ცეკვა

ცეკვა თავისუფლებისთვის

ირინა ბაგაური
0 კომენტარი

Battery Dance Company ამერიკული საბალეტო დასია. ცეკვავენ მოდერნ ბალეტს ჰიპ-ჰოპის და სხვა თანამედროვე ცეკვების ელემენტებით. დასს თითქმის ორმოცწლიანი ისტორია აქვს, მისი წევრები წარმოშობით სხვადასხვა კონტინენტებიდან არიან და ერთი კოსმოპოლიტური ქალაქი, ნიუ იორკი აერთიანებთ.

„ცეკვა აკავშირებს" სოციალური პროექტია, რომელიც დასმა ორმოცზე მეტ ქვეყანაში განახორციელა და მასში მონაწილეობის საშუალება ათასობით მოხალისესა თუ პროფესიონალს მიეცა. ამერიკული დასის მისია ცეკვის გავრცელება და კრეატიული გარემოს შექმნაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, მარტის ბოლოს დასი ამავე პროექტით თბილისს ეწვია. პროგრამის ფარგლებში შეირჩა ხუთი ქართული პროფესიონალური და სამოყვარულო ანსამბლი, რომელთანაც ამერიკული კომპანიის წევრებმა ხუთი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს იმ კულტურათა დამაკავშირებელი ცეკვის შესაქმნელად, რომლის ნახვის საშუალებაც, შემაჯამებელი წარმოდგენის სახით, ქართველ მაყურებელს 5 აპრილს, გრიბოედოვის თეატრში მიეცა.
დასკვნითი სპექტაკლი ორ ნაწილად გაიმართა: მეორე ნაწილში თავად Battery-ს დასის ხუთმა წევრმა წარმოგვიდგინა მინიატურები. მათ ცეკვაში ჩანს განსწავლულობა და იმ კულტურების გავლენა, რომელიც შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ერებმა შეიტანეს. სპექტაკლში Battery-ს მოცეკვავეებმა საკუთარი ემოციები არა მხოლოდ სხეულის ენით, არამედ სიმღერითაც გამოხატეს. მათი გამოსვლები უფრო არტპერფორმანსებს წარმოადგენს, ვიდრე წმინდა საცეკვაო ნომრებს და მიუხედავად იმისა, რომ დასის წევრების ფიზიკური მომზადების დონე მაღალია, ალბათ ზედმეტი იქნება, მათ შესრულებაში განსაკუთრებული ქორეოგრაფიული მიგნებები ვეძიოთ.

პირველ, ქართულ ნაწილში კი პროფესიონალ სუხიშვილებთან, თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტებთან და ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის აღსაზრდელებთან ერთად, სცენაზე მარნეულის ბავშვთა ანსამბლი „ბუთა" და საზოგადოება „ბილიკის" მოზარდები და მოხალისეები წარდგნენ. ამ მოზარდების გამოსვლა, ალბათ, წარმოდგენის ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო ნაწილი იყო: ბავშვები, ბუნებრივია, არც ფიზიკური მომზადებითა და სხეულის პროპორციებით ჩამოჰგვანან კლასიკური ბალეტის სკოლის აღსაზრდელებს და ბევრი მათგანი საცეკვაო მონაცემებით სულაც არ გამოირჩევა, თუმცა ხელოვნება უნივერსალურია, ამიტომ, მოზარდები, რომლებიც კიდურებს ჯერ კიდევ ვერ იმორჩილებენ, რომლებსაც არასდროს უცეკვიათ ჰიპ-ჰოპი, მით უმეტეს კლასიკა, ქართული ცეკვის ილეთების გამოყენებით ხშირად მოუქნელად, ბავშვური მღელვარებით, მაგრამ საოცარი, გადამდები სიხარულით ტრიალებდნენ სცენაზე იმ დასების გვერდით, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბით იცნობენ.

წარმოდგენის მთავარი არსიც ხომ სწორედ ეს იყო, საკუთარი ემოციების გამოხატვა სხეულის ენით, რომელსაც ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ლინგვისტიკური მახასიათებელი და აქცენტი აქვს. ბუნებრივია, ერთკვირიანი მუშაობის შედეგად, ახალს ბევრს ვერაფერს ისწავლი – მთავარი, რაც ამ ადამიანებმა ამერიკული დასის წევრებისგან მიიღეს, შინაგანი თავისუფლების საკუთარივე ენით გამოხატვის შესაძლებლობა იყო. ამიტომაც, წარმოდგენის ქართველი მონაწილეები ქართულად, ტრადიციული ილეთებით ცეკვავდნენ ამერიკული ელექტრონული მუსიკის, ზოგჯერ ქართული სიმღერების ფონზეც და იყენებდნენ ვორქშოფებზე ნასწავლ ახალ მოძრაობებს, რომლებშიც ასევე შეინიშნებოდა მშობლიური აქცენტი.

გამომდინარე იქიდან, რომ ხუთი აპრილის წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალი იყო, გრიბოედოვის თეატრში მისულთაგან თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრების საშუალებაც ბევრს პირველად მიეცა და ეს აისახა კიდეც მაყურებლის ემოციურობაზე. თბილისური პუბლიკა ხომ ისედაც არასდროს გამოირჩევა თავშეკავებულობით, მით უმეტეს მოწესრიგებულობით (მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველი სპექტაკლის დაწყების წინ, თეატრში შეკრებილებს საგანგებოდ სთხოვენ მობილური ტელეფონების გამორთვას, იშვიათი წარმოდგენა თუ გაგვახსენდება, რომლის მსვლელობისასაც ტელეფონს არ გაეწკრიალოს), მაგრამ Battery Dance Company-ს სპექტაკლმა ყველა რეკორდი მოხსნა: დარბაზში დამსწრე საზოგადოების ემოციები, სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე მისული გულშემატკივრისას უფრო ჰგავდა, ვიდრე თეატრალებისას.

მქუხარე და უადგილო ტაში, ხმამაღალი შეძახილები, ფლაიერების ცვენა ზედა იარუსებიდან და სტვენა მთელ წარმოდგენას გასდევდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით მოწონების გამოხატვა, რბილად რომ ვთქვათ, თეატრში მიუღებელია, განსხვავებით რიგითი სპექტაკლების „დარღვევებისგან", დარბაზის იმდღევანდელი აქტიურობა სულაც არ იყო გამაღიზიანებელი, რადგან ეს ემოციები ეკუთვნოდათ ადამიანებს, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ რეგიონებიდან, მოვიდნენ შორი გარეუბნებიდან იმ მეგობრების საგულშემატკივროდ, რომლებიც ასევე პირველად იდგნენ დიდ სცენაზე და, რაც მთავარია, მათ ეს წრფელად და მთელი გულით ახარებდათ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები