მუსიკა

ჯგუფი “შინ” - არაჩვეულებრივი გამოფენა

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
0 კომენტარი

საქართვლოში ყოველთვის ცოტა ჯაზი იქმნებოდა. 70იანი წლებიდან იყო ბევრი გადამღერება, კოპირება, მაგრამ ორიგინალური მუსიკა თითქმის არ იწერებოდა. საბედნიეროდ არის იშვიათი გამონაკლისებიც, რომლებიც არამხოლოდ ორიგინალურს, არამედ ხარისხიან მუსიკას ქმნიდნენ. ასეთია ჯგუფი "შინ", რომელსაც შეიძლება იმანაც უშველა რომ საქართველოსთვის კულტურული ჩავარდნის პერიოდის დასაწყისშივე გერმანიაში გადავიდა. 20 წლის დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. შინი დღეს უმაღლესი ხარისხის ეთნო ჯაზს ქმნის და საქართველოში იშვიათი კონცერტების მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბენდია.

ახალი ალბომი "არაჩვეულებრივი გამოფენა" (ბრავო რექორდსი, 2013წ.) მუსიკალურად ყველაზე აჭრილია, თუმცა მრავალფეროვნებაზე მოსმენისას არავითარი პროტესტი არ გიჩნდება, თუ გაითვალისწინებ იმ დეტალს, რომ თავმოყრილი ნაწარმოებები შექმნილია იმ კომპოზიციების მიხედვით, რომლებმაც "შინის" წევრებზე განსაკუთრებული გავლენა იქონია. ტრეკლისტს რომ გადახედავთ, ან სათაურს თუ დახედავთ, მიხვდებით, რომ ამ ნაწარმოებებმა თქვენზეც დიდი გავლენა მოახდინეს და "შინის" ვერსიები აუცილებლად უნდა მოისმინოთ.

ფოტო: ჯგუფი შინის არქივიდან
ნუ გაგიკვირდებათ თუ ჰერიო ბიჭებოს უცბათ გოგონა იპანემადან თუ მოჰყვება, ან ვოკალი მოულოდნელად Man and the sea-ს ოდნავ ქართული აქცენტით დაამღერებს. შინი ყოველთვის უპროგნოზო და საოცრად ლამაზი ნაზავებით სავსედ წარმოგვიდგება. ალბომის პირველ ნაწილში შეიძლება ოდნავ ზედმეტად მოგეჩვენოთ სოლო გიტარის დისტროფშენით დატვირთული ხმა, თუმცა მომდევნო კომპოზიციებში ელექტრო ჟღერადობა იკარგება და ჰარმონიულად იცვლება ჩასაბერებით ან ზურაბ გაგნიძის ბასის მედიდური ბუბუნით, "შინის" ყველა ალბომს ხავერდის არშიასავით რომ გასდევს.

ძლიერ პათეტიკურ განწყობას ბადებს ვოკალის პარტია "იბერიაში", რასაც ჩემთვის საძულველი ზარის ხმა ემატება და ოდნავ არასასიამოვნოა. სამაგიეროდ გიტარისა და ფლეიტის შემოსვლას ენით აუწერელი სილაღე მოაქვს და შემდეგ ვოკალისტსაც პატიობ, თუნდაც იმას როგორ წარმოთქვამს სიტყვას "ფი-ქრე-ბი". შემდეგ პიციკატო და დრამიც გეხმარება, მერე ემატება გოგონა, იპანემა და მაინც ბედნიერი ხარ.

ერთ-ერთ ნაწარმოებში, რომელიც რეჩიტაციით მთავრდება, კარგი კომიკური მომენტი ჩნდება, რომელსაც უცხოელი მსმენელი ვერ გაიგებს და მგრძნობიარდ წარმოთქმულ გაურკვეველ რიტუალურად მჟღერ ტექსტს გულათრთოლებული შეხვდება, მე კიდევ მეცინება როცა ვისმენ: "აი ამიტომ არ გაუშრათ ჩვენს ქალებს..." და გრანდ პაუზა, მერე რა მოსდევს ფრაზას აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ უკვე ძალიან მეცინება.

ფოტო: ჯგუფი შინის არქივიდან
ბოლო ორი ნაწარმოები: "ხაჭაპური" და "ხანუმ-ჯან" არის უბრალოდ გენიალური, ძალიან ლაღი და შენი სხეულისთვის და სახისთვის შექმნილი. უსმენ, ყურებამდე იღიმი და შენი ტანი მოულოდნელად იწყებს ცეკვას. დარბაზში მოსმენისას ზუსტად ვიცი რომ "ხაჭაპურზე" ვერავინ დამიჭერს, ავდგები და ვიცეკვებ.

ის ადამიანი არის დიადი, ვინც საორკესტრო არანჟირება გააკეთა. შინის სიხარული და ორკესტრის ძალა ერთად არის ემოციის ჩანჩქერი, რომელიც პირიქით, აღმა მიდის. დიდი სიამოვნებით დაველოდები ალბომის პრეზენტაციას და კონცერტს, რომ ორკესტრი ვატო კახიძის დირიჟორობით შინთან ერთად მოვისმინო. ორკესტრს დაემატება საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ხორხე პარდო, ილიას მირზაევი, ნორმუნდ შნე, რეი კაჩინსკი. მგონი ხვდებით რამხელა ამბავთან გვაქვს საქმე.

დასაფასებელი და მისაბაძია "ბრავო რექორდსის" გმირობა, რომელიც ენთუზიაზმის ხარჯზე აკეთებს კულტურულ საქმეს. ყველამ იცით რომ მუსიკა საქართველოში არ იყიდება და ყველას ურჩევნია ინტერნეტიდან ალბომის პირატული ვერსიის გადმოწერა. 21ე საუკუნის პრაგმატულ სამყაროში ვინმე როცა რაიმეს შენარჩუნებაზე, შექმნაზე ზრუნავს და სამაგიეროს არ ელოდება, ფეხზე ადგომის და ფილარმონიის წყობილი ტაშის ღირსია.

მოკლედ, ვისაც კარგ დაკრულზე ცეკვა გინდათ, 29 მაისს მოდით "შინზე" ფილარმონიაში. ბილეთები წინასწარგანზრახულად, ერის ინტერესების გათვალისწინებით არის ძალიან, აგუტინზე ბევრად იაფი - 15-50 ლარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები