სასჯელაღსრულების სამინისტრო

კიბეზე დაგორების შედეგად ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად დღეს, 23 მაისს, საავადმყოფოში გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორეში ეტაპირების დროს კიბეზე დაგორებული მსჯავრდებული ლ.კ.

"საცხოვრებელ კორპუსებში გადანაწილების შემდეგ მითითებულ მსჯავრდებულს, სავარაუდოდ მე-6 საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე ასვლის დროს დაუცურდა ფეხი და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზია ქალა-ტვინის და ქალა-სახის დახურული ტრავმა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ზუსტი დიაგნოზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტზე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი ახორციელებს გამოძიებას, რომლის შედეგებიც , უწყების ინფორმაციით, დაუყოვნებლივ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

კომენტარები