მუსიკა

როცა მუსიკა გიყვარს

ნინა ახლოური
0 კომენტარი

ჩაისუნთქე ღრმად. მოდუნდი. მიიღე მონაწილეობა. დაკარგე კონტროლი. იგრძენი მუსიკა. გადარჩი. იცხოვრე ღამით. შეიყვარე კუნძული.

და Do it every fucking year!

ეს მოკლე ინსტრუქციაა იმისთვის, თუ როგორ მიიღო სიამოვნება მუსიკის ფესტივალზე. ის ვინმე მარკო პრესტინის ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს ერთ კარგ ადგილზე აღმოჩნდა და შემდეგ ამაზე შთამბეჭდავი მოკლე ფილმი გადაიღო. სიმართლე ითქვას, იქ რომ მოხვდე, არც ისე ბევრი რამაა საჭირო – მუსიკის სიყვარული, პასპორტი შენგენის ვიზით, რამდენიმე ასეული ევრო და მცირე დოზით ავანტიურიზმი. 1993-ში ამის გაკეთება შესაძლოა არც ისე საინტერესო ყოფილიყო – გადაფრენა ბუდაპეშტში, პატარა კუნძულის, ობუდას პოვნა და Diaksziget-ზე უნგრელი მუსიკოსების შემოქმედების მოსმენა. დღეს, როდესაც სიგეტის მუსიკის ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროგრამას გვთავაზობს, მუსიკის ყველანაირი ჟანრის ჩათვლით, მასზე ასეულობით ათასი ადამიანი ჩადის. წლების მანძილზე, სწორედ შესანიშნავი line-up-ების დამსახურებით, სიგეტი მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალად იქცა.

Coldplay Bilbao BBK Live-ზე
90-იანებიდან მოყოლებული, მუსიკის ფესტივალები მელომანებისთვის იმ ადგილად იქცა, სადაც ერთდროულად უამრავი მუსიკოსის მოსმენა, მთელი მსოფლიოდან ახალი მეგობრების შეძენა და უბრალოდ, დასვენება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება, ამ მხრივ ევროპა განსაკუთრებით მიმზიდველია – არა მხოლოდ კარგი მენეჯმენტის, საუკეთესო პროგრამების წყალობითაც. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი შეიძლება არც აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი – პეტროვარადინის ციხესიმაგრეში დახუთული ატმოსფერო, შესაძლოა, მავანმა ადვილად გაცვალოს როსკილეს გრილ ამინდზე. ხშირ შემთხვევაში, მუსიკის ფესტივალები კემპინგთან ასოცირდება, რაც, მართალია, მხოლოდ რამდენიმე დღით, მაგრამ ცხოვრების სტილის შეცვლასაც გულისხმობს.

ამიტომ, ბოლო წლებში ონლაინმაღაზიებმა ადრიან გაზაფხულზე კატალოგების შედგენაც კი დაიწყეს, სადაც კონტენტი ძირითადად ერთი კითხვით განისაზღვრება – რა ჩავიცვათ ქოაჩელაზე? Coachella style ბოლო წლებში ალბათ რაღაც განსაკუთრებულ მიმდინარეობადაც კი ჩამოყალიბდა, რომელიც სულაც არ ითხოვს კალიფორნიაში ვიზიტს. სტილის განვრცობა თამამად შეიძლება სხვა ნებისმიერ ფესტივალზე, რომელიც თბილ დღეებში ტარდება და კემპინგის ელემენტს მოიცავს. კომფორტი აქ საკვანძო სიტყვაა და პირველ რიგში თავისუფალ სამოსს, კომფორტულ ფეხსაცმელსა და მზისგან დამცავ საშუალებებს მოიაზრებს.

ერთი სიტყვით, აქ დრეს-კოდი ბუნებრივი პირობების მიხედვით იქმნება. განსაკუთრებული ფენომენია კაზანტიპი, სადაც ნარინჯისფერი სამოსი არა სავალდებულო, არამედ, უბრალოდ, კარგი ტონის მანიშნებელია. თუმცა, ეს ის ადგილია, სადაც მუსიკის მოსასმენად სამოსი მინიმალური დოზით გჭირდებათ – სიტყვა topless აქ ისევე უყვართ, როგორც ელექტრონული საუნდი.

KaZantip

KaZantip

კაზანტიპის რესპუბლიკის მოქალაქეებს ნარინჯისფერი სამოსით და ყვითელი ჩემოდნებით იცნობთ. კაზანტიპი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. სხვა ფესტივალებისგან მას განსაკუთრებით ის გამოარჩევს, რომ აქ ცნობილი დიჯეების მოსმენა და დასვენება ერთდროულად შეიძლება – პლაჟზე წვეულებები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იმართება, მზის აბაზანები, ვიტამინი D და ზღვა კი ხარისხიანი მუსიკით მიღებული ენდორფინების დოზას ერთიორად ზრდის.

ამბობენ, რომ კაზანტიპი ერთდროულად გიყვარს და რაღაც მომენტში, გძულს კიდეც. თავიდან ერთი სული გაქვს, აქ როდის მოხვდები, შემდეგ კი ოცნებობ მალე მოუსვა აქედან, იმიტომ რომ დღე და ღამე წვეულებებზე ყოფნა უზარმაზარ ენერგიას გართმევს. ანუ, საზაფხულო შვებულების შემდეგ კაზანტიპელი სრულფასოვნად დასვენებულად თავს ვერ იგრძნობს. ეს კი არა, საშინლად გამოუძინებელი და შესაძლოა, მზეზე დამწვარიც დაუბრუნდეს ყოველდღიურ რუტინას.

იქიდან გამომდინარე, რომ აქ ვიზა არ დაგჭირდებათ, ყირიმის ეს პატარა სამოთხე ზაფხულის დღეების გასატარებლად იდეალურ ადგილად იქცევა. კაზანტიპის ციებ-ცხელება წელს 31 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გასტანს.

თავარია, გახსოვდეთ, რომ კაზანტიპი მაინც წარმოსახვითი სამყაროს ნაწილია, რომელსაც იგონებთ იმისთვის, რომ ყოველდღიურ მოწყენილობას თავი დააღწიოთ და ცოტა ხნით მაინც იცხოვროთ იქ, სადაც არ არსებობს შეზღუდვები, სულ მზიანი ამინდი და ბევრი ფერადი კოქტეილია. დამატებითი ბონუსი: კაზანტიპის ცნობილი Z-Games და, ცხადია, ხანმოკლე ქორწინება, რომელიც დღესასწაულის დასრულებამდე გასტანს.

Sziget

Sziget

სიგეტის მენეჯმენტი ყოველ წელს ახერხებს ძალიან საინტერესო პროგრამების შედგენას. ხუთი დიდი და ოცამდე პატარა სცენა და უამრავი მოედანი ბევრ ცნობილ არტისტს წარმოადგენს. წელს მათ რიცხვში Wax Tailor, Azealia Banks, Tame Impala, Blur, Hadouken!, Skunk Anansie, Regina Spektor, Leningrad, Parov Stelar Band, Peter Bjorn & John და სხვები მოხვდებიან. ისე კი, მუსიკა უნგრული დღესასწაულის ერთადერთი ძლიერი მხარე არ არის. აქ დროის გატარება შესანიშნავად შეიძლება – ქუჩის თეატრები საინტერესო წარმოდგენებს დგამენ, ლოგიკური თამაშების კარავში ჭადრაკისა და დომინოს მოყვარულებს ელოდებიან, გარეთ წლის საუკეთესო ფილმებს აჩვენებენ, ხოლო სამზარეულო ყველანაირ კერძებს გთავაზობთ: ბურგერებიდან დაწყებული, ტრადიციული უნგრული, ვეგეტარიანული და ბიომენიუთი დამთავრებული.

Exit

მოქმედება სერბეთში, უფრო ზუსტად კი ნოვი-სადში, პეტროვარადინის ციხესიმაგრეში ხდება. ფესტივალი 2000 წელს დააარსეს ნოვი-სადელმა სტუდენტებმა. მათი მხრიდან ეს პროტესტის გამოხატულება იყო სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის წინააღმდეგ. დუნაის სანაპიროზე ჰაბსბურგების დროინდელი არქიტექტურული ძეგლის მონახულებას დამატებითი ხიბლი აქვს, რომელსაც უცხოელი ტურისტები გვერდს ვერ უვლიან. ესეც არ იყოს, ფესტივალზე დასწრება საკმაოდ იაფი ჯდება, საცხოვრებლის და საკვების დაბალი ფასებიდან გამომდინარე.

Exit-ს მკაცრი წესები აქვს. აქ აკრძალულია ტერიტორიის დატოვება, საკვების, კარვების, ქოლგების და საბნების შეტანაც კი, ცხადია, არ დაიშვება ნარკოტიკები და იარაღი. სიმკაცრის კომპენსაცია შესანიშნავი line-up-ებით ხდება. ოცი სცენა ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მუსიკოსს და მუსიკალურ ჯგუფს წარმოადგენს. წლევანდელ პროგრამაში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე სახელი, მათ შორის – Snoop Dogg, Bloc Party, Brookes Brothers, Prototype, Fatboy Slim, თუმცა 10 ივლისამდე კიდევ ბევრი არტისტის დამატება იგეგმება.

Roskilde
Roskilde

ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე დიდი და, უბრალოდ, ყველაზე მაგარი მუსიკის და ხელოვნების ფესტივალია, რომლის ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანებიდან იწყება. ის დანიაში, ვიკინგების ეპოქის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ როსკილეში ტარდება, რომელიც კუნძულ ზელანდიაზე მდებარეობს. აქ მოხვედრა სკანდინავიური კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს განსაკუთრებით დააინტერესებთ.

კემპსაიტი 80 ჰექტარზეა გაშლილი. სტუმრების რაოდენობა ხშირად ასი ათასს აჭარბებს. როსკილეს ფესტივალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ორგანიზება დამოკიდებულია ათასობით მოხალისეზე, რომლებიც აწყობენ სცენებს, შლიან კარვებს და ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებენ. სამაგიეროდ, წინ არაჩვეულებრივი რამდენიმე დღე ელით (იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, თუ სკანდინავიურმა ამინდმა ყველაფერი არ ჩაშალა და მაგრად არ გაწვიმდა).

მუსიკოსები აქ დროში შეზღუდულები არ არიან და ბისზე შეუძლიათ რამდენჯერმე გამოვიდნენ, პროგრამა კი ყოველ წელს ღირსშესანიშნავია და გემოვნებიან მეინსტრიმზეა ორიენტირებული. Kraftwerk-ის, The National-ის, Slipknot-ის, Kendrick Lamar-ის, Rihanna-ს, Sigur Ros-ის, Dead Can Dance-ის თაყვანისმცემლებმა 29 ივნისიდან ზაფხული ალბათ უკვე დაგეგმეს. მომავალ თვეებში პროგრამას კიდევ ბევრი სახელი დაემატება.

Bilbao

სითბოს მოყვარულებს ვურჩევთ, სამხრეთისკენ აიღონ გეზი. ესპანური მუსიკის ფესტივალები წელს მართლაც შესანიშნავ პროგრამებს გვთავაზობს. ბასკების ქვეყანაში, კონკრეტულად კი ბილბაოში, კობეტასის მთის ფერდობზე 2006 წლიდან ტარდება Bilbao BBK Live, რომელიც უკვე სამჯერ იყო ნომინირებული ევროპული ფესტივალების დაჯილდოებაზე, როგორც საშუალო სიდიდის საუკეთესო ევროპული ფესტივალი. ბილბაოში წელს 11-დან 13 ივლისის ჩათვლით ისეთი კარგი მუსიკოსები ჩავლენ, როგორიცაა Depeche Mode, Klaxons, Kings of Leon, Greend Day, Fatboy Slim, Twin Shadow, Benjamin Biolay, alt-J, The Hives.

Exit
Sónar

სამდღიანი დღესასწაული ელექტრონული მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბარსელონაში (წლევანდელი თარიღია 13-დან 15 ივნისამდე) და 80 000-მდე სტუმარს მასპინძლობს. ის არა მხოლოდ ღია ცის ქვეშ, არამედ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ცენტრშიც ტარდება, განსხვავებულია დღისა და ღამის პროგრამები. წლევანდელ მუსიკალურ პროგრამაში Kraftwerk, Pet Shop Boys, Skrillex, Laurent Garnier, Bat For Lashes, Nicolas Jaar, AlunaGeorge, Matthew Herbert, Olafur Arnalds Trio, Breakbot, Gold Panda მოხვდნენ, რაც ამ მზიანი ფესტივალის წარმატებას ტრადიციულად უზრუნველყოფს.

Primavera Sound

უფრო ადრე, 22-დან 26 მაისის ჩათვლით, ბარსელონაში კიდევ ერთი შესანიშნავი ფესტივალი Primavera Sound იმართება, რომელსაც წელს მართლაც არაჩვეულებრივი პროგრამა აქვს. არტისტების უმრავლესობა ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელია: Blur, Nick Cave & The Bad Seeds, Phoenix, Tame Impala, Fiona Apple, Deerhunter, My Bloody Valentine, Dead Cand Dance, James Blake, Grizzly Bear, Wu-Tang Clan, The Knife, Hot Chip, Killer Mike, Apparat, Four Tet, Metz, The Vaccines...

Rock en Seine

როკის მოყვარულები აგვისტოს ბოლოს პარიზის დასავლეთ ნაწილში იყრიან თავს. მათი რიცხვი, ისევე როგორც შემსრულებლების, ყოველწლიურად იზრდება. სტუმრებს ელოდებათ კომფორტული კემპინგის ატმოსფერო სენ-კლუს პარკში და მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც ხშირად სცდება როკის ფარგლებს. წელს როკი სენაზე 23 აგვისტოს აიღებს სტარტს და სამ დღეს გასტანს. ჯერჯერობით პროგრამის მცირე ნაწილია ცნობილი, თუმცა რამდენიმე კარგი სახელის წაკითხვა უკვე შესაძლებელია line-up-ის სიაში. ესენია: Franz Ferdinand, Alt-J, Tame Impala, Kendrick Lamar, Phoenix, Nine Inch Nails, System Of A Down, ASAP Rocky.

Melt

ინდუსტრიული განწყობის შესაქმნელად მელომანები გერმანიაში, გრეფენჰაინიჰენში, ფეროპოლისის მუზეუმს სტუმრობენ. „რკინის ქალაქის" უჩვეულო გარემო ფესტივალს ეგზოტიკურ სანახაობად აქცევს. როკისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გიგანტური ექსკავატორების პეიზაჟის ფონზე 19-დან 21 ივლისამდე The Knife-ის, Woodkid-ის, Two Fingers-ის, SBTRKT-ის, Scuba-ს, Trentemoller-ის, Flying Lotus-ის, Archive,-ის Modeselektor&Apparat-ის, James Blake-ის მოსმენის საშუალება ექნებათ.

Sónar
Glastonbury

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კომერციულად წარმატებული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ინგლისის პატარა ქალაქ გლასთონბერიში ტარდება. ის 1970 წელს დაარსდა და თავიდან ჰიპური მოძრაობის გავლენის ქვეშ იყო. შესაძლოა, დღეს ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალი არ იყოს, მაგრამ ის მართლაც უზარმაზარია – მაგალითად, 2007 წელს აქ მუსიკა 80 სცენიდან ჟღერდა. წელს გლასთონბერი, ტრადიციულად, გამორჩეულად კარგ პროგრამას სთავაზობს მელომანებს. 26-დან 30 ივნისამდე, მის სცენებზე ისეთი პოპულარული შემსრულებლები გამოჩნდებიან, როგორებიცაა Arctic Monkeys, The Rolling Stones, The Vaccines, Portishead, The Weeknd, The Orb, Gold Panda, SBTRKT, Sinead O'Connor, Nick Cave&The Bad Seeds, Vampire Weekend, Public Enemy...

Life Festival

ირლანდიაში, უესტმითის საგრაფოში იმართება და საკმაოდ ახალგაზრდა ფესტივალია – მისი ისტორია 2006 წლიდან იწყება, თუმცა ეს ხელს არ უშლის, იყოს ადგილი, რომელსაც გემოვნებიანი მუსიკის მსმენელი ერთ-ერთ ფავორიტად აღიარებს. 2010 წელს ის უკვე ევროპის პატარა მუსიკის ფესტივალების ტოპ ათეულში იყო. Life-ის მიზანია, მსმენელს სამ დღეში წარუდგინოს ელექტრონული მუსიკის საუკეთესო არტისტები. წელს, 24-დან 26 მაისამდე, ფესტივალი ამას შემდეგი სახელებით შეეცდება: Groove Armada, Laurent Garnier, Amon Tobin, Booka Shade, Two Fingers, Reglans...

ცხადია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი ფესტივალი ზაფხულის ბოლოს ტარდება, პროგრამები ბოლომდე შედგენილი არ არის და მაინც, უკვე ცნობილი სახელების უმეტესობა, ორგანიზატორების რეპუტაცია და თავგადასავლების სურვილი ქმნის წინაპირობას, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ეს ზაფხული ევროპაში ძალიან საინტერესო იქნება. მართალია, ქართველებს ამის სანახავად ქვეყნის საზღვრების გადალახვა მოუწევთ, მაგრამ 5 ივნისს ალტერვიჟენზე ჩვენც გვექნება საშუალება ძალიან კარგი მუსიკა მოვისმინოთ. შესაძლოა, ის დღეც არ არის ძალიან შორს, როდესაც Tricky-ის და Infected Mushroom-ის წონის მუსიკოსები რამდენიმე დღის განმავლობაში გაახარებენ ქართულ პუბლიკას, სცენასთან ახლოს კი კარვები და ბევრი უცხოელი მელომანი გაჩნდება...

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები