ფარესიშვილის საქმე

გიორგი ფარესიშვილი ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან ჩამოშორებას ითხოვს

პირველი რადიოს პრესკლუბში, ჟურნალისტმა გიორგი ფარესიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ფარესიშვილი, შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სამართლიანობის ზეიმის პირველ ეტაპად აფასებს და არჩილ კბილაშვილის პირველი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის თანამდებობიდან ჩამოშორებას ითხოვს.

ფარესიშვილის თქმით, ასევე უნდა მოხდეს "იმ ბიზნესინტერესების და ბიზნესკლანის გამოძიება, რომელიც მოქმედებდა ქართული კვერცხისა და ქათმის წინააღმდეგ". მისივე თქმით, ლაშა ნაცვლიშვილი და პრემიერმინისტრის მრჩეველი, გია ხუხაშვილი, კვერცხის ბიზნესში აქტიურად არიან ჩართულნი.

ფარესიშვილი აცხადებს, რომ გელა ხვედელიძის და შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ჟურნალისტის თქმით, ამ საკითხში იურიდიულ დახმარებას მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია. შს მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში, ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, გელა ხვედელიძემ განათავსა.

ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

 

კომენტარები