სტატისტიკა

დანაშაული და სტატისტიკა

ოთო კახიძე
0 კომენტარი

არსებობს ტყუილები, დიდი ტყუილები და ოფიციალური სტატისტიკა

შესავალი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალი ხელისუფლების მთავარი გამოწვევებიდან მნიშვნელოვანია წინამორბედთა მიერ მიღწეული წარმატებების შენარჩუნება.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა, რომლის შედეგადაც საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან რამდენიმე წელიწადში ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

მოცემული ცხრილი წარმოადგენს დანაშაულის ვიქტიმოლოგიური კვლევის მონაცემებს. აღნიშნული მეთოდი ითვლება დანაშაულის რეალური დონის განსაზღვრის ყველაზე სანდო საშუალებად. მოქალაქეს ეკითხებიან, გახდა თუ არა გასული წლის განმავლობაში რომელიმე დანაშაულის მსხვერპლი და სწორი სოციოლოგიური შერჩევის შემთხვევაში, მიღებული პასუხები განზოგადდება ქვეყანაზე.

პრემიერმინისტრმა გასული წლის 24 ოქტომბერს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს წარმატებები და განაცხადა, რომ საქართველოში არ იარსებებს კრიმინალური დაჯგუფებები.

22 ნოემბერს, მანვე, ამნისტიის შესახებ პროექტზე კომენტარისას განაცხადა, რომ „ეს რაღაც ეტაპზე და გარკვეული დროით გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ".

მოქმედი პოლიციის ოფიციალური სტატისტიკა

29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 50%-ით გაიზარდა წვრილმანი დანაშაულის – ქურდობისა და ხულიგნობის მაჩვენებელი. აგრეთვე გააკრიტიკა დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ამნისტია.

მიმდინარე წლის 12 იანვარს, პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა ამნისტიის კანონს. შედეგად, საპატიმროები დატოვა მსჯავრდებულთა ნახევარმა, 11 000-ზე მეტმა ადამიანმა.

9 მარტს, ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა შსს-ს მიერ მიწოდებული სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2013 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 140%-ით გაიზარდა ბინის ქურდობის მაჩვენებელი, ხოლო 80%-ით მოიმატა ყაჩაღობის ფაქტებმა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქურდობის, ნარკოდანაშაულისა და მკვლელობის მაჩვენებლები.

ფოტო: ტაბულა
როდესაც აღნიშნული ინფორმაცია მინისტრს გააცნეს, მან აღნიშნა, რომ „2012 წელთან შედარებით გვაქვს გარკვეული მატება, თუმცა, გვაქვს კლების ტენდენცია. მე არ ვიცი, მანდ რა მაჩვენებლები გაქვთ, იქნებ დაელოდოთ საბოლოო მონაცემებს".

მალევე მან განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით 15%-იანი მატება ნიშნავს ნოემბერთან შედარებით 40%-ით კლებას. ეს ალბათ მკითხველისთვისაც გაუგებარია. თუკი ნოემბერში 50%-ით მოიმატა დანაშაულმა, ხოლო იანვარში დაიკლო 15%-ით, როგორ და რა მონაცემთან შედარებით გვაქვს კლება 40%-ით.

მინისტრი რატომღაც აპელირებდა 2007 წლის იანვრის მონაცემებზე, როდესაც საკმაოდ რთული კრიმინოგენური ვითარება იყო, ახალი დაწყებული გახლდათ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, მიმდინარეობდა აქტიური ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

დანაშაულის რეგისტრაცია

არის თუ არა სანდო პოლიციის სტატისტიკა? შეგვიძლია თუ არა გავზომოთ ოფიციალური მონაცემების მიხედვით დანაშაული, ვიმსჯელოთ მისი კლებისა თუ ზრდის ტენდენციებზე?

იმისთვის, რომ დანაშაული აისახოს ოფიციალურ სტატისტიკაში, საჭიროა დანაშაულის ფაქტის თაობაზე პოლიციისთვის შეტყობინება, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან მისი რეგისტრაცია.

პოლიციაში გაცხადებულ დანაშაულს ხშირად ადარებენ აისბერგის წვერს, ვინაიდან დანაშაულის დიდი ნაწილი ლატენტურია და ოფიციალურ მონაცემებს მიღმა რჩება. დანაშაულის შეუტყობინებლობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: პოლიციასთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება, კულტურული სტერეოტიპების გათვალისწინება (მაგ. ოჯახური ძალადობის შემთხვევაში), ქურდული ტრადიციები (სადაც დანაშაულის შეტყობინება ცუდ ტონად ითვლება), კორუმპირებული პოლიცია და აქედან გამოწვეული უნდობლობა, მტკიცებულებათა ნაკლებობა და სხვა.

სხვა თემაა, უკვე გაცხადებული დანაშაულის რეგისტრაცია პოლიციის მიერ. British Crime Survey აჩვენებს, რომ პოლიცია არეგისტრირებს დანაშაულთა მხოლოდ ნახევარს; ანალოგიური კვლევების მიხედვით, ჰოლანდიაში საშუალოდ რეგისტრირდება გაცხადებული დანაშაულის 60%. ჩინეთში არეგისტრირებენ დანაშაულის სამი შემთხვევიდან ერთს... მოკლედ, დანაშაულის შეტყობინება ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის ასახვას ოფიციალურ სტატისტიკაში.

რატომ არ არეგისტრირებს დანაშაულს პოლიცია?

დანაშაულის დაფარვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გახლავთ პოლიციელის წახალისება დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მიხედვით. ამ შემთხვევაში, პოლიციელი დაინტერესებულია, დაარეგისტრიროს მხოლოდ „ადვილად გასახსნელი დანაშაული", ხოლო ის დანაშაულები, რომლის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებაც უფრო რთულია – დატოვოს ოფიციალური სტატისტიკის მიღმა.

ამავე დროს, პოლიცია ხშირად ცდილობს თავი მოიწონოს დანაშაულის დაბალი სტატისტიკით და ვინაიდან რეგისტრაცია მის ხელშია, არსებობს დანაშაულის დაფარვის ცდუნება.

დანაშაულის რეგისტრაციას სჭირდება განსაკუთრებული კონტროლი. სადამსჯელო ღონისძიებების გარდა, ზოგჯერ სახელმწიფოები ცდილობენ პოლიციას მისცენ სპეციალური მოტივატორები, რათა არ მოხდეს დანაშაულის დაფარვა. მაგალითად, აშშ-ში ფედერალური დანაშაულის კონტროლის აქტით, მეტი რესურსი გამოეყოფათ იმ შტატებს, სადაც დანაშაულის მაღალი მაჩვენებელია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალური სტატისტიკა არ არის სანდო ინდიკატორი. 2006 წლიდან იგი ინტერპოლის მიერ აღარ გამოიყენება შედარებითი ანალიზისთვის. შვედეთში ზოგჯერ რეალურზე უფრო მეტ დანაშაულს არეგისტრირებენ. მაგალითად, ოჯახურ ძალადობას, რომელიც ძირითადად განგრძობითი დანაშაულია, ისინი აღრიცხავენ ცალ-ცალკე, თითოეულ ქმედებაზე. სამაგიეროდ, ალბანეთში დანაშაულის 85% დაფარულია, თუმცა პოლიციის სტატისტიკით შვეიცარია გეგონებათ, სადაც, თავის მხრივ, უფრო მეტი ნარკოდანაშაული რეგისტრირდება, ვიდრე კოლუმბიასა და მექსიკაში.

დანაშაულის სტატისტიკა და საქართველო

„დანაშაულის პრევენციის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც პარიზში გაიმართა 2004 წელს, ერთ-ერთმა მომხსენებელმა წარმოადგინა თავდასხმისა და ხულიგნობის შედარებითი სტატისტიკა, რომლის წყაროც გახლდათ სხვადასხვა ქვეყნების საპოლიციო უწყებები. ექსპერტი დამაჯერებელი სახით ამტკიცებდა, რომ შვედეთი და ფინეთი იყვნენ ყველაზე ძალადობრივი ქვეყნები ევროპაში, უფრო საშიში, ვიდრე რუსეთი და სხვა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, არ გაგიკვირდეთ და, იყო ალბანეთი, რომელსაც მოსდევდა საქართველო და მოლდოვა" – თავის წიგნში „დანაშაულის სამყარო" იხსენებს იან ვან დაიკი, კრიმინოლოგიისა და ვიქტიმოლოგიის პროფესორი.

მართლაც, მაშინდელი პოლიციის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2001-2003 წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო.

ოფიციალური მონაცემებით, 2001-2003 წლებში ორჯერ ნაკლები დანაშაული ხდებოდა, ვიდრე 2009-2011 წლებში.

რეალურად, კორუმპირებული პოლიცია კრიმინალურ გარიგებაში იმყოფებოდა დანაშაულებრივ სამყაროსთან. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიცია იწყებდა ე.წ. მოკვლევას, რაც იყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინა ეტაპი. ამ პერიოდს პოლიცია იყენებდა სავარაუდო დამნაშავის იდენფიტიცირებისა და მისგან ქრთამის აღებისათვის. კორუფციული გარიგების მიღწევის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრებოდა (სხვადასხვა მოტივით) და დანაშაული რჩებოდა დაურეგისტრირებელი.

რეგისტრირებული დანაშაულის გარკვეული ნაწილი მიდიოდა მართლმსაჯულების სისტემაში, სადაც შემდგომ ეტაპებზე ქრთამს იღებდა პროკურატურა და ბოლოს – სასამართლო ხელისუფლება. კორუფციული ჭაობის გარდა, საზოგადოებაში გამეფებული იყო დაუცველობის განცდა, კრიმინალურ სამყაროს ჰქონდა დაუსჯელობის სინდრომი, კანონმორჩილი მოქალაქეები ცდილობდნენ თავად დაეცვათ თავიანთი უსაფრთხოება და საკუთრება.

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არა სასჯელთა გამკაცრებით, არამედ, პირველ რიგში, დანაშაულის რეგისტრაციით დაიწყო. გაუქმდა მოკვლევის ინსტიტუტი და, მასთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ეტაპი. დანაშაულის შესახებ შეტყობინება, აგრეთვე, მედიით მოპოვებული ინფორმაცია – ავტომატურად გახდა გამოძიების დაწყების სავალდებულო საფუძველი. არაერთი პოლიციელი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დანაშაულის დამალვის გამო, მკაცრი კონტროლი დაწესდა აღრიცხვაზე.

ერთი შეხედვით, უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ გრაფიკზე ნახავთ, რომ 2006 წელს, წინა წელთან შედარებით, 20000 დანაშაულით მეტი დარეგისტრირდა. ოფიციალური სტატისტიკის ზრდას ხელისუფლება არ შეუშინდა და მართლმსაჯულების სისტემა შეუდგა დანაშაულზე რეაგირებას.

თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მივიღეთ „სტატისტიკურად" 2001 წელზე უფრო კრიმინალური, მაგრამ რეალურად ევროპაში ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო.

დღევანდელი ვითარება

სიტუაცია რთულია, 12000 ყოფილი მსჯავრდებული და გაცილებით მეტი მერყევი, ასოციალური ელემენტი სჩადის და მომავალშიც მზადაა დანაშაულის ჩასადენად. სახელმწიფოს არა აქვს პრობაციისა და რესოციალიზაციის შესაბამისი რესურსები.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა აჩვენებს, რომ დანაშაულის შიში მოსახლეობას აწუხებს. მოქმედი ხელისუფლების მთავარ შეცდომად სწორედ საყოველთაო ამნისტიას ასახელებენ.

ფოტო: ტაბულა
ამ დროს განსაკუთრებით საშიშია დანაშაულის სტატისტიკის ზედმეტი პოლიტიზაცია. ხელისუფლებამ დროებით უნდა დაივიწყოს წარმატებულ წინამორბედთან რიცხვებით შეჯიბრი და თვალი გაუსწოროს რეალობას. საჭიროა, მოქალაქეებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან და პოლიციას აცნობონ დანაშაულის თითოეული ფაქტის შესახებ, პოლიციამ, თავის მხრივ, უნდა დაარეგისტრიროს სამართალდარღვევა და მოახდინოს რეაგირება, შსს-ს ხელმძღვანელობამ კი მუდმივად უნდა აკონტროლოს თანამშრომლები, რომ მათ აღრიცხონ დანაშაულის ყველა შემთხვევა და ეფექტურად იმუშაონ მისი ჩამდენის გამოსავლენად.

პოლიციის მიერ დანაშაულის „წაყრუების" კარგი მაგალითია გუდიაშვილის ბაღში მომხდარ ძალადობაზე რეაგირება. ქსენოფობიურად განწყობილმა მოძალადეებმა ბაღში მყოფ ახალგაზრდებს სცემეს, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული მოტივით, ერთ გოგონას ართმევდნენ აიპოდს, ხოლო ბიჭს, რომელიც მეგობარს გამოესარჩლა – მიაყენეს დაზიანება (მას ტვინის შერყევის გამო დროებით წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს). ამ დანაშაულზე პოლიციამ გამოძიება არ დაიწყო „დაზარალებულის საჩივრის არარსებობის გამო".

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ინციდენტიდან მეორე დღეს, იმავე ადგილას კვლავ სცემეს ერთ ახალგაზრდას. მას სხეულის დაზიანებებთან ერთად, ამჯერად სიგარეტიც ჩააწვეს ლოყაზე. დანაშაულის თვითმხილველი აცხადებს, რომ მონათხრობის მიუხედავად, პოლიციელმა ოქმში „შელაპარაკება" დაწერა, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის დაზიანების ან ხულიგნობის სტატისტიკის შესამცირებლად.

დაზარალებულები თავს დაუცველად გრძნობენ, მოძალადეები დაუსჯელად, ხოლო პოლიციელები ალბათ იმას ფიქრობენ – რა სტატისტიკა ესიამოვნება უფროსობას.

ბუნებრივია, თუკი პოლიციელებს ეცოდინებათ, რომ ხელმძღვანელობა მათგან მოელის დაბალ სტატისტიკას, ისინი შეეცდებიან, დამალონ დანაშაული და წარმოაჩინონ მენეჯმენტისთვის „სასიამოვნო" კრიმინოგენური ვითარება. დანაშაულის დაფარვა გამოიწვევს დაზარალებული საზოგადოების უკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს, რისი შედეგიც იქნება დანაშაულის შეუტყობინებლობა. ეს, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მეტად გაზრდის კრიმინალის დონეს, რასაც საზოგადოება გაგებით ვერ და არ მოეკიდება.

2013 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 140%-ით გაიზარდა ბინის ქურდობის მაჩვენებელი, ხოლო 80%-ით მოიმატა ყაჩაღობის ფაქტებმა.

რა შეიძლება გააკეთოს მოქალაქემ?

პირველ რიგში, მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ ჩვენი სახელმწიფოს ძირითადი კანონები, ამ შემთხვევაში გამოგვადგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლი:

  1. არ არსებობს არავითარი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა (ცუდია, რომ ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არ იცის). აღნიშნული მექანიზმი წლების წინ გამოიყენებოდა გამოძიების გაჭიანურებისა და კორუფციული გარიგებებისათვის და ამიტომ გაუქმდა კიდეც.
    მუხლი 100. გამოძიების დაწყების მოვალეობა
    „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს".
  2. გამოძიების დაწყების საფუძველი არ არის მხოლოდ დაზარალებულის საჩივარი.

მუხლი 101. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ

  1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.
  2. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული.

არც გამოძიებას და არც პიროვნების ბრალდებულად ცნობას არ ესაჭიროება დაზარალებულის საჩივარი. სახელმწიფო იცავს წესრიგს და იგი არ არის დაზარალებულზე დამოკიდებული. დანაშაული მხოლოდ ერთი პირის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იგი ანტისაზოგადოებრივი ქმედებაა და ყველას უქმნის საფრთხეს.

თუკი გამომძიებელი თავს არიდებს დანაშაულის რეგისტრაციას და დანაშაულზე რეაგირებას, უფლება გვაქვს, მივმართოთ შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც არის გამომძიებლის პროცესუალური ხელმძღვანელი. აგრეთვე, უფლება გვაქვს მივმართოთ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს პოლიციელის უმოქმედობა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვეუფლოს უიმედობა და პოლიციაზე ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ამ სისტემაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებაზე. ზოგიერთი პოლიციელის უყურადღებობამ და ცუდმა საქციელმა არ უნდა შექმნას უნდობლობა ბევრისთვის (და მათ შორის ჩემთვისაც) საამაყო სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ პატრულს, ამისთვის უნდა დავრეკოთ 112-ზე.

დანაშაულის დასაფიქსირებულად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა თანამედროვე საშუალებები. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს დაგეგმილი აქვს სპეციალური ვებპორტალის igov.ge ამოქმედება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, ჩაერთოს უსაფრთხო გარემოს შექმნაში. ამასთან, უნდა შეიქმნას www.crimereports.com – მსგავსი რუკა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე მიიღებს ინფორმაციას დანაშაულის გეოგრაფიული გადანაწილების შესახებ და თავადაც შეძლებს დააფიქსიროს სხვადასხვა დარღვევები. აღნიშნული ვალდებულებები საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში აქვს ნაკისრი. კარგი იქნება, თუ დავინტერესდებით – რას აკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით.

დანაშაულის დაფიქსირების ინტერნეტრესურსების შექმნა სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებშიც შესაძლებელია, ამ მხრივ საინტერესო პროექტები აქვს www.jumpstart.ge-ს. ეს ორგანიზაცია ახდენს საზოგადოებისთვის სასარგებლო საკითხების ვიზუალიზაციას ინტერნეტსივრცეში. უსაფრთხოების მიმართულებით კერძო სექტორის მიერ შექმნილი წარმატებული პროგრამების არაერთი მაგალითი არსებობს – spotcrime.com   www.streetviolence.org   www.wikicrimes.org  და სხვა. აღნიშნულ პორტალებზე მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს და მიუთითოს დანაშაული, რომლის მომსწრეც გახდა, ან რომლის შედეგადაც თავად დაზარალდა.

ამგვარი აქტივობა ეხმარება საზოგადოებას, იყოს უფრო ინფორმირებული და კოორდინირებული, ამავე დროს, აწვდის ინფორმაციას სამართალდამცავებს და ეხმარება მათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეგვიძლია გამოვიყენოთ სამართალდამცავი უწყებების Facebook-გვერდები და ამ გზით შევატყობინოთ მათ დანაშაულის შესახებ, დავსვათ აქტუალური კითხვები და მოვითხოვოთ პასუხი. კარგი იქნება, თუ გავაკეთებთ თემატურ ვიდეობლოგებს – დღეს ალბათ ყველა მობილურს აქვს კამერა, გადავიღოთ სამართალდარღვევა და განვათავსოთ საჯარო სივრცეში – მოვითხოვოთ რეაგირება.

მოქალაქეთა აქტიურობა იძულებულს გახდის პოლიტიკოსებს, ანგარიში გაუწიონ საზოგადოების აზრს და შესაბამისი რესურსი მიმართონ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია. შედეგად, წესიერი პოლიციელები კანონის ფარგლებში დაუპირისპირდებიან კრიმინალს და უკეთ დაიცავენ ჩვენს უსაფრთხოებასა და წესრიგს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები