მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: ყველამ კარგად იცოდეს, თავს არავის დავაჩაგვრინებთ

მეუფე იაკობი
ipn.ge

ბოდბის ეპისკოპოსმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას, 17 მაისის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესია არ ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ ყველა ფაქტის გამოძიებას და ქართველმა ხალხმა თავისი ნება აჩვენა. 

”სასულიერო პირების მიმართ, რომლებსაც 17 მაისს გადაცდომა მოუვიდათ, ეკლესიაც მიიღებს ზომებს და ვფიქრობ, მათ არც საერო სამართლის წინაშე წარდგომა გაუჭირდებათ. თუ ჩვენები – ეკლესის წევრები იქნებიან დამნაშავეები, ვფიქრობ, მათ საერო სამართლის წინაშე წარდგომა არ გაუჭირდებათ. მადლობა ღმერთს, კარგად გადაგვარჩინა. ფეხბურთის გუნდები რომ დაამთავრებენ ხოლმე თამაშს, იქ ხდება ხოლმე ტრაგედიები. ერთი ვიტრინაც არ ჩამტვრეულა, გატყდა ავტობუსის შუშა, ხალხსაც რაღაც მოუვიდა და ალბათ ჩვენც ვისწავლით, მაგრამ სახელმწიფოც შესაბამის დონეზე აღმოჩნდა", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ცოდვას ეკლესია ვერ შეურიგდება და ქართველი ხალხის მხრიდან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. 

"თითოეულ ადამიანს აქვს არჩევანი და ერთმანეთის არჩევანში არ უნდა ჩავერიოთ, მაგრამ ეკლესიისგან და ქართველი ერისგან სხვანაირი საქციელი მიუღებელი იქნებოდა. მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ცუდ რაღაცას გადაგვარჩინა. როდესაც ერის მამა, პატრიარქი მოგიწოდებს, როდესაც არის საშუალება, რომ აირიდო განსაცდელი, უნდა ისარგებლო მარტივი გამოსავლით. პირადად ვმონაწილეობდი იმ საუბრებში და ვთხოვდი, გადაენაცვლათ სხვაგან. ეს არ იყო ორგანიზებული აქცია, ხალხი შეიკრიბა და სამართალს ითხოვდა. როდესაც 100 ათასი ადამიანი შეიკრიბება, იქ შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საუბედუროდ ვეღარაფერი შეძლოს ადამიანმა. რამდენიმე ათეულ კაცს იმ მომენტში შეეძლო დაეთმო, გადასულიყო სხვაგან და საფრთხე არ შეექმნა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის."

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ასევე აღნიშნა, რომ ის რაც მოხდა, "ვიღაცას აწყობდა".

"მადლობა ღმერთს, რომ იქ მრავალი სასულიერო პირი იყო, ხოლო პოლიციას დღევანდელ საქართველოში ხალხი ისე აღარ უყურებს, როგორც - რამდენიმე თვის წინ. რომ არა პოლიცია და სასულიერო პირები, დიდი ტრაგედიის წინაშე დავდგებოდით და ამაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრებოდა, რა აზრი აქვს? ეს მხარეები ხომ საქართველოს შვილები ვართ, გინდ სხვანაირად აზროვნებდნენ და ცხოვრობდნენ, გინდ ერის ტრადიციებით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეები და დედა ეკლესიის წევრები ვართ. მე იქ ვიყავი, როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ეპისკოპოსის ჯვარი სხვა რამეა. მე მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ ვინც მიცნობს, ის მხარე მაინც გამეჩერებინა. ასევე იყვნენ მამები, რომ ვისაც იცნობდნენ, ისინი გაეჩერებინათ და მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებამაც იყოჩაღა. მათ ის ადამიანები გაარიდეს და პოლიცია და მამები ერთად ეხმარებოდნენ გასვლაში, თუმცა, მოხდა სამწუხარო შემთხვევებიც. როდესაც ამდენი ადამიანია, იქ ძნელია მარტო ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა. 

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ჟურნალისტებსაც მიმართა, მათ ვისთვისაც ’’სამშობლოს დაცვა მეათეხარისხოვანია”.

"ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ არ გრცხვენიათ, რომ კითხვები მხოლოდ იმაზეა – ვიღაცის უფლებებს იცავენ თუ არა. ვის იცავთ და რას იცავთ? ქართველმა ერმა აჩვენა, რას დაიცავს. ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, ძალიან დიდი რამ მოხდა. ჩვენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით. არავის არსად ვანიშნინებთ და ყველამ ნახა, რომ სამებაში წავედით. ნუ მივიყვანთ ხალხს იმ დონემდე, როგორც რამდენიმე თვის წინ, ყველას კარგად ახსოვს, როგორი აგრესია იყო რამდენიმე პირის მიმართ. ამან შეიძლება, ვიღაცაზე გადმოხეთქოს. თუ გვინდა ქვეყნის კეთილდღეობა, ვინც პატიებას ითხოვს, ვაპატიოთ. ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ მამაომ ხელი მოიქნია, ისიც ადამიანია და ხალხში როცა გაერია, შესაძლოა ეს მოხდა. მნიშვნელობა არ აქვს, სამოქალაქო პირი მოიქნევს ხელს, მამაო თუ სხვა კონფესიის ადამიანი. არ ვამართლებ ამას და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ, ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის ჭკუის სასწავლებლად, ქართველი კაცი უფალს არ მიატოვებს. არის რაღაც, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. ევროპა ისეთს მიგვიღებს, როგორებიც ვართ. არა მგონია, ევროპას ჩვენთვის ხელის კვრა უნდოდეს, რადგან ევროპული სივრცე ჩვენთვის ახლობელი სივრცეა, თუმცა ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს", - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა. 

მისივე თქმით, გაჩნდა იმედი, რომ აშენდება ძლიერი სახელმწიფო. 

"ეკლესია და ხელისუფლება ვალდებული ვართ, ვაკეთოთ ის, რასაც ხალხი მოითხოვს. წავიდა კომუნისტების პერიოდი, როცა გვეუბნებოდნენ როგორ უნდა გვეცხოვრა. შევარდნაძის პერიოდიც წავიდა, სააკაშვილის პერიოდიც წავიდა და ყოველივე ამაზე ყველამ ჭკუა უნდა ვისწავლოთ. მადლობა ღმერთს, გაჩნდა იმედი, რომ ყველანი ერთად შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს აშენებას, სადაც ყველანი თავისუფლები ვიქნებით. კარგად იცოდეს ყველამ, რომ თავს არავის დავაჩაგრინებთ", -აღნიშნა მეუფე იაკობმა. 

კომენტარები