ლიტვინენკო

ლიტვინენკოს სახიფათო კავშირები

0 კომენტარი

ინფორმაცია ალექსანდრ ლიტვინენკოსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირის შესახებ საჯარო არ გახდება. ბრიტანულმა სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება 20 სექტემბერს, წინასწარი მოსმენით მიიღო.
როგორც მოსამართლე ჰიუ დევისმა აღნიშნა, მსგავს გადაწყვეტილებას საფუძვლად მთავრობის მოთხოვნა უდევს.

სკოტლენდ იარდი ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის გამოძიების პარალელურად, მასსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს, MI5-სა და MI6-ს შორის შესაძლო კავშირებსაც იძიებდა.

პირველად ინფორმაცია ლიტვინენკოსა და MI6-ს შორის თანამშრომლობის შესახებ 2007 წელს ვიაჩესლავ ჟარკომ გაახმოვანა. იგი ამტკიცებდა, რომ 2002 წლიდან ის MI6-ის აგენტი იყო, რაშიც დიდი წვლილი ლიტვინენკოს მიუძღოდა. ჟარკო ასევე ამტკიცებდა, რომ ლიტვინენკო რუსეთში ტერორისტულ აქტებს და პრეზიდენტ პუტინის ლიკვიდაციასაც გეგმავდა.

იმავე წელს ლიტვინენკოსა და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა. ჟურნალისტები „დიპლომატიურ და დაზვერვის წყაროებზე" დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ ლიტვინენკო ბრიტანული სპეცსამსახურებისგან თვეში 2000 გირვანქას იღებდა.

ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლე, მარინა ლიტვინენკო, ამ კავშირს არ უარყოფდა. RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ბრიტანულ სპეცსამსახურებს ევროპაში რუსული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში კონსულტაციებს უწევდა.

ლიტვინენკოს საქმის შემდეგი მოსმენა 2 ნოემბერს და 13-14 დეკემბერს შედგება. პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ამან, შესაძლოა, რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვიოს.
მარინა ლიტვინენკოს ადვოკატი აცხადებს, რომ ის პროცესზე რუსული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს პოლონიუმ 210-ით მოწამლეს. ის რუსეთის ხელისუფლებას 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში სდებდა ბრალს, პუტინს კი ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებდა. გამოძიების შედეგად, ბრიტანულმა მხარემ რუსეთიდან ანდრეი ლუგოვოის, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ექსტრადირება მოითხოვა, რასაც კრემლი არ დათანხმდა. მოგვიანებით ლუგოვოი დუმაში, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის სიით, დეპუტატად აირჩიეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები