აქცია ძალადობის წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიის შენობასთან მშვიდობიანად დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან 17 მაისს თბილისში მომხდარ ძალადობაში დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ. იქვე იმყოფებოდა ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" რამდენიმე წევრი, რომლებიც „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" აკრძალვას მოითხოვდნენ. ორ აქციას შორის საპატრულო პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. თუმცა, პერიოდულად "ეროვნული ფრონტის" წევრები ცდილობდნენ ძალადობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებისთვის ხმა მიეწვდინათ, რამდენიმეჯერ სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.
18 მაისის აქცია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 17 მაისს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს.













