0 კომენტარი

Tbilisi Open Air 2009 წელს Altervision Group-ის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულობით, ღია ცისქვეშ ტარდება. ის ერთ სცენაზე აერთიანებს დამწყებ და პოპულარულ ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსებს და, რაც მთავარია, ათეულ ათასობით მსმენელს. ფესტივალი წლიდან წლამდე იცვლის ჩატარების ადგილს, ფორმას, იხვეწება და ვითარდება.

Tbilisi Open Air არსებობის განმავლობაში წელს პირველად იქნება ერთდღიანი და ჩატარდება არა ტრადიციულად გაშლილ და თავისუფალ სივრცეში, პარკში ან ქალაქგარეთ, არამედ დინამო არენაზე. ფესტივალი 5 ივნისს გაიმართება და მასზე დასასწრები ბილეთების ფასი 40-დან 200 ლარამდე მერყეობს.

„ფორმატი შეიცვალა, ადგილიც შეიცვალა და, შესაბამისად, ფესტივალის ორგანიზატორებს ისეთი არტისტების ჩამოყვანის შესაძლებლობაც გაგვიჩნდა, ვისაც აქვს მოთხოვნა – სტადიონზე ჩაატაროს კონცერტი და დადგას შოუ", – აღნიშნავს ტაბულასთან საუბარში ფესტივალის მედიაკოორდინატორი ნიკა დვალიძე. მისი თქმით, Tbilisi Open Air-ს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ტექნიკური თვალსაზრისით ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
„ის, რომ წელს ფესტივალის ფორმატი რადიკალურად შეიცვალა, ჩვენი მხრიდან რისკი ნამდვილად არის, თუმცა აუცილებელია, ფესტივალი განვითარდეს. ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იქცეს ამიერკავკასიის ცენტრად და მსოფლიოს წამყვან და აქტუალურ არტისტებს უმასპინძლოს. თუ ვიმსჯელებთ მომხმარებლის რეაქციიდან, მოლოდინი საკმაოდ დიდი გვაქვს და ვფიქრობთ, გამართლდება კიდეც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრეტენზიები ბილეთის ფასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, არ ყოფილა. აქ საკმაოდ ლოიალური ფასებია, თუ მსოფლიოს სხვა მუსიკალურ ფესტივალებს შევადარებთ. არის დიდი დაინტერესება მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდანაც.

Modeselektor
გვეკონტაქტებიან როგორც ტურისტული, ასევე საინფორმაციო სააგენტოები აზერბაიჯაბიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან. რამდენიმე დღის წინ ჩინური სააგენტოდანაც მოგვივიდა მოთხოვნა აკრედიტაციებზე. შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალს დიდი პოტენციალი აქვს, გასცდეს მხოლოდ ამიერკავკასიის მასშტაბს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ წლევანდელი ივენთი წარმატებით ჩაივლის. ასე რომ, ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ", – ამბობს ნიკა დვალიძე.
წლევანდელი Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერი, არც მეტი, არც ნაკლები, გახლავთ Deep Purple, რომელიც უპირობოდ შეიძლება ჩაითვალოს ჯგუფად, ვის მოსასმენადაც დინამო არენაზე ყველაზე მეტი ხალხი შეიკრიბება. თუმცა წლევანდელი ფესტივალის მუსიკალური მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, სასურველ და საყვარელ შემსრულებელს ყველა მელომანი იპოვის.

Modeselektor – ბერლინში დაარსებული ელექტრონული დუეტი. მისი მუსიკალური სტილისტიკა საკმაოდ ფართოა და შეიცავს IDM-ის, გლიტჩის, ელექტრო ჰაუსის და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს. დღეისათვის Modeselektor თანამედროვე გერმანული ელექტრო სცენის ერთ-ერთ ყველაზე ნოვატორულ და თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება. დუეტი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ, რამდენიმე წარმატებული ალბომის გამოშვების გარდა, ბევრი საინტერესო პროექტიც განახორციელა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Siriusmo და Apparat. 2005-2011 წლებში კი ტომ იორკთანაც იმუშავეს, რომელიც Modeselektor-ს ერთ-ერთ საყვარელ ჯგუფად მოიხსენიებს.

Infected Mushroom
Tricky – ლეგენდარული ტრიპ-ჰოპ არტისტი ბრიტანეთიდან. ჟანრის ერთ-ერთი პიონერი და ყველასთვის კარგად ცნობილი ჯგუფის, Massive Attack-ის დამფუძნებელი. მისი ალბომი, Maxinquaye, Mercury Award-ის გამარჯვებული გახდა, ჟურნალმა NME კი წლის ალბომად გამოაცხადა. მის ტრეკებს – Evolution Revolution Love და Overcome, მილიონობით მსმენელი ჰყავს ინტერნეტსივრცეში.

Infected Mushroom უკვე თითქმის ერთი დეკადის განმავლობაში ფსიქოდელიკ ტრანს მუსიკის ლიდერად გვევლინება. მათ ბოლო ათწლეულში ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებისთვის სარეკორდო რაოდენობის ალბომები აქვთ გაყიდული. ყოველ წელს პროექტი სტაბილურად ხვდება Dj Magazine-ის ტოპ 20 დიჯეის სიაში. Infected Mushroom-ის ცოცხალი შოუ მსოფლიოს გარშემო უკვე რამდენიმე მილიონ ადამიანს აქვს ნანახი და წელს Tbilisi Open Air 2013-ზე მისი ხილვა ქართველ მუსიკის მოყვარულებსაც შეეძლებათ.

Black Strobe 1997 წელს შექმნილი პარიზული ელექტროქლეშ ბენდია. მისმა ტრეკმა Me and Madonna ბრიტანეთში ამ მუსიკალური ჟანრის პოპულარიზაციაში საგულისხმო როლი შეასრულა. ყურადღება მიიპყრო ჯგუფის წევრების ერთობლივმა პროექტებმა Royksopp-თან და Rammstein-თან. თუმცა მსოფლიოში და ალბათ ჩვენთანაც Black Strobe-ს ყველაზე კარგად იცნობენ ეკრანებზე 2008 წელს გამოსული გაი რიჩის მიერ გადაღებული ფილმის, RockNrolla-ს საუნდტრეკით I am a man.

Black Strobe
The Subways ლონდონური ინდი-როკ ბენდია, რომელმაც შორეულ 2005 წელს, მისი წევრების ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია – სინგლი Rock n Roll Queen, რომელსაც ქართველი მსმენელიც კარგად იცნობს, რამდენიმე კვირას ტრიალებდა ბრიტანული ჩარტების სათავეში და მოგვიანებით რამდენიმე გახმაურებული ფილმის საუნდტრეკადაც იქნა გამოყენებული. ჯგუფი მუდმივად უკრავს ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: Glastonbury, Reading Festival, Rock Am Ring /Rock in Park, Lollapalooza და 5 ივნისს Tbilisi Open Air-ის სცენიდანაც წარდგება ჩვენ წინაშე.

წინა წლებისგან განსხვავებით, დინამო არენაზე წელს მხოლოდ ერთ ქართულ ბენდს ვიხილავთ. შეიძლება ითქვას, რომ 2011 წელს თბილისში დაარსებულ ინდი-როკ ბენდს KID Jesus ძალიან გაუმართლა. ჯგუფმა პირველი კონცერტი თბილისი ივენთ ჰოლში პროექტის „აივანი სეზონი 2"-ის ფარგლებში გამართა, ხოლო 2012 წელს მუსიკალური პროექტის Altervision Tbilisi Newcomers გამარჯვებული გახდა, რამაც Kid Jesus-ს დინამო არენაზე ფესტივალს გახსნის საპატიო უფლება მიანიჭა.

Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერი, ლეგენდარული როკჯგუფი Deep Purple საქართველოში ძირითადი შემადგენლობით ჩამოდის და საათანახევრიანი პროგრამა ჩამოაქვს. 1968 წელს ინგლისში შექმნილ ბენდს ამ დროისთვის უკვე 19 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, მათ შორისაა 2013 წლის აპრილში გამოსული Now What?!, რომელმაც მოწინავე პოზიციები დაიკავა ევროპულ ჩარტებში. Deep Purple საქართველოში 2013 წლის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის და 5 ივნისს დინამო არენაზე ფესტივალს დახურავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები