მიმართვა ჟურნალისტებს

მედიის განვითარების ფონდი ჟურნალისტებს პროფესიონალიზმისკენ მოუწოდებს

მედიის განვითარების ფონდი (MDF) ჟურნალისტებს, რომლებიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქებას გეგმავენ, მოვლენების მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქებისკენ მოუწოდებს. MDF ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობებს ახსენებს, რათა თავი აარიდონ სიძულვილის გაღვივებას, ადამიანთა დისკრიმინაციას მათი სექსუალური ორიენტაციის, ან სხვა ნიშნით.

"მოვუწოდებთ ჟურნალისტებს: აქციის მსვლელობისას აღჭურვილი იყვნენ ჟურნალისტის მაიდენტიფიცირებელი ატრიბუტიკით (სპეციალური ჟილეტითა და პრესის აღმნიშვნელი წარწერით), რათა სამართალდამცავებმა მათი აქციების მონაწილეთაგან გამიჯვნა შეძლონ", - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

MDF ყოველდღიურ მონიტორინგს ქართული ტელე და საგაზეთო მედიის მიერ უმცირესობების თემატიკის გაშუქებაზე 15 აპრილიდან ახორციელებს და მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

"17 მაისი ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილში მოქალაქეები სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევას და მათ სტიგმატიზაციას აპროტესტებენ. ამ პროცესს უერთდება საქართველოც. თუმცა პარალელურად, ხვალვე დაგეგმილია საპროტესტო აქციები ჰომოფობიური ლოზუნგებით, რომლის მონაწილეებიც ადამიანის უფლებათა დამცველების მშვიდობიან აქციას აპროტესტებენ. საქართველოს კონსტიტუცია შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების მყარ გარანტიებს ქმნის, რომლის დაცვის და უზრუნველყოფის ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს აკისრია. ამასთანავე, მედიის განვითარების ფონდი, მოუწოდებს საზოგადოებას, პატივი სცეს სხვათა გამოხატვის თავისუფლებას. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული და მიმდინარე კვლევები ცხადყოფს, რომ სექსუალურ უმცირესობათა მიმართ საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებაში ხშირად ნეგატიურ როლს ასრულებს როგორც მედია, ასევე ცალკეულ საჯარო პირთა ჰომოფობიური განცხადებები. ამ ფონზე ფონდი მიესალმება პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო გზავნილებს, ლგბთ პირების კონსტიტუციური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია MDF-ის მიერ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქცია საქართველოს პარლამენტთან 13 საათზე გაიმართება. პარალელურად, საზოგადოების ნაწილი ამ აქციის გაპროტესტებას გეგმავს. ამ დროისთვის პარლამენტთან მისასვლელი გზა რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები