პატიმრის გარდაცვალება

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების 2 ვერსიასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო # 14 საპატიმროში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. შეგახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ პირველად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმარი ლევან კორტავა კიბეზე დაგორდა და თავის არეში მიიღო დაზიანებები. მოგვიანებით უწყებამ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტების ახალი ინტერპრეტაცია გაავრცელა. "მსჯავრდებულმა სხეულის სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით თავის არეში მიიღო დაზიანებები. პირველადი ინფორმაციით, ლ.კ.-მ დაზიანებები პატიმრებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მიიღო", - ნათქვამი იყო მეორე განცხადებაში. 

დღეს, 24 მაისს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ მის მიერვე გავრცელებულ პატიმრის გარდაცვალების 2 ვერსიასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განცხადა, სამინისტროს მხრიდან პატიმრის გარდაცვალებაზე გავრცელებული განცხადება, სადაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად კიბიდან დაგორებაა დასახელებული, დაწესებულების პატიმრებისა და ერთ-ერთი ექიმის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა. 
მეორე ვერსია კი, სადაც გარდაცვალების წინასწარ ვერსიად პატიმრებს შორის კონფლიქტია დასახელებული, კორძაიას თქმით, გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა. "გამოძიებას ჰქვია გამოძიება, უნდა გამოიძიოს ყველაფერი და მოუსმინოს ყველას ვერსიას. გამოძიების პასუხი მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ოჯახი ბრალს სოზარ სუბარს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს. ოჯახი ამტკიცებს, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ აწამა და სახალხო დამცველს თხოვნით მიმართავს, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაში დაეხმაროს.

"არავითარი კიბიდან დაგორებული და პატიმრების ნაცემი არ არის. იქაური რეჟიმის ნაწამებია. სამინისტრო და მინისტრი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. მოკლეს და ინფორმაციას მაინც ნუ იტყუებიან", - განაცხადა გარდაცვლილის მამიდამ ხათუნა კორტავამ.

ამ თემასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დეტალური ინფორმაცია მომხდარი ინციდენტისა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე, კერძოდ, რა გარემოებებში და ვისი თანდასწრებით მოხდა ინციდენტი, არის თუ არა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის/პირების მიერ და რა კითხვები დაისვა გამოძიების მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე.

კომენტარები