17 მაისის აქცია - შეფასებები

მანანა კობახიძე: ხელებით მოახერხა პოლიციამ ორი მხარის დაშორება

news.ge

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე არ ეთანხმება არასამთავრობოების შეფასებას, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო მომიტინგეების დაცვა. მისი თქმით, პოლიციამ ხელკეტების გარეშე მოახერხა ორი მხარის დაშორება.
"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციამ შეძლო ამ ადამიანების განცალკევება. რომ არა პოლიციის ძალისხმევა ბევრი ადამიანი დაშავდებოდა. აქციის მონაწილე ბევრად მეტი იყო, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას აპროტესტებდა. მათი ადამიანური რესურსი მაქსიმალურად უმკლავდებოდა ამ დაპირისპირებას. ჩვენმა პოლიციამ კატეგორიულად უარი თქვა ხელკეტების, მხუთავი გაზის გამოყენებაზე, რითიც ხასიათდებოდა პოლიციის ქმედება მთელი ამ წლების განმავლობაში. შენიშვნაც იყო გაკეთებული ჩერგოლეიშვილის მხრიდან, რომ პოლიცია მხოლოდ პერანგებით იყო. დიახაც, არ იყო იმ ხელკეტებით. ხელებით მოახერხა პოლიციამ ამ ორი მხარის დაშორება. ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია და მისი რაიმე გამოვლინება არ დარჩეს დასჯის გარეშე. ვაცადოთ პოლიციას, პოლიცია მოქმედებს. ალბათ ეს იყო ის მინიმალური ზიანი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ხალხმრავალ აქციაზე ამ ყველაფრის აღკვეთა. მე არასამთავრობოებს ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ შეფასებაში, თითქოს პოლიციამ ვერ უზრუნველყო მომიტინგეების დაცვა. გამოხატვის თავისუფლება ორივე მხარეს ჰქონდა", - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები