ვილნიუსის სამიტი

ვილნიუსის სამიტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი

0 კომენტარი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ნათელი გახდება, ჩააბარებენ თუ არა მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და სომხეთი დემოკრატიის ტესტს და მიიღებენ თუ არა 2013 წლის ნოემბერში აღნიშნულ სამიტზე ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. თუმცა ამ ქვეყნების დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა კითხვის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას.

ცოტა ხნის წინ გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და შვედეთი გამოვიდნენ ერთიანი წინადადებით, გააქტიურდეს ევროკავშირის ურთიერთობები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მოდელზე დაფუძნებულ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას. ამას გარდა, საქართველოსა და მოლდოვისათვის, ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის გააქტიურებას.

როგორც EU Observer-ი წერს, გერმანიის მხრიდან მსგავსი ინიციატივით გამოსვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს გულისხმობს, რომ გერმანიამ ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების რიგები დატოვა და რომ ანგელა მერკელი უფრო ნაკლებად უფრთხის რუსულ ინტერესთან კონფრონტაციას. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის ამ ჯგუფში ყოფნა უფრო მეტად ზრდის ინიციატივის წონას.

სახელმწიფო ამ ინიციატივის ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ევროკავშირმა ამ ექვს ქვეყანას ვილნიუსის სამიტზე უნდა მისცეს დაპირება, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში გააკეთა 2003 წელს, თესალონიკის სამიტზე.

თესალონიკის 2003 წლის დეკლარაციაში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნები შეუერთდებოდნენ  ევროკავშირს და სტაბილიზაციის და ასოცირების პროცესის მეშვეობით მოხდებოდა ბალკანეთის ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოება ევროკავშირთან. ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების სურვილი ბალკანეთის ქვეყნებმა იუგოსლავიის  დაშლის შემდეგ მკვეთრად განაცხადეს. 2005 წლიდან ბალკანეთის ქვეყნებისადმი „საგარეო პოლიტიკა“  „გაფართოების პოლიტიკით“ შეიცვალა.  დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება ევროკავშირის წევრობასთან მიმართებაში წარმატებული მაგალითია გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. სლოვენია 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია. ხორვატია  2013 წლის 1 ივლისს ოფიციალურად შეუერთდება კავშირს. მაკედონიას და მონტენეგროს კანდიდატი ქვეყნების სტატუსი აქვთ, რაც გულისხმობს, რომ მოსამზადებელი პერიოდის გასვლის შემდეგ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდება. სერბეთმა სტაბილიზაციის და ასოცირების პროცესი 2012 წელს დაამთავრა, უკანასკნელი კვირის მანძილზე კოსოვოსთან წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, სავარაუდოა, რომ სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი აქტიურ ფაზაში გადავა. მაკედონიის შემთხვევაში, ევროკავშირთან გაერთიანებას აფერხებდა სახელის შესახებ კონფლიქტი საბერძნეთთან, 2012 წელს ორმა ქვეყანამ „თანხმობის მემორანდუმი” გააფორმა, რაც საკითხის გადაჭრის გზაზე წარმატებული ნაბიჯია. რაც შეეხება მონტენეგროს სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებას, ის 2010 წლის მაისში შევიდა ძალაში, რის შემდეგაც, 2010 წლის დეკემბერში, მონტენეგრო გახდა კანდიდატი ქვეყანა. მონტენეგროს მოსახლეობის 76% ევროკავშირთან გაწევრიანების მომხრეა.

იერარქიულად, შემდეგ საფეხურზეა პოტენციური კანდიდატი ქვეყნები. მათ რიცხვში შედიან: ბოსნია-ჰერცოგევინა, ალბანეთი და კოსოვო. ბოსნია- ჰერცეგოვინას პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, მან ასოცირების შეთანხმება დაასრულა და წევრობის აპლიკაციის გაკეთებისთვის ემზადება. ალბანეთმა წევრობის განაცხადი 2009 წელს გააკეთა.  ევროკომისიის 2012 წლის რეკომენდაციით, ალბანეთს უნდა მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუმცა გაწევრიანებამდე ტირანას მოუწევს სამართლებრივი და საჯარო ადმინისტრირების რეფორმების გატარება. დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანამ, კოსოვოს გამოკლებით,  კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, ხელი მოაწერა სტაბილიზაციის და ასოცირების ხელშეკრულებას. კოსოვოს შემთხვევაში, მიუხედავად ამ უკანასკნელის მიერ გაცხადებული სურვილისა –ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მსგავსი შეთანხმების დადება ჯერ არ განიხილება. 

ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის კვალდაკვალ, ევროპის სახელმწიფოების გაერთიანების მიმართ ინტერესი იზრდებოდა. დროთა განმავლობაში, ევროკავშირი „პატივსაცემ ჯენტლმენთა ლიგას" დაემსგავსა, რომლის წევრობის მსურველებს განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება ესაჭიროებოდათ. გაერთიანების მსურველი სახელმწიფოებისთვის ევროკავშირის წევრობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს უკავშირდება, ხოლო „ევროკავშირისთვის გაფართოების პროცესი აღიქმება, როგორც ევროპის მასშტაბით პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის გავრცელების შესაძლებლობა"1.

ახალი წევრების მიღების საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 1990-იანი წლების შუაში შეიძინა. 1995 წელს ავსტრიის, ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების შემდეგ, ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადი ცამეტმა ქვეყანამ შეიტანა, მათ შორის, კვიპროსმა, მალტამ და თურქეთმა. ცამეტი ქვეყნიდან ათი 2004 წელს შეუერთდა კავშირს, ხოლო ბულგარეთი და რუმინეთი მოგვიანებით, 2007 წლისთვის გახდნენ გაერთიანების ნაწილი. თურქეთის გარდა, თორმეტივე აპლიკაცია დაკმაყოფილდა.

დღეისთვის კანდიდატი წევრების სიაში შედიან: ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი. ხორვატია 2013 წლის ივლისში შეუერთდება ევროკავშირს. პოტენციური კანდიდატების სიაში ხვდებიან ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი და კოსოვო. გარდა ამისა, ევროკავშირის პარტნიორებად მოიაზრებიან აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები: მოლდოვა, საქართველო, უკრაინა.

ევროკავშირის ხელშეკრულების მიხედვით, „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს" , თუმცა ის ამისთვის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. კონკრეტულად კი, 1993 წლის კოპენჰაგენის შეთანხმებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც, საჭიროა ქვეყანა იყოს დემოკრატიული, იცავდეს ადამიანის უფლებებს, პატივს სცემდეს კანონის უზენაესობას, გააჩნდეს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და ევროკავშირის მიერ ინიცირებული ცვლილებების კანონმდებლობაში დანერგვას ახდენდეს . ახალი წევრის მიღება კონსენსუსით ხდება, ევროკომისია წევრების მოთხოვნით ადგენს ქვეყნის შესაბამისობას კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან და ამის შემდეგ, შესაძლებელია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

დროთა განმავლობაში წევრობის კრიტერიუმებმაც ფორმა იცვალა და დღეისათვის „მოლაპარაკებები ხანგრძლივ და მოცულობით პერიოდებად იყოფა" . ევროკავშირში გაწევრიანება დღეს ბევრად უფრო გაწელილი პროცესია, ვიდრე ეს რამდენიმე დეკადის წინ იყო. გარდა ამისა, ევროზონის კრიზისის კვალდაკვალ, ბრიუსელი ნაკლებადაა დაინტერესებული ახალი წევრების მიღებით. თუმცა, წარმოდგენა, რომ გაფართოება ევროპის ეკონომიკურ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს, არასწორია. ევროპის ეკონომიკა მის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პარტნიორებთან უკვე მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ კრიზისს თუ აღმავლობას ორივე მხარისთვის თანაბარი შედეგი მოაქვს .

ეკონომიკური თანამშრომლობის მაგალითები:

 ევროპის ეკონომიკური ზონა

აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (ეთვა) მოდელზე დაფუძნებას. ეთვა-ს წევრები არიან: ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც 1960 წელს შეიქმნა იმ დროისთვის ევროგაერთიანებაში არმყოფი თუ შესვლის არმოსურნე ქვეყნების მიერ. მოგვიანებით ეთვა-ს წევრებმა დადეს შეთანხმება ევროკავშირთან ევროპის ეკონომიკურ ზონაში გაერთიანების შესახებ და ეს გაერთიანება ევროპის ერთიანი შიდა ბაზრის წევრი გახდა. მიუხედავად ეთვა-ს წევრობისა, ამ შეთანხმებას არ მიუერთდა შვეიცარია, რომელმაც ევროკავშირთან ბილატერული ხელშეკრულება არჩია. შვეიცარიის მოდელი ევროპის ეკონომიკური ზონისგან იმით განსხვავდება, რომ ის შვეიცარიას არ ავალდებულებს, ევროკავშირში მიღებული კანონმდებლობა გაითვალისწინოს და გაატაროს პრაქტიკაში. ევროკავშირსა და შვეიცარიას შორის დაიდო 120-მდე სექტორული შეთანხმება, რომელიც ვაჭრობის ყველა სფეროს მოიცავდა.

სამი განსხვავებული მოდელი

საკუთრივ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის გარდა, არსებობს ევროკავშირის სამი სავაჭრო მოდელი. მათ (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, ევროპის ეკონომიკური ზონა და საბაჟო კავშირი) ევროკავშირის სრული წევრობისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს. ევროპის ეკონომიკური ზონის მაგალითია ნორვეგიული მოდელი, რომლის შემთხვევაშიც ნორვეგია სარგებლობს ოთხი თავისუფლებით. თუმცა ოსლო ასევე ვალდებულია გაითვალისწინოს ბრიუსელის მიერ დაწესებული რეგულაციები, რომლის მიღებისას ნორვეგიას ხმის მიცემა არ შეუძლია. ამ მოდელს ხშირად „ფაქსით მართულ" სისტემას უწოდებენ, რომელიც ნორვეგიელებს ავალდებულებს გაითვალისწინონ ევროკავშირის დირექტივები. ნორვეგიელმა ხალხმა რეფერენდუმის შედეგად სამჯერ უარყო ევროკავშირის წევრობა, რის გამოც, მთავრობამ ევროკავშირთან ურთიერთობის ეს გზა აირჩია.

ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, 1992 წლიდან ამ დრომდე ქვეყანას ევროკავშირის მიერ მიღებული 5000-მდე საკანონმდებლო აქტის მიღება მოუწია. თუმცა ნორვეგიის მიერ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მიღებული დირექტივები ბრიტანეთის 1 წლის მანძილზე მიღებულ აქტებს უდრის.

ევროკავშირის წევრობაზე ასევე უარი თქვა შვეიცარიის მოსახლეობამ, რის შემდეგაც, ნორვეგიისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელმა, ეთვა-ს ბაზისზე, ორმხრივი ეკონომიკური შეთანხმება დადო ევროკავშირთან. ამ ორი ქვეყნის მოდელი, ერთი შეხედვით, მსგავსია. შვეიცარია და ნორვეგია არიან ევროკავშირის საერთო ბაზრის წევრები, თუმცა არ ერთიანდებიან ევროკომისიის, ევროპარლამენტის, საერთო აგრარულ თუ ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. თუმცა, ნორვეგიისგან განსხვავებით, შვეიცარიას არ აქვს ვალდებულება, გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ მიღებული კანონები თუ რეგულაციები. პროდუქციის შეტანისას ის უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა, იგივე მოეთხოვება, ჩინეთში პროდუქციის შეტანისასაც.

გარდა ამისა, შვეიცარიას არ აქვს ვალდებულება, იყოს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის კონტრიბუტორი. ის, ნორვეგიის მსგავსად, სარგებლობს ოთხივე თავისუფლებით, ანუ აქვს საქონლის, მომსახურების, ხალხის და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანასთან. მაგალითისთვის, 2011 წელს ერთ სულ მოსახლეზე გაანალიზებით, ევროკავშირში შვეიცარიის ექსპორტი, ბრიტანეთთან შედარებით, 5,5-ჯერ მეტია.

თურქეთი – საბაჟო კავშირი

ევროკავშირთან განსხვავებული ეკონომიკური ურთიერთობა აქვს თურქეთს. ის ევროპის საბაჟო კავშირის ნაწილია, თუმცა აგრარული პროდუქციის, მომსახურების და ფინანსების მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები მაინც ვრცელდება. მაგალითისთვის, შეზღუდვები ეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რომლის მხოლოდ ძალიან ცოტა ნაწილი გადის ევროპულ ნაწილზე. 1995 წლიდან თურქეთს საკუთარი პროდუქცია საბაჟო გადასახადების გარეშე გააქვს ევროპაში და საბაჟო კავშირის სხვა წევრების მსგავსად უწესებს ერთიან ტარიფს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს. მიუხედავად აღნიშნული სივრცის წევრობისა, თურქეთი 1983 წლიდან ცდილობს ევროკავშირის წევრობას, თუმცა დღემდე ვერ მოახერხა.

საკუთრივ ევროკავშირის წევრობა, ოთხი თავისუფლების გარანტიებთან ერთად, წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, საერთო ევროპულ ბიუჯეტში თანხები შეიტანონ. თუმცა ამასთანავე, დახმარებებს გამოყოფს ჩამორჩენილი რეგიონებისთვის. ქვანახშირით და ფოლადით დაწყებული თანამშრომლობა, დღეს, საერთო აგრარული პოლიტიკიდან მოყოლებული, საერთო საგარეო, თავდაცვის, ვაჭრობის, სამართალდაცვის და მონეტარული/ფისკალური პოლიტიკით დამთავრებული, უამრავ საკითხზე ვრცელდება.

DCFTA

თანამშრომლობის ამ სამი მოდელისგან განსხვავებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის დადებასაც საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი ელოდებიან. DCFTA გულისხმობს, რომ ქვეყნებს შორის პროდუქცია საბაჟო გადასახადის გარეშე იმოძრავებს ევროკავშირსა და ხელშეკრულების მხარე ქვეყანას შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს ეკონომიკური კუთხით კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ქვეყანაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ხელშეწყობას ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროკავშირი წევრობას არ ჰპირდება და არც რაიმე ინსტიტუტებში აერთიანებს მას. თუმცა იგი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია. 900-გვერდიანი დოკუმენტი დეტალურად აღწერს, როგორი უნდა იყოს თანამშრომლობის ჩარჩო. DCFTA-ს დადებას ბევრი პირობა სდევს თან, მათ შორის – სხვადასხვა სახის რეგულაციების შემოღება, კერძო საკუთრების დაცვა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ სვლის უწყვეტობა.

აღნიშნული შეთანხმებით DCFTA ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას, რაც უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს. ასევე, გაზრდის ექსპორტის ბაზარს და მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეს სხვადასხვა სახის პროდუქციის უფრო მეტი არჩევანი. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ:

  1. DCFTA არ გულისხმობს სრულ წვდომას ევროკავშირის ბაზარზე. მაგალითისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი შეზღუდული იქნება;
  2. ქვეყნებს არ ექნებათ წვდომა ევროკავშირის განვითარების პროგრამებზე;
  3. ქვეყანა ვერ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სარგებელთან ერთად, DCFTA-ს რისკებიც ახლავს. სავარაუდოა, რომ შეთანხმების დადებას თან მოჰყვება ფასების მატება აგრარულ სფეროში, რაც, მაგალითად, საქართველოსთვის, რომლის მოსახლეობის 1/3 სიღარიბეში ცხოვრობს, შესაძლოა კატასტროფული შედეგებით დასრულდეს. ფასების მკვეთრად მატებამ, შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობაც გამოიწვიოს. ევროპული პოლიტიკის შესწავლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საჭიროა ევროკავშირის მიერ რეგულაციების ეტაპობრივი შემოღება, რათა გართულებები თავიდან იქნას აცილებული. ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში, თანამშრომლობის მსგავსი სისტემის გაცნობა მოხდა მაშინ, როდესაც ეს ქვეყნები კომუნისტური სისტემიდან კაპიტალისტურზე გადადიოდნენ. დღეისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეს ეტაპი დასრულებულია.

ასევე, საჭიროა დამატებითი ინიციატივების შეთავაზება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორც ეს ცენტრალური ევროპის შემთხვევაში მოხდა. მათ ჰქონდათ პირობა, რომ გახდებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რაც გულისხმობდა, რომ ექნებოდათ სრული წვდომა ერთიან ბაზართან, მიიღებდნენ მნიშვნელოვან დახმარებას და ექნებოდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. დღეს DCFTA და ასოცირების ხელშეკრულების და DCFTA-ს მიმღებ ქვეყნებს ეს სარგებელი არ გააჩნიათ. ამის კარგი მაგალითია თურქეთი, რომელიც უკვე 3 დეკადაა ევროკავშირის წევრობას ელოდება. ამ კუთხით წარუმატებლობამ, შესაძლოა თურქეთის პოლიტიკის შებრუნება გამოიწვიოს და ევროპამ დაკარგოს შესაძლებლობა, მსგავსი მოთამაშე ჰყავდეს საკუთარ რიგებში.

პოლიტიკური კომპონენტი:

ასოცირების ხელშეკრულება

ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის საგარეო პარტნიორობის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. მისი დადება ხდება სტაბილიზაციის და ასოცირების პროცესისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. მას ფლობენ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სერბეთის გარდა.

საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულება ჩაანაცვლებს პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმებას (PCA), რომელიც ამ ქვეყნებთან 1990-იან წლებში დაიდო და ევროკავშირის სამეზობლოში თანამშრომლობის გაღვივებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება არ გულისხმობდა რაიმე შეღავათებს პარტნიორი ქვეყნებისთვის.

ასოცირების ხელშეკრულება ოთხი ნაწილისგან შედგება, რომელთაგანაც თითოეული თანამშრომლობის მთავარი ელემენტია. პირველია პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. მეორე – კანონმდებლობის ევროპასთან დაახლოება. მესამე შეეხება ინვესტიციების და სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას და სექტორულ თანამშრომლობას. ხოლო მეოთხე ნაწილი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა. ამასთანავე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი, რაც EaP-ის ქვეყნებისთვის სავიზო შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (EaP)

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (აზერბაიჯანის გარდა), ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებას ელოდებიან. იმისთვის, რომ ქვეყანასთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, ის უნდა აღიარებდეს და იცავდეს შემდეგ პრინციპებს: (1) კანონის უზენაესობას, (2) ადამიანის უფლებებს და (3) ჰქონდეს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა. დემოკრატიულობის დონე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკების დაწყების და დასრულების ეტაპებზე. აზერბაიჯანი და ბელარუსი ამ ქვეყნების რიცხვში ჯერჯერობით სწორედ ამის გამო ვერ ხვდებიან.

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს აქვთ შესაძლებლობა, ასოცირების ხელშეკრულება და DCFTA მიიღონ. ევროკომისიის ანგარიშებში საქართველო და მოლდოვა დემოკრატიული არჩევნებისთვის მოწონებას იმსახურებდნენ, ხოლო უკრაინის და სომხეთის პოლიტიკური სიტუაცია კითხვებს ბადებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისთვის თავისუფალი ვაჭრობის ზონის აღმოსავლეთისკენ გაფართოება ნაკლებად მოგებიანია, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. საქართველოსა და სომხეთისთვის ევროკავშირი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პორტალის მიხედვით, საქართველოს ვაჭრობის 26% ევროკავშირზე მოდის, ხოლო სომხეთისთვის ეს მონაცემები 32%-ია.

ევროკომისიის უკანასკნელი ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების ზონის ზრდისა და საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიუხედავად, შესაძლოა, დაპირისპირებულ ელიტასა და საზოგადოებაში კონფრონტაცია მოხდეს. ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების ნიშნები. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო წარმატებული მაგალითია, თუმცა პოლიტიკური კურსის ცვლილების ან არადემოკრატიული ქმედების შემთხვევაში, თბილისი ვილნიუსს ხელცარიელი დატოვებს.

საქართველოს მხარე ევროკავშირის მხრიდან ვილნიუსის სამიტისთვის გაწევრიანების დაპირებას ითხოვს. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რეფორმები წარმატებით გაატარეს, წევრობის პერსპექტივა ქვეყნის შიგნით უნდა მიიღონ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოლდოვა ყველაზე ახლოსაა ევრო acquis communautaire-სთან. ევროკავშირსა და კიშინიოვს შორის მოლაპარაკებების ექვსი რაუნდი უკვე გაიმართა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ დამთავრდება ვილნიუსის სამიტი ამ უკანასკნელისთვის. მარტის დასაწყისში მმართველი კოალიციის დაშლის შედეგად ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შევიდა და პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას კიშინიოვი ამ დრომდე ვერ ახერხებს. ევროკავშირის მცდელობის მიუხედავად, წამყვანი პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ასევე, პრობლემატურია სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის საკითხი, სადაც ევროკავშირი მოლდოვას კონფლიქტის მოგვარების გზების გამონახვისთვის „პროაქტიული ქმედებებისკენ" მოუწოდებს. ევროკავშირის ანგარიშების მიხედვით, მოლდოვის შემთხვევაში მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს, კორუფციის აღმოფხვრა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაა. სასამართლო სისტემა კომუნისტური პარტიის რვაწლიანი (2001-2009) მმართველობიდან მოყოლებული ცოტათი თუ შეიცვალა.

მოლდოვის ვაჭრობის სალდოს 40 პროცენტი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ნახევარი ევროკავშირზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მოლდოვა დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობის (დსთ), სადაც 11 ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს. ამასთანავე, იგი ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წევრია 2007 წლიდან.

სომხეთთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2010 წლიდან, ხოლო DCFTA-ს გარშემო 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამ დროისათვის ოთხი რაუნდი დასრულდა. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მოლაპარაკებების მომავალი ჯერ უცნობია. ევროკომისიის მარტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისა, მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები სომხეთში პრობლემატურია.

EaP ქვეყნებიდან, ევროკავშირისთვის უკრაინა, ზომისა და პოტენციალის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. უკრაინამ ორივე შეთანხმებას 2012 წელს მოაწერა ხელი, თუმცა იქ განვითარებული მოვლენების, კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის, იულია ტიმოშენკოს დაკავების გამო, ხელშეკრულების რატიფიცირება დღემდე არ მომხდარა. ევროკავშირი უკრაინას შერჩევით სამართალსა და პრესის თავისუფლების შეზღუდვაში სდებს ბრალს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში, იური ლუცენკოს შეწყალების შემდეგ, მოლაპარაკებების განახლებაა მოსალოდნელი. თუკი უკრაინის პოლიტიკური ელიტა გადაწყვეტს, რომ იულია ტიმოშენკოც გაათავისუფლოს, მაშინ კიევთან აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა.

უკრაინის შემთხვევაში, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანია ქვეყნის ურთიერთობები რუსეთთან. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ რამდენჯერმე განაცხადეს, უკრაინა ვერ გახდება ერთდროულად საბაჟო კავშირისა და DCFTA-ს წევრი. „ჩვენ უნდა ნათლად ვთქვათ, რომ ქვეყანა ვერ იქნება საბაჟო კავშირისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მონაწილე ერთდროულად. ეს შეუძლებელია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არსებობს პრაგმატული გზა ამ საკითხის გადასაჭრელად", – განაცხადა ხოსე მანუელ ბაროზომ თებერვალში პრესასთან საუბრისას.

რუსეთი:

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გაერთიანების წევრობა რუსეთისთვის არასდროს ყოფილა ისეთივე მნიშვნელობის, როგორც მისი სამეზობლოს NATO-ში გაწევრიანება, აღნიშნული საკითხი, შესაძლოა, ევრაზიის კავშირის შექმნის შემთხვევაში უფრო გამწვავდეს.

პოსტსაბჭოთა სივრცის ეკონომიკური ინტეგრაცია რუსეთისათვის რეგიონში გავლენის შენარჩუნების კიდევ ერთი საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ევროკავშირის ქვეყნებს ერთნაირი დამოკიდებულება არ აქვთ, მათი უმეტესობა თანხმდება, რომ მხოლოდ ერთი საბაჟო კავშირის წევრობა შეუძლიათ. თუკი პუტინის ინიციატივა, შექმნას ერთიანი ევრაზიის კავშირი, განხორციელდა, ამას უკრაინისა და სომხეთის შემთხვევაში მმართველი ელიტების მხრიდან ევროპული კურსის დათმობა შეიძლება მოჰყვეს. ეს ქვეყნები ამ დრომდე ცდილობენ ორივე მხარეს შორის ბალანსის დაცვას, თუმცა უკრაინის შემთხვევაში გაზზე დამოკიდებულება და სომხეთის შემთხვევაში ყარაბაღის საკითხი, მოსკოვმა შესაძლოა, ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

 

ევროკავშირში არსებობს სახელმწიფოთა ხუთი ძირითადი ტიპი, რომლებსაც რუსეთის მიმართ განსხვავებული შეხედულებები აქვთ:

  •  ეგრეთ წოდებული ტროას ცხენები (კვიპროსი და საბერძნეთი). ისინი ხშირად ლობირებენ რუსეთის ინტერესებს ევროკავშირის შიგნით
  •  „სტრატეგიული პარტნიორები" (საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი), რომლებსაც ორმხრივი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, რაც ევროკავშირის საერთო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს
  •  „მეგობრული პრაგმატისტები" (ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ფინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, მალტა, პორტუგალია, სლოვაკეთი და სლოვენია), რომლებსაც აქვთ კარგი ურთიერთობა, თუმცა საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს პოლიტიკურზე მაღლა აყენებენ
  •  „ცივი პრაგმატისტები" (ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, რუმინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო), რომლებიც ასევე ორიენტირებული არიან ბიზნესინტერესებზე, თუმცა სხვებზე უფრო ხისტ პოლიტიკას ატარებენ რუსეთის მიმართ
  •  „ახალი ცივი მეომრები" (ლიტვა და პოლონეთი), რომლებსაც ცივი ურთიერთობები აქვთ მოსკოვთან და ცდილობენ ევროკავშირში რუსეთთან შეთანხმებების დაბლოკვას

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები