მისი წევრები სხვა პარტიებში უნდა გადავიდნენ. ხტუნაობა არ არის საჭირო, – აცხადებს ნორიკ კარაპეტიანი. – დარჩნენ ვადის ბოლომდე და ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი პარტიის სახელით იყარონ კენჭი. სულ ხელისუფლებიდან რატომ უნდა წამოაყენონ თავისი კანდიდატურები? იყვნენ ოპოზიციაში და ისე იბრძოლონ, როგორც ჩვენ ვიბრძოდით". კარაპეტიანის თქმით, ქართულ ოცნებას ახალქალაქში მხოლოდ მისი ორგანიზაცია წარმოადგენს.

ახალშეძენილ თანაპარტიელთა პრეტენზიებს გამგებელი ასე პასუხობს: „ისინი ამბობენ, ჩვენ ოპოზიცია ვიყავითო. მაგრამ რომ ნახოთ, ვინ არის ეს ხალხი, მიხვდებით, რომ საქმიანობა არც მათ დაუწყიათ ქართულ ოცნებაში. პარტიებს იცვლიდნენ, ამიტომ, აღშფოთებულები ნამდვილად არ უნდა იყვნენ".

ნაირი ირიციანი ამბობს, რომ ყველა წინა არჩევნებზე ეროვნული უმცირესობები მხარს უჭერდნენ მოქმედ ხელისუფლებას. „მთელ მსოფლიოში, სადაც სომხები ცხოვრობენ, არ ვიცნობ არცერთ სომეხ ოპოზიციონერს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვიდოდა. ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა მენტალიტეტის დამსახურებაცაა, ჩვენ არასდროს ვართ სახელმწიფოს მიმართ ოპოზიციაში", – ამბობს გამგებელი.

მელს ტოროსიანს კი ეჭვი არ ეპარება, რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა მომავალ არჩევნებში ხმას უკვე ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს მისცემს. მისი თქმით, „ჩვენთან ასეა მიღებული და ეს სწორია".

ცვლილებები და მოლოდინი

ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონში 100-მდე დასახლებული პუნქტია, მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის აღწერის მონაცემებით, 113 ათას ადამიანს შეადგენდა. აქედან 95 პროცენტი – სომხური წარმომავლობისაა.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება, რაც ბოლო წლებში ჯავახეთის რეგიონშია თვალშისაცემი, გზებია. ათასწლეულის გამოწვევის პროექტის წყალობით, თბილისიდან ჯავახეთში, წალკის გავლით, ახალი გზა აშენდა, რომლითაც ახალქალაქში დედაქალაქიდან ჩასვლა, ადრინდელი ხუთის ნაცვლად, სამ საათშია შესაძლებელი. აღდგა ახალციხე-ახალქალაქის მაგისტრალი და ქალაქის შიდა გზებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ შეკეთებულა.
ახალქალაქის გამგებლის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ხანაში რაიონის საერთო წლიური ბიუჯეტი 700 ათასიდან 5-7 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თუმცა იგი უკმაყოფილოა, რომ ამ პერიოდში „ერთი თეთრიც" არ ჩადებულა ირიგაციაში და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამებში. ირიციანი ამბობს, რომ დიდ იმედებს უკავშირებს ახალი ხელისუფლების სასოფლო-სამეურნეო პროგრამას.

ჯავახეთში, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, დიდ პრობლემას წარმოადგენს უმუშევრობა. სოფლის მეურნეობის და სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, დასაქმების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს, რის გამოც მრავალი ადგილობრივი მცხოვრები, მუდმივად ან სეზონურად, სამუშაოდ უცხოეთში, ძირითადად რუსეთში მიემგზავრება.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური პროექტი ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზაა, რომლის მშენებლობაც გასული წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. სრულიად ცარიელია ახალქალაქის მახლობლად მშენებარე დიდი სადგურიც – ტექნიკა გაჩერებულია და სამშენებლო მოედნებს უახლოეს მომავალში სამუშაოების განახლების არაფერი ეტყობა. ახალქალაქში ამბობენ, რომ სამუშაოები ზამთრის სეზონის გამო არის შეჩერებული. გამგებელი კი ვარაუდობს, რომ მშენებლობა დროებით, დაფინანსების პრობლემების გამო შეფერხდა, თუმცა იმედი აქვს, რომ სამუშაოები მალე განახლდება.

საქართველოს რკინიგზაში ტაბულას განუცხადეს, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობასთან კავშირი არ აქვთ და სამუშაოებზე მთლიანად შპს მარაბდა-კარწახია პასუხისმგებელი. თავის მხრივ, მარაბდა-კარწახში გაუჭირდათ პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ შეწყდა სამუშაოები და როდის განახლდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდამჭერთა აქცია. 15 თებერვალი ფოტო: გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე”
ადგილობრივთა იმედები დასაქმებასთან დაკავშირებთ ნაკლებად გამართლდა – მშენებლობაზე ძირითადად თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მუშაობენ. ადგილობრივები მცირე რაოდენობით, დაბალანაზღაურებად და ნაკლებად კვალიფიციურ სამუშაოზე დაასაქმეს. სარგებელი ძირითადად იმათ ნახეს, ვისაც კარგად მოწყობილი ბინა ჰქონდა და მშენებლობის ხელმძღვანელ პერსონალზე მისი გაქირავება 500-600 ლარად შეძლო.

„თავიდან არაერთხელ ითქვა, რომ მშენებლობაზე 80 პროცენტით ადგილობრივ მცხოვრებლებს დაასაქმებდნენ, მაგრამ მშენებლობა რომ დაიწყო, კომპანიებმა, რომლებმაც ტენდერი მოიგეს, სხვანაირად გადაწყვიტეს. ეს მხოლოდ ახალქალაქში არაა, ასეა მთელ საქართველოში", – ამბობს ნაირი ირიციანი.

ძალაუფლებისთვის ბრძოლის გარდა, ხელისუფლების ცვლილება რეგიონში მხოლოდ იმით იგრძნობა, რომ სოფლებში „სასოფლო-სამეურნეო ბარათების" დარიგება დაიწყო. ახალი ხელისუფლების დაპირებებს შორის ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეულ მოლოდინებს სწორედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამას და, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებას" უკავშირებს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოდ რუსეთშია გასული. განსაკუთრებული სირთულეები კი მას შემდეგ შეექმნათ, რაც რუსეთმა ვიზების გაცემა გაამკაცრა. ამის გამო ჯავახეთის ბევრი მცხოვრები იძულებული გახდა, სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობა მიეღო.

ადგილობრივები ასევე ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესრულებას სკოლებში სომხეთის ისტორიის სწავლების აღდგენასთან დაკავშირებით.

რეგიონული გაზეთის, სამხრეთის კარიბჭის, სომხურენოვანი ვერსიის რედაქტორი რიმა ღარიბიანი საუბრობს არჩევნების შემდეგ რეგიონის ცხოვრებაში მომხდარ, მისი აზრით, მნიშვნელოვან ცვლილებაზე – ჯავახეთში განსხვავებული პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური კონკურენცია გაჩნდა. „სამწუხაროდ, ახლა ისევ იჩინა თავი სახელისუფლებო პარტიაში გაერთიანების სურვილმა და დასანანი იქნება, თუ ეს პლურალიზმი და მრავალპარტიულობა დაიკარგება", – ამბობს ღარიბიანი.

არის თუ არა რეგიონში სეპარატიზმის საფრთხე? თბილისიდან ჩამოსულ ჟურნალისტებთან საუბარში ამას ყველა უარყოფს – პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ მოქალაქეები.

ნორიკ კარაპეტიანი ქართული ოცნების წევრი და ჯავახკის ყოფილი თავმჯდომარეა, რომელმაც, როგორც გასულ წელს მისი წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „შეხედულებები შეიცვალა". „თუ ადამიანი საკუთარი უფლებებისთვის და ინტეგრაციისთვის იბრძვის, რატომ არის ეს სეპარატიზმი? გვინდა ვიცხოვროთ ისე, როგორც ამ სახელმწიფოს სხვა მოქალაქეები ცხოვრობენ, გვინდა ვაშენოთ ეს სახელმწიფო", – ამბობს იგი.

კარაპეტიანი ასევე მიიჩნევს, რომ გასულ წლებში რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება სწორედ ჯავახკის დამსახურებაა: „ჩვენ სახელმწიფოს მთლიანობა დავიცავით. ქართველებთან და სხვა ეროვნებების წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ხელს ნუ შეგვიშლიან".

როგორც, თავის მხრივ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, სეპარატიზმის საფრთხის თემით სპეკულირებით ადგილობრივი ხელისუფლება იყო დაინტერესებული, რათა თბილისისთვის საკუთარი საჭიროება დაემტკიცებინა.
დღეს ახალქალაქში, ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებისთვის კოალიცია ქართული ოცნების შიგნით სხვადასხვა ჯგუფები იბრძვიან და ენის საკითხი თუ სეპარატიზმის საფრთხის თემა აქტუალური სწორედ ამ დაპირისპირების წყალობით გახდა.

 

ეს კაცი არის არა სომხეთის, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების ძალიან კონკრეტული წარმომადგენელი – მისი პირდაპირი რეზიდენტი საქართველოში. მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალაქში და ქართული პოლიცია. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და რუსეთის ბაზის გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან. ის არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. ჩახალიანის ერთადერთი პარალელი, რაც მახსენდება, არის ვლადისლავ არძინბა.
მიხეილ სააკაშვილი ვაჰაგან ჩახალიანის შესახებ, 25 იანვარი

 

შემთხვევითი არ არის, რომ საკრებულოს ოქმი მიღებულია რესპუბლიკური პარტიის, ანუ ქართული ოცნების ინიციატივით... არ არსებობს ახალქალაქის მაცხოვრებელი, მით უმეტეს საკრებულოს წევრი, რომელმაც, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, მას მხარი არ დაუჭიროს. და რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი? იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ დაავალა ახალქალაქის წარმომადგენლობას, ადგილობრივ საკრებულოს მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის... რომ კვორუმი შეეკრიბათ და მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ეს საკითხი ენის საკითხთან ერთდროულად დააყენეს... მათ გამოიყენეს სომხური ენის სტატუსის პოპულარული იდეა, რათა დაენახვებინათ, რომ ახალქალაქი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკუთარი, ჩემთვის გაუგებარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ დაუშვეს ის, რომ პირველად ბოლო 15 წლის მანძილზე, ახალქალაქის საკრებულოში ამ საკითხს კენჭი ეყარა.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ახალქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ. 9 მარტი, რუსთავი 2, გადაცემა პოზიცია 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები