საქართველო-რუსეთი

რუსეთი: საზღვრის მოწყობას „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო“ აწარმოებს

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე  3 ივნისს გამოქვეყნებულ ცნობაშია აღნიშნული. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბარი „სამხრეთ ისეთსა და საქართველოს საზღვარზე“ შექმნილ სიტუაციას შეეხო.  

„რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი ქართულ მხარეს უკვე დაუსვამს ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდის დროს. სამხრეთ ოსეთის მხარემ გასცა საგნობრივი პასუხი ამ დამოკიდებელი სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ზომებთან დაკავშირებით. ასევე აღინიშნა, რომ ქართულ-ოსურ საზღვარზე მოქმედი ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი  სწორედ ის ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს“,  - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიაზე დამიზნებით სიტუაციის გამწვავების და, მით უმეტეს, რუსეთის მიმართულებით „ისრების გადაწევის“  მცდელობები, არამართლზომიერია“.

განცხადების თანახმად,  კარასინმა ლეფორს განუმარტა, რომ სამხრეთ ოსეთის მხარეს არაერთხელ დაუყენებია თბილსის წინაშე საზღვრის დემარკაციის საკითხი, თუმცა ქართული მხარე სხვადასხვა საბაბით ამისგან თავს იკავებდა.

კარასინმა ლეფორთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობებს საზღვრის საკითხი კარასინი-აბაშიძის ორმხრივი შეხვედრების დღის წესრიგში შესულიყო, თუმცა, რუსი დიპლომატის განმარტებით, „ამ შეხვედრებზე განსახილველ  თემებში ასეთი საკითხები არ შედის“.  

კომენტარები