საქართველოს განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი გიორგი მარგველაშვილი კობა დავითაშვილის განცხადებას ეხმაურება. დავითაშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა ვიცეპრემიერის თანამდებობა მაინც უნდა დატოვოს, თუ მისთვის შრომის კოდექსი მიუღებელია.
"ვწუხვარ, რომ ჩემი კერძო საუბარი გახდა მედიის განსახილველი, იმიტომ, რომ ეს არ იყო მედიისთვის გაკეთებული განცხადება, ან საერთოდ განცხადება. ეს იყო დისკუსია სრულიად სხვა თემაზე. მე ვწუხვარ, იმიტომ რომ არ მჩვევია გუნდის საპირისპირო გადაწყვეტილებებზე განცხადებების გაკეთება, შიგნით რას ვამბობ და როგორ, ეგ სხვა საკითხია. იმაზეც ვწუხვარ, რომ საქართველოში მშრომელთა უფლებებს იცავს ისეთი ხალხი, რომელსაც როზა ლუქსემბურგი სალანძღავი სიტყვა ჰგონია. როზა ლუქსემბურგი გმირულად მოკვდა სწორედ მშრომელთა უფლებების დაცვის დროს და სალანძღავად არ მითქვამს ეს. რაც შეეხება ბატონი კობას წინადადებას, რომ გადავდგე, ვფიქრობ, რომ ეს უფრო სერიოზულ კონტექსტში უნდა იქნას განხილული. მე მზად ვარ, ეს განვიხილო იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, თუ არის ამის საფუძველი, ბუნებრივია, მე დავუჯერებ ბატონ კობას და სხვა ადამიანებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს", - ამბობს მარგველაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში.
ახალი შრომის კოდექსის შესახებ განათლების მინისტრმა GIPA-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახალი შრომის კოდექსი უმუშევრობას გაზრდის.