არასამთავრობო სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებს მიმართავენ

cidacso.wordpress.com

საქართველოში მოქმედი 51 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას იმ ახალი პრიორიტეტების მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს, რომელიც, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე ხელისუფლების მუშაობისთვის იქნება ეფექტური.

"დღეს აშკარაა ხელისუფლების მზადყოფნა, ჩართოს საზოგადოება პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შემუშავების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მოისმინოს ხელისუფლების გეგმები, შეაფასოს მათი ეფექტიანობა, დააყენოს ალტერნატიული წინადადებები და გააკონტროლოს ხელისუფლების შემდგომი ქმედებები. თუმცა შედარებით დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და ხელისუფლება მომავალშიც მოუსმენს სამოქალაქო საზოგადოებას. დიალოგისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად სამოქალაქო საზოგადოებამ დღესვე უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაშიც მას დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება. დონორების დახმარება სჭირდება ახალ ხელისუფლებასაც", - ნათქვამია არასამთავრობოების მიმართვაში.

ერთობლივ განცხადებაში არასამთავრობოები მათ მიერ განსაზღვრულ ახალ პრიორიტეტებს ასახელებენ. მათი აზრით არასამთავრობო სექტორის დახმარებისთვის აუცილებელია დონორებმა გადახედონ თავიანთ სტრატეგიებსა და პრიორიტეტებს და მიდგომები მაქსიმალურად მოქნილი გახადონ მათი პოლიტიკა და მიდგომები. ამ თვალსაზრისით, არასამთავრობოები თვლიან, რომ სექტორის გაძლიერებაზე დადებითად იმოქმედებს ახალი ჯგუფებისა და ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა და, ასევე, რეგიონული არასამთავრობოების დაფინანსება.

არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ აუცილებელია დონორმა ორგანიზაციებმა ახლავე დაიწყონ მსჯელობა სპეციალური (ე.წ. Endowment) ფონდის შექმნაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მომავალი მუშაობისთვის მოხდება თანხების აკუმულირება.

რაც შეეხება ხელისუფლების დახმარების კუთხით - არასამთავრობო სექტორის აზრით, უახლოეს მომავალში დონორების განსაკუთრებული ყურადღება ისეთ მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოებისთვის ექსპერტული დახმარების გაწევა, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციის მოთხოვნა, მწვავე პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაში დახმარება და სხვა.

კომენტარები