17 მაისის მოვლენები

პარიზში თამარ ივერის კონცერტი გაუქმდა

თამარ ივერი
operanews.com

პარიზის ნაციონალური ოპერის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მომღერალ თამარ ივერის პირველ ივნისს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. ჯერჯერობით უცნობია კონცერტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლგბტ უფლებადამცველმა ორგანიზაცია იდენტობამ პარიზის ნაციონალური ოპერის ხელმძღვანელობას ივერის კონცერტის გაუქმების თხოვნით მიმართა. იდენტობა კონცერტის გაუქმებას ივერის მიერ 17 მაისის შემდგომ გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილის საფუძველზე ითხოვდა.

 "17 მაისის შემდეგ თამარ ივერმა გამოაქვეყნა ჰომოფობიური გამონათქვამებით სავსე წერილი. ჩვენ ვთარგმნეთ და გავუგზავნეთ პარიზის ნაციონალურ ოპერას. წერილი იდენტობისა და IGLYO-ს სახელით გაიგზავნა, სადაც მოვითხოვდით დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას. კონცერტი გაუქმდა, რაც მისასალმებელია. თუმცა რამდენად იყო ჩვენი წერილი მთავარი ფაქტორი ზუსტად არ ვიცით," განაცხადა ტაბულასთან საუბრისას "იდენტობის" წარმომადგენელმა ლევან ბერიანიძემ.

"გვჯერა, რომ ივერის განცხადებები ხელს უწყობს საქართველოში სიძულვილისა და ძალადობის გავრცელებას. მომხდარი ძალადობის და სიძულვილის გამოვლენის ფონზე, გვინდა გთხოვოთ, გადახედოთ თამარ ივერისთვის ხელოვნების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმის მიცემის შესაძლებლობას. ასეთი ღირებულებების ადამიანისთვის, რახმანინოვისა და ჩაიკოვსკის სასიყვარული ნაწარმოებების შესრულება ფრანგული საზოგადოების მოტყუება იქნება, საზოგადოებისა, რომელიც დემოკრატიისა და ჰუმანისტური მოძრაობის აკვნად ითვლება. [...] იმედი გვაქვს დაგვეხმარებით საქართველოში სიყვარულის, ტოლერანტობისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებაში", - ნათქვამი იყო წერილში.

ტაბულა ცდილობს როგორც თამარ ივერთან, ისე პარიზის ნაციონალურ ოპერასთან დაკავშირებას და კომენტარებს დღის მანძილზე მოგაწვდით. ივერის ნაცვლად კონცერტზე კაროლინა ულრიხი იმღერებს.

კომენტარები