მერაბიშვილის დაკავება

ეშტონი და ფულე იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუკერძოებელი იქნება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

"ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას.ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს პროცესებს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით -  მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და თავისუფლად ჩაივლის. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ ხაზი გაუსვეს თავიანთ მოლოდინს, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება სამართლიანი, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, როგორც ამ, ისე სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს საქართველოს პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. მათი სასამართლო პროცესი დღეს, 22 მაისს გაიმართება. 

კომენტარები