ილიაუნი

ილიაუნის აკადემიური საბჭოს მიმართვა საქართველოს პარლამენტს

0 კომენტარი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართვა გამოქვეყნდა, რომლის ადრესატიც საქართველოს პარლამენტის წევრები და თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. წერილი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის განცხადებას ეხმაურება. კიღურაძემ ილიაუნის საბჭოებსა და რექტორს არალეგიტიმურობაში დასდო ბრალი და მათ წინა მთავრობის "ჩანერგილები" უწოდა, რომელთა მიზანიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის განადგურებაა. საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ივანე კიღურაძის გამოსვლასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ მისი აზრი არ ემთხვევა საპარალამენტო უმრავლესობის აზრს. აკადემიური საბჭო თხოვნით მიმართავს პარლამენტს, გამოიყენოს ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოს უმაღლესი განათლების და კვლევის სივრცის მაქსიმალური ავტონომიზაციისთვის და თვითმმართველობის განმტკიცებისათვის.
აკადემიური საბჭოს მიმართვას გთავაზობთ სრული ფორმით:

"ა.წ. 14 მაისს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა შესწორება საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის შინაარსიც იყო სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიის განმტკიცება: კერძოდ, ამ შესწორების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის და იურიდიული ფორმის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება გადაეცემოდა უნივერსიტეტის კოლეგიალურ მმართველობით საბჭოებს.

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე ამ შესწორების წინააღმდეგ წავიდა. მისი განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების „დღევანდელი საბჭოები, დღევანდელი რექტორები არ არიან ლეგიტიმურები" რომ „დღევანდელი საბჭოები და რექტორები არიან წინა მთავრობის მიერ ჩანერგილები უნივერსიტეტებში" და რომ „ილიას უნივერსიტეტი არის ხელოვნურად შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გასანადგურებლად". ამიტომ, ის არ ეთანხმება კანონპროექტს უნივერსიტეტების ავტონომიის განმტკიცების შესახებ.

ამ მიმართვაში ჩვენ არ ვაპირებთ იმის ახსნას, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველოს კვლევის და განვითარების სისტემამ და კონკრეტულად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბოლო წლების მანძილზე, შეზღუდული ავტონომიის პირობებში. ეს ცნობილია საზოგადოებისათვის და შესაბამისი ასახვა აქვს საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის უმაღლესი განათლების სისტემის გარდაქმნის ის გეგმა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძის და კომიტეტის ზოგიერთი წევრის განცხადებებში იკითხება და რომლის მიზანი სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიის სრული გაქრობაა.

განცხადებებიდან ცხადია, რომ ივანე კიღურაძე მომხრეა, უნივერსიტეტების ავტონომია გაუქმდეს და მთავრობას მიეცეს სრული უფლება, მოახდინოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაცია, იურიდიული ფორმის ცვლილება და ლიკვიდაცია, უნივერსიტეტების კოლეგიური მმართველობითი საბჭოების გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ივანე კიღურაძე და კომიტეტის ზოგიერთი წევრი უმაღლეს განათლებაში საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ვითარების აღდგენის მომხრეა, რომდესაც უმაღლესი განათლება კვლევითი სისტემისგან დამოუკიდებლად არსებობდა, ხოლო უაღრესად კორუმპირებული უმაღლესი სასწავლებლები პირდაპირ სახელმწიფო მმართველობაში იმყოფებოდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო გამოთქვამს შეშფოთებას ივანე კიღურაძის ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ივანე კიღურაძის აზრი არ ემთხვევა საპარალამენტო უმრავლესობის აზრს. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება საქართველოს უმაღლესი განათლების და კვლევის სივრცის მაქსიმალური ავტონომიზაციისათვის და თვითმმართველობის განმტკიცებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ გეგმის განხორციელება, რომელიც განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებში იკითხება, საქართველოში დიდი ხნით მოსპობს უნივერსიტეტების ავტონომიას, თვითმმართველობას და აკადემიურ თავისუფლებას, შესაბამისად - კვლევის და ტექნოლოგიების განვითარების და ცოდნის ეკონომიკის საფუძვლებს."

კომენტარები