17 მაისის აქცია - შეფასებები

ლაშა ჟვანია: კონსტიტუციაზე მაღლა ნებისმიერი მორწმუნესთვის ღვთის სიტყვა დგას

wikipedia.org

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია გამოეხმაურა დღეს 17 მაისს, ქალაქის ცენტრში განვითარებულ ძალადობას. ჟვანიას კომენტარს საინფორმაციო სააგენტო ივერიონი ავრცელებს.
"სადაც საჭიროა მტკიცე ნების გამოხატულება, იქ ეკლესია მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს. ამგვარი აღვირახსნილობის და პროპაგანდის წინააღმდეგ თუ საჭიროა, გამოხატოს ეკლესიამ წინააღმდეგობა, ეკლესია წინააღმდეგობას გამოხატავს. ვერავითარი კანონი ვერ დაუშლის ეკლესიას მსგავს საკითხებზე მოწოდების გაკეთებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის ღვთის სიტყვა და სახარება დგას. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისუფლად თავისი აზრი. დღეს ადგილი არ ჰქონდა აზრის თავისუფლად გამოყოფას, დღეს ადგილი ჰქონდა პროპაგანდას, ეკლესია ამის წინააღმდეგ ყოველთვის გამოვა", - აღნიშნა ჟვანიამ.
ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სექსუალურ უმცირესობებს პატრიარქის მოწოდება უნდა გაეთვალისწინებინათ და არ ჩაეტარებინათ ამგვარი აქცია.
"ვფიქრობ, რომ სასურველი იქნებოდა სულიერი მამის ეს მოწოდება გაეთვალისწინებინა საზოგადოების იმ მცირე ჯგუფს და არ ჩაეტარებინა მსგავსი აქცია, რომელიც ვერც კი ჩატარდა საზოგადოების მკაცრი წინააღმდეგობის პირობებში. საპატრიარქო რა არის? როცა მას ვახსენებთ, ვგულისხმობთ ინსტიტუტს, მაგრამ აქ იყო წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან, რომლის ნაწილიც არიან სასულიერო პირები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები. როცა საპატრიარქოს ახსენებთ, რაღაც მარგინალურ ინსტიტუტს გულისხმობთ, სასულიერო პირები წინ ჩაუდგნენ საზოგადოებას სწორედ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო რაიმე ისეთი დაპირისპირება, რომელიც ადამიანის კვლასა და წამებაში გადაიზრდებოდა", - აცხადებს ჟვანია.

კომენტარები